"ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციურ დაწესებულება დატოვა.
კერვალიშვილს 4-წლიანი სასჯელი სრულად აქვს მოხდილი და ის რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებას ტოვებს.
"რა თქმა უნდა, განცდა ძალიან ბევრი მაქვს. ერთი - მაქვს სინანული, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენ გვენდო წლების განმავლობაში, დაზარალდნენ ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელიწადია მაია აქ არის და მე 4 წელი, რომ პრობლემა დასრულდეს. ახლა იმედი მოგვეცა, რომ მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება მერიასთან ერთად. ჩვენი ამოცანა ერთია - ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და შევიდეს თავის ბინაში და მიიღოს თავისი ქონება. მხოლოდ ამის მერე ვიქნებით მართლა თავისუფლები და ბედნიერები..
პროცესში ჩაერთვება მაია. მე ძალიან ბევრი წელია ჩამოშორებული ვარ პროცესიდან. 2007 წლიდან აღარ ვყოფილვარ კომპანიაში, მაგრამ ყველფერში გვერდით დავუდგები, ყველასთან ვთანამშრომლობთ, პირველ რიგში, მერიასთან მაია თანამშრომლობს, პროკურატურასთან ვთანამშრომლობთ და შესაბამისად საპროცესო გარიგებას ველოდებით“, - განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.
ცნობისთვის, რუსუდან კერვალიშვილი „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, მაია რჩეულიშვილთან ერთად დამნაშავედ არის ცნობილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ეპიზოდზე ორივე მათგანს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანის, კრწანისის და წყნეთის ობიექტებს ეხება. მაია რჩეულიშვილს სხვა ეპიზოდზე 7-წლიანი სასჯელი აქვს შეფარდებული.