„ლელო საქართველოსთვის" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც მისი პარტია გადადგამს, მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განმარტა, ნაბიჯები არა კოსმეტიკური ცვლილებებისთვის, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის უნდა იყოს.
“ერთი რამ ზუსტად ვიცი და მინდა მკაფიოდ ვთქვა, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც „ლელო“ გადადგამს, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იქნება. ისეთი გადაწყვეტილება ვერ იქნება, რომელიც ადამიანების, ამომრჩევლის 100%-ს გულს მოიგებს, მაგრამ ეს იქნება ჩვენი რწმენით ნაკარნახევი, რომელიც ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა კოსმეტიკური ცვლილებებისთვის. ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ჩვენ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ. ასევე, ჩვენი პოზიციაა, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს წარსულზე ლაპარკი. მინდა, რომ ქვეეყანამ მომავალ 9 წელიწადზე ილაპარაკოს, თუ როგორ უნდა განვვითარდეთ. ეს ქვეყანა მომავალი 9 წელიწადი ვერ განვითარდება და სულ „ოცნების, „ნაციონალური მოძრაობის“ 9-9 წლის გარჩევაში ვიქნებით, თუ დღეს ეს შანსი არ გამოვიყენეთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, ამ მოლაპარაკებების შედეგი ქვეყნის მომავალსა და ხვალინდელ დღეს ეხება.
„რაც შეეხება „ლელოს“ პოზიციას, მინდა მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, „ლელო“ აუცილებლად მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, რომ სწორია და აიღებს ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას. იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას დაემთხვევა, მაგრამ თუ დავინახავთ, რომ ფუნდამენტური განსხვავებაა სახელმწიფო ინტერესებსა და სხვა გადაწყვეტილებებს შორის, რა თქმა უნდა, „ლელო“ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა ხაზარაძემ.
როგორც "ლელოს" ლიდერმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, "პირველი დოკუმენტი, რომელმაც ბატონმა დანიელსონმა წარმოადგინა ოპოზიციის 90%-ისთვის იყო მისაღები, შემდეგ ეს დოკუმენტი გაქრა და იქცა წყლად და ჰაერად. იმედი მაქვს, რომ ბატონი დანიელსონის ხვალინდელი ვიზიტის დროს ვიხილავთ დოკუმენტს, რომელიც იქნება მისაღები არა „ლელოსთვის“ და ოპოზიციისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის".
მისივე თქმით, ამ ქვეყნის გამოსავალი და გადატვირთვა არის ვადამდელ არჩევნებში და როგორც ოპოზიცია, ასევე მედიატორი ეძებს გზებს, „როგორ მივიდნენ ვადამდელ არჩევნებამდე“.
,,შეხვედრიდან რომ გამოვედი, პირველ რიგში ბატონ დანიელსონს გადავუხადე მადლობა, რადგან დავინახეთ სერიოზული მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ, რაც არის დასაფასებელი. მე მას ძალიან მკაფიოდ ვუთხარი, რომ მჯერა ევროპელი პარტნიორების და იმის, რომ მის მიერ გაკეთებული შემოთავაზება იქნება ჩვენი ქვეყნის სწრაფი რეფორმირებისათვის და არა იმისთვის, რომ ორი მხარე შეარიგოს ერთმანეთს. ოპოზიციას უნდა ერთი რამ, რომ ვიხილოთ ისეთი შეთანხმება, რომელიც ამ ქვეყანას დააწყებინებს ახალ ცხოვრებას.
ამ ქვეყნის გამოსავალი და გადატვირთვა არის ვადამდელ არჩევნებში, ჩვენ სხვანაირად ვერ ვხედავთ იმ პერსპექტივას, რომ დავბრუნდეთ პარლამენტში და „ვითომ არაფერი არ მოხდა“. ჩვენ ვაპროტესტებთ იმ სიყალბეს, რომლითაც პირველი ნოემბრიდან დავიწყეთ პროტესტი და როგორც ჩვენ, ასევე მედიატორი ეძებს გზებს როგორ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
„ლელოს“ ლიდერი ნიკა მელიას საკითხსაც გამოეხმაურა.
,,ჩვენ ხომ ვიცით, რომ აქ 40 000 ლარის პრობლემა არ არსებობს, ქვეყნის წინაშე დგას სხვა პრობლემა, რომელსაც ჰქვია პოლიტიზირებული მართლმსაჯულება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს ადამიანებით ვაჭრობა და პოლიტიკური ვაჭრობა. თანხის გადახდის უამრავი მექანიზმი არსებობს და თავად ნიკა მელიაც მოიფიქრებდა მსგავსი რაღაცა რომ სდომებოდა. აქ არის იურიდიული ლაფსუსი, ადამიანი დაპატიმრებულია და რევერსით უნდათ გირაოზე საუბარი, რაც უბრალოდ გაუგებარი რამ არის.
ნიკა მელია უნდა იყოს გამოსული არა ფარული და ინკოგნიტო ანგარიშებიდან თანხის გადახდით, არამედ ეს უნდა გამჭვირვალე და პრეცედენტი იმისა, რომ ქვეყანაში დამთავრდეს პოლიტიზირებული მართლმსაჯულება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.