ავტორი:

"სამსახურებრივ ჩათში" მეგის თანამშრომლები წერენ, რომ მას აცრამდე ანალიზები წესრიგში არ ჰქონდა..." - რა ახალი დეტალები იკვეთება ექთნის საქმეში?

"სამსახურებრივ ჩათში" მეგის თანამშრომლები წერენ, რომ მას აცრამდე ანალიზები წესრიგში არ ჰქონდა..." - რა ახალი დეტალები იკვეთება ექთნის საქმეში?

მეთერთმეტე დღეა, რაც 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა და კვლავ უცნობია რა გახდა ფატალური შემთხვევის მიზეზი. წესით, როგორც ეს თავდაპირველად ჯანდაცვის მინისტრმა დააანონსა, ახლა ცნობილი უნდა იყოს, როგორც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, ისე სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მოკვლევის შედეგები.

თუმცა, დასკვნების გამოქვეყნების თარიღმა გაურკვეველი ვადით გადაიწია. ორივე უწყება აცხადებს, რომ საქმეზე სხვადასხვა სახის კვლევები მიმდინარეობს, არცერთი მათგანი არ აკონკრეტებს, თუ როდის დასრულდება ისინი.

ახალციხელი მედდის გარდაცვალების საქმეს მხოლოდ შიდა, ქვეყნის დონეზე არ აქვს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, შეიძლება ითქვას, რომ იგი რეზონანსულია მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ადამიანის გარდაცვალება "ასტრაზენეკას" ვაქცინას დაუკავშირდა. ამ ფონზე, დაზარალებული ოჯახის ადვოკატების შეფასებით, საგამოძიებო ორგანოებს მართებთ, რომ განსაკუთრებული გამჭირვალობით მოეკიდონ საკითხს და შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირება.

ვინაიდან გარდაცვლილის მეუღლეს, მანუჩარ კობახიძეს უკვე აქვს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი, მის ადვოკატებს აქვთ უფლება, გაეცნონ საქმის მასალებს. მეტიც, კანონით მათ დოკუმენტები უნდა გადასცემოდათ კიდეც. მიუხედავად ამისა, როგორც ადვოკატები ამბობენ, საგამოძიებო უწყება უკვე ერთი კვირაა, მათ საქმის მასალებზე წვდომის უფლებას არ აძლევს.

"პროკურატურა მასალების გადმოცემაზე უარს გვეუბნება ძალიან ფორმალური მოტივით - გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. წერილობითაც კი არ გამოუგზავნიათ პასუხი, სადაც ჩამოყალიბებული იქნებოდა არგუმენტი, თუ რატომ გვეუბნებიან უარს, მაშინ როდესაც ამის უფლება კანონით გვაქვს გარანტირებული. ვაძლევთ კიდევ ორდღიან ვადას და თუ ისევ უარს გვეტყვიან, გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას, რომ გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება ყველგან, სადაც შესაძლებელია" - ეუბნება Ambebi.ge -ს ადვოკატი ნინო ამირეჯიბი.

მისი თქმით, პროკურატურის ეს გადაწყვეტილება დაცვის მხარეს ხელს უშლის "ასტრაზენეკას" ოფიციალურ წარმომადგენლობასთან ურთიერთობაშიც, რაც მისი შეფასებით, საქმის დროული და ობიექტური გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

"გვაქვს ურთიერთობა "ასტრაზენეკას" წარმომადგენლობასთან, გვსურს ისინი ჩაერთონ ამ საქმის მოკვლევაში. ითხოვენ მეგის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ დოკუმენტაციას ვაქცინაციამდე, ე.წ. ფორმა 100 -ს და სხვა დოკუმენტებს, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეში დევს. ჩვენი შთაბეჭდილებით, პროკურატურა უფრო მეტად არის დაინტერესებული, გამოიძიოს გარდაცვლილის მეუღლის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, 187-ე მუხლით, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს და რომელიც კლინიკაში მომხდარ შეხლა-შემოხლის ფაქტს უკავშირდება.

რასაც ვერ ვიტყვით მეგის გარდაცვალების საქმეზე, რადგანაც აქ ელემენტარული საგამოძიებო მოქმედებებიც არ იყო ჩატარებული, სანამ ჩვენ ეს არ მოვითხოვეთ. მაგალითად მეგის გარდაცვალებიდან მეექვსე დღეს არ იყო დაკითხული თითქმის არავინ, მათ შორის არც "იმედის" თანამშრომლები, ის პირები, ვინც მეგის ვაქცინაცია ჩაუტარა და ვინც ამ ფაქტს ესწრებოდა. გარდა ამისა, გუშინ ჩვენ მივუტანეთ პროკურატურას მეგის მობილური ტელეფონი, მათ ხომ უნდა ამოეღოთ? ჩვენ ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია გამოძიებას ოთხი მოწმის "სამსახურეობრივ ჩატში" მიმოწერის შესახებ, სადანაც არაერთი საგულისხმო დასკვნის გაკეთება შეიძლება. ეს მოწმეები "იმედის" თანამშრომლები არიან და ისინი პირად მიმოწერაში ამბობენ, რომ მეგის აცრამდე ანალიზები წესრიგში არ ჰქონდა, რის გამოც ვაქცინა არ უნდა გაკეთებოდა. ამასთან, მათი თქმით, მეგი "იმედში" გარდაიცვალა და პირველ საუნივერსისტეტო კლინიკაში გარდაცვლილი შეიყვანეს" - ამბობს ნინო ამირეჯიბი.

ადვოკატების ამ განცხადებას, თითქოს გარდაცვლილი მეგი ბაქრაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმიტომ გადაიყვანეს, რომ კლინიკა „იმედს“ პასუხისმგებლობა თავიდან არიდებოდა, მედიასთან საუბარში აბსურდი უწოდა "იმედის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარძიმაძემ.

"მტკნარ სიცრუედ" შეაფასა ეს ინფორმაცია თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმაც. იგი ფაქტს 29 მარტს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ მეგი ბაქრაძის ბიოლოგიური სიკვდილი, კლინიკაში შეყვანიდან რამდენიმე საათში დაფიქსირდა.

"მე არ ვარ ის პიროვნება, რომ თვალი დავხუჭო რამეზე. რომ ყოფილიყო გვამი, ვიტყოდი გვამს. პაციენტი შემოდის კლინიკაში. გვამი კი შემოაქვთ. "პრაქტიკულად გარდაცვლილი" მედიცინაში ასეთი რამ არ არსებობს.

არსებობს ან კლინიკური სიკვდილი, ან ბიოლოგიური სიკვდილი. ბიოლოგიური სიკვდილი კი დგება მაშინ, როდესაც გული ჩერდება. პაციენტი ჩვენს კლინიკაში შემოყვანილ იქნა კატასტროფის ბრიგადის მიერ არასტაბილური ჰემოდინამიკით, მართვითი სუნთქვით და სამბალიანი კომით, ატონია-არეფლექსიით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობა იყო და იყო შეუქცევადი, ყველაფერი გააკეთა კლინიკამ, რომ პაციენტის სიცოცხლე შენარჩუნებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი რამდენიმე საათში“.- განაცხადა ლევან რატიანმა.

კიდევ ერთი საგულისხმო გარემოება, რაც ამ დროისთვის მედდის საქმეში იკვეთება, ეხება მედდის ვაქცინაციის დროს. ადვოკატების მტკიცებით, მეგი ბაქრაძის აცრის რეალური, ზუსტი დრო და ე.წ. ფორმა 100-ში მითითებული დრო ერთამანეთს არ ემთხვევა.

ადვოკატების მიერ მოკვლეული ინფორმაციით, მეგი ბაქრაძეს ვაქცინაცია ჩაუტარდა 18 მარტს, დაახლოებით 12:12 წუთზე, ფორმა 100-ში კი ვაქცინაციის დროდ მითითებულია 12:30 საათი. ადვოკატ ნინო ამირეჯიბის თქმით, ეს ცდომილება მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა, ექთანს რეანიმაციული დახმარება გაეწია იმაზე გაცილებით გვიან, ვიდრე ეს სამედიცინო ჩანაწერებშია მითითებული.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 18 მარტს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ვაქცინაციიდან რამდენიმე წუთში, ექთანს, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის დროდ 12;15 წუთი დაასახელა.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა მედდას, წინასწარი მონაცემებით, კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“, 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ახალციხის, ისე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

"ექიმი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მეგი ბაქრაძეს "ადრენალინი" გაუკეთა, აღიარებს, რომ იცრუა და ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა" - ადვოკატი

"მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და ტროტუარზე ჩამოჯდა... უცნაურ ხმებს გამოსცემდა" - რა მოხდა კომაროვის სკოლასთან, სადაც ქალის ცხედარი ნახეს?

"ეკუთვნოდა თუ არა სისხლის შრატი მეგი ბაქრაძეს, არ წარმოადგენდა დადასტურებულ ფაქტს" - იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლის ჩვენება ბაქრაძის საქმიდან