ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ისრაელს მოუწოდებს, საკუთარ მოქალაქეებს ნუ აშინებს ჩეჩნეთში ტერორიზმის საფრთხით. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
მისი თქმით, ტერორისტული საფრთხე აღარ არის აქტუალური.
„ისრაელის უშიშროების საბჭომ ტრადიციას არ უღალატა და კიდევ ერთხელ შეიყვანა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იმ რეგიონების ჩამონათვალში, სადაც ნარჩუნდება ტერორიზმის მაღალი საფრთხე ისრაელის მოქალაქეებისთვის.
მსურს რეკომენდაცია მივცე ისრაელის უშიშროების საბჭოს, ნუ აშინებს თავის მოქალაქეებს არარსებული ჩეჩენი ტერორისტებით. ეს ტერმინი, ისევე როგორც თავად ტერორიზმის საფრთხე ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, დიდი ხანია, აღარ არის აქტუალური. „ბოევიკები“ ჩვენ გავანადგურეთ. თქვენ დაიგვიანეთ“, - წერს კადიროვი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“.
ის ვარაუდობს, რომ ისრაელს ბოლო 20 წელია სია აღარ განუახლებია და „ის ვიღაცის დაკრულზე“ შეიქმნა.
„ვფიქრობ, რომ ისრაელი - არის ქვეყანა, რომელიც არავის მისცემს უფლებას პირობები უკარნახოს. ამიტომ, ჩემთვის გასაოცარია, რომ სუვერენული სახელმწიფო სხვის ანკესს ეგება და სრულიად არ აქცევს ყურადღებას საქმის რეალურ მდგომარეობას“, - წერს კადიროვი.
მისი თქმით, მოხარულია, რომ „ისრაელის მოქალაქეები რეალური საქმის კურსში არიან, აქტიურად ჩამოდიან რესპუბლიკაში, დაკავებული არიან ბიზნესით, ისვენებენ და მოგზაურობენ“.