ანსამბლ "რუსთავის" დამფუძნებელი, ანზორ ერქომაიშვილი, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის კორონავირუსის დიაგნოზით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
მუსიკოსს, ფოლკლორისტს და საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს საზოგადოება ემშვიდობება და მის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ:
გიორგი კეკელიძე, მწერალი: ანზორ ერქომაიშვილი და მე უკანასკნელი ორი წელია, რაც დავმეგობრდით. თუ შეგვიძლია სიტყვა ეპოქალური უბორძიკოდ და იოლად ვახსენოთ - ეს ამ ადამიანის მოღვაწეობაა. ქართული ხალხური სიმღერა თუ არსებობს - ამ კაცის მიერაა კარდაკარ ნაგროვები. ის ამ სიმღერით სუნთქავდა, ფიქრობდა, აზროვნებდა - 80 წლის ადამიანი, მოგონებები რომ ათასისა აქვს და შეუძლია ბუხართან იჯდეს წარსულისკენ მოღიმარი, ისევ მომავალს უმზერდა და დაუცხრომელ ძიებაში გახლდათ - დღეში ორჯერ მირეკვდა და ახალ მიგნებებს მიზიარებდა.
საათობით ვიჯექით და პარიზიდან, "პატეს" არქივებში გაბნეული ქართული ჩანაწერების ჩამოტანაზე ვმსჯელობდით. ორმა ადამიანმა დამაკავშირა ქართულ ფოლკლორს ამ ძალით - პირველად ზურაბ კიკნაძემ უნივერსიტეტში და მეორედ ბატონმა ანზორმა, სულ ახლახან. ეროვნული ბიბლიოთეკის ფოლკლორის დარბაზში აუცილებლად შეიქმნება მისი კუთხე,
ჩემს ოთახში კი მთელი კარადა მელის არქივის - ახლა სწორედ მისი მონოგრაფიის წინასიტყვაობაზე ვმუშაობდი. ბევრი რამ არის სიმბოლური. ძალიან ბევრი. მათ შორის ისიც, რომ მის წასვლას ამ ქვეყნიდან, გურიაში შევხვდი. მაგრამ ეს ჩემთვისაა მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი. თვითონ უკვე ზეცაში მიიკვლევს გზას - იქ გზად ,,ჩაკრულო" შემოხვდება. შემოხვდება და წაიღიღინებს. ეს იქნება მისი სამოთხის საშვი. სხვანაირად არ გამოდის. სხვანაირად ვერც იქნება. მე ვეცდები მისი ყველა დანაბარები შევასრულო - არ ვიცი შევძლებ თუ არა, მაგრამ ის ზუსტად ვიცი - თვითონ დამეხმარება.
თამარ ივერი, ოპერის მომღერალი: ნეტავ ეს არ წამეკითხა. როგორ მეწყინა ამ ლეგენდარული კაცის ასე უცაბედი, ვერაგი კოვიდით წასვლა როგორ მიყვარდა...როგორ ვუყვარდი. უსაზღვროა ჩემი ტკივილი. ეს არის მთელი საქართველოს ტკივილი და დანაკლისი. კაცი ლეგენდა, ეროვნული ფოლკლორის მემატიანე, ფოლკლორის ბოლო მოჰიკანი, საქართველოს სახე!!! ღმერთო, დაადგი ნათელი და დაუმკვიდრე სასუფეველი. ის უკვე სამოთხეშია მისი კაცობით და საქმიანობით!! გულწრფელად ვუსამძიმრებ მის უსაყვარლეს მეუღლეს
დათო გველესიანი, კომპოზიტორი და მომღერალი: ჩვენი ანზორი აღარ გვყავს. უდიდესია ჩემი მწუხარება. 30 წელზე მეტი ურთიერთობა. აღარ ვიცი რა ვთქვა. ვუსამძიმრებ ლალის, ალდონას და მთელ საქართველოს
ზაზა შენგელია, ხმის ჩამწერი სტუდის "ბრავო რექორდსის“ ხელმძღვანელი: "ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალება უდიდესი ტკივილი და დანაკლისია მთელი საქართველოსათვის. მისი დამსახურება ქართული ფოლკლორის გადარჩენისა და შენარჩუნების საქმეში უტოლდება ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლს მენშევიკების მიერ საფრანგეთში გატანილი ქართული ეროვნული საგანძურის გადარჩენაში".
დამიანე გორდელაძე ("მარტოკაცი"), ლოტბარი: "ცოცხალმკვდარი ფოლკლორი გააცოცხლა, თავიდან გამოზარდა, ფეხზე დააყენა, მხარზე ხელი შემუარტყა და გურულათ უთხრა - აწე შენ იცი ბიძია. გაბრუნდა და გადევიდა მარადისობაში... ქართული ფოლკლორის პატრიარქი - ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა..."
რამაზ ბლუაშვილი, რეჟისორი: "ღმერთმა ნათელში გამყოფოს კარგო ადამიანო და ძალიან დიდო ქართველო"
გოჩა აბულაძე, ოპერის მომღერალი: "რამხელა ტკივილი და დანაკლისია ისეთი მოღვაწის მოულოდნელად წასვლა, როგორიც ლეგენდარული ანზორ ერქომაიშვილია! მასთან შეხვედრა და მისი სიტყვები ყოველთვის უდიდესი სტიმული იყო ჩემთვის. ღმერთმა დაგიმკვიდროთ სამუდამო სასუფეველი, დიდო გურულო და ვალმოხდილო ქართველო ადამიანო! მიყვარხართ მაესტრო!!!! ფოტო გადაღებულია 2009 წელს..."
ლაშა ღლონტი, მომღერალი: "ისტორიაში იგი უდიდეს ფიგურად დარჩება და სანამ საქართველო იარსებებს მისი სახელი ისეთი რანგის პატრიოტ ქართველებთან ერთად იბრწყინებს, როგორიც მაგალითად დიდი ექვთიმე თაყაიშვილი გახლდათ"