რუსული საძიებო-საცნობარო სისტემის "იანდექსის" დამატება "იანდექს-დზენმა" («Яндекс/Дзен») გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: "რა მოუვა რუსეთის სამხრეთს, თუ ვულკან იალბუზის ამოფრქვევა დაიწყება..."
გთავაზობთ პუბლიკაციას, მცირეოდენი დამატებებით:
იალბუზი (რუსულად - "ელბრუსი“, ყაბარდოულად - "ოშხომახო“, ბალყარულად - "მინგითაუ“) კავკასიონის მთათა სისტემის უმაღლეს მწვერვალს წარმოადგენს, მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში, ყაბარდო-ბალყარეთში, რუსეთისა და საქართველოს საზღვართან. მისი დასავლეთი (5642 მ) და აღმოსავლეთი (5325 მ) მწვერვალები გაყოფილია ღრმა უნაგირა უღელტეხილით. იალბუზი არა მხოლოდ ევროპის უმაღლესი მთაა (იმის მიხედვით, თუ სად გადის ევრაზიის კონტინენტზე ევროპა-აზიის გამყოფი გეოგრაფიული საზღვარი), არამედ ზოგადად რუსეთის უმაღლესი მწვერვალიც.
სტატიის სათაური ნუ გაგიკვირდებათ: იალბუზის მთა ნამდვილად ვულკანს წარმოადგენს. მკვლევარ-ვულკანოლოგების აზრით, იალბუზი სულაც არაა ჩამქრალი, ის ჯერჯერობით თვლემს: იზოტოპურ-გეოქრონოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების ერთობლიობის საფუძველზე იალბუზი დღეს პოტენციურად აქტიურ ვულკანად განიხილება. ვულკანის მძინარე (მთვლემარე) მდგომარეობა იმას ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან ის გაიღვიძებს. ასე რომ, მთავარია კითხვაზე პასუხი - როდის მოხდება გამოღვიძება და როგორი ძალა ექნება ამოფრქვევას?
ამ თვალსაზრისით სხვადასხვა ვერსიები გამოითქმება. მათგან ყველაზე ოპტიმისტურის მიხედვით, იალბუზის ამოფრქვევა მომავალ ასწლეულში მოხდება, ყველაზე პესიმისტურის თანახმად კი - უახლოეს ათწლეულში.
ამოფრქვევის ძალის შესახებაც დავა მიმდინარეობს: 2016 წელს იალბუზმა თავი ბევრს გაახსენა - იმ ხანებში მოულოდნელად მთის კალთები პლუს 21 გრადუსამდე გათბა და თანაც იმ დროს, როცა საკმაოდ ძლიერი ყინვა - მინუს 20 გრადუსი იყო. თუმცა აქვე ვიტყვით, რომ ქანების გათბობა მეტად არ გაგრძელებულა, ფერდობები ისევ გაცივდა, ანუ ვულკანის მიწისქვეშა აქტიურობა მინავლდა. კაცმა რომ თქვას, მსგავსი "გამოხტომები“ იალბუზს ადრეც ჰქონია: საქმე იმაშია, რომ პირდაპირ მთის ქვეშ, სულ რაღაც 5-7 კილომეტრს სიღრმეზე არსებობს თავისებური "ბუშტი“ თხევადი მაგმით (ე.წ. "მცირე მაგმური კამერა“), რომლის ზომა თითქმის 5 კილომეტრამდეა. მაგრამ ეს კიდევ არაფერი: "მცირე კამერის“ ქვემოთ, 45 კილომეტრის სიღრმეზე "დიდი მაგმური კამერაც“ არსებობს, რომელიც გავარვარებულ "ტბას“ შეიძლება შევადაროთ, თუმცა წყლის ნაცვლად მასში 2000 - გრადუსიანი გამდნარი ქანების მასაა. ორივე კამერა ერთმანეთთან შეერთებულია "არხით“, რომელშიც მაგმის უწყვეტი ცირკულაცია ხდება და რომელიც ერთგვარ "ყალიონს“ შეიძლება შევადაროთ.
უკანასკნელად იალბუზის "ყალიონმა“ თავი ადამიანებს 900 წლის წინ შეახსენა, 1700 წლის წინ კი მან ისე იფეთქა, რომ იქაური არე-მარე კარგად შეაზანზარა და მისი შედეგები დღემდე შესწავლის პროცესშია. მაგალითად, იალბუზის ქანების ვულკანური ფერფლი იპოვეს ასტრახანისა და ვოლგოგრადის ოლქებში, რომლებიც კავკასიის უმაღლესი მწვერვალიდან 700 კილომეტრით არიან დაშორებული.
ზოგიერთი წყაროს თანახმად, იალბუზის ვულკანის ყელიდან ამოსროლილი დიდი ლოდებიც იქვე იპოვესო, მაგრამ, ეს მონაცემები, როგორც ჩანს, სიმართლეს არ შეესაბამება - იალბუზი "სუპერვულკანი“ ნამდვილად არ არის. ამასთანავე, ყველა შემთხვევაში, თუნდაც იალბუზმა ფერფლი ამოაფრქვიოს, ეს ფერფლი 700 კმ-ის რადიუსით შეიძლება მიწაზე "დაილექოს“ (ქარის მიმართულების გათვალისწინებით). ცხადია, თუ 1700 წლის წინანდელი ამოფრქვევა განმეორდება. ამრიგად, რისკის ზონაში ხვდება რუსეთის მრავალი მსხვილი ქალაქი - კრასნოდარი, დონის როსტოვი, სტავროპოლი, კისლოვოდსკი, ჟელეზნოვოდსკი, ესენტუკი, მინვოდი, ვლადიკავკაზი, გროზნი, მახაჩყალა, სოჭი და სხვები.
რუსეთის ამ ტერიტორიაზე 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ფერფლი, რასაკვირველია, არასასიამოვნოა, მაგრამ ვულკანის ამოფრქვევას შეიძლება ამაზე ცუდი რამაც მოჰყვეს. არა, არც მიწისძვრა გვაქვს მხედველობაში და არც ლავა... უფრო უარესი (ამაზე ქვემოთ).
რატომაა ცუდი, რომ იალბუზს დიდი ხანია სძინავს?
უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ იალბუზი მღვიძარე ვულკანი ყოფილიყო და პერიოდულად ლავასაც ამოეხეთქნა ხოლმე, იმიტომ, რომ:
ა) დედამიწის შიდა ენერგია მთის ქვეშ ერთი კატასტროფული აფეთქებისათვის კი არ დაგროვდებოდა, არამედ ბევრ მცირე აფეთქებებად დანაწილდებოდა;
ბ) იალბუზს რომ ამდენ ხანს არ სძინებოდა (900 წელი ბოლო აქტიურობიდან), მის მწვერვალზე ყინულის და თოვლის უზარმაზარი "ქუდი“ არ გაჩნდებოდა.
აი, სწორედ ეს "მყინვარული ქუდი“ წარმოადგენს მთავარ საფრთხეს იალბუზისაგან, რომლის ფართობი 130 კვადრატულ კილომეტრზე მეტია და... 10 მილიარდ კუბმეტრ წყალს შეიცავს. რა მოხდება, თუ იალბუზის ყელიდან გავარვარებული ლავა ამოვა და მყინვარზე გადმოდინდება? რა თქმა უნდა, მყინვარი სწრაფ დნობას დაიწყებს... შევადაროთ: კოლუმბიაში არსებობს ვულკანი ნევადო დელ-რუისი, რომელიც ძალიან ჰგავს იალბუზს - მასაც იგივე სიმაღლე და ყინულით დაფარული მწვერვალი აქვს. 1985 წელს ნევადო დელ-რუისმა ამოფრქვევა დაიწყო და სულ რაღაც 30 წუთში მისი მწვერვალიდან კალთებზე თითქმის 100 მილიონი კუბმეტრი წყალი დაეშვა (რაც იალბუზის მარაგის მხოლოდ 1%-ს შეადგენს!). ეს ნიშნავს, რომ ყოველ წამში ნევადო დელ-რუისის ფერდობებზე და ხეობებში 50 ათას კუბმეტრი წყალი მიდიოდა. კატასტროფის სავარაუდო სცენარი იმის გასაგებად, თუ რამდენად დიდია წყლის ეს რაოდენობა, მოდით მდინარე ყუბანს შევხედოთ:
კრასნოდარის ფარგლებში ყუბანის წყლის ნაკადი წამში მხოლოდ 400 კუბმეტრია. ანუ კიდევ ერთხელ დავუკვირდეთ: ვულკანი მყინვარს ადნობს და წამში 50 ათას კუბმეტრ წყალს იძლევა, მდინარე ყუბანი კი წამში მხოლოდ 400 კუბმეტრ წყალს! ეს ნიშნავს, რომ თუ იალბუზი თავისი კოლუმბიელი მოძმის მსგავსად ერთხელ მაინც ამოიფრქვევა, მის მწვერვალიდან ფერდობებზე 125-ჯერ მეტი წყალი ჩამოდინდება... ანუ 125 მდინარე ყუბანი ერთდროულად... ახლა ისიც წარმოვიდგინოთ, რას ნიშნავს მთის ფერდობი - ესაა მილიარდი ტონა ქვა, ქვიშა, ქანები და ათასი რამ... და ეს ყველაფერი ქვემოთ საშინელი სისწრაფით მოდის. მოკლედ, წარმოიქმნება კატასტროფული ძალის მქონე ღვარცოფი, რომელსაც, წინასწარი მიახლოებითი გამოთვლით, ხუთსართულიანი სახლების ზომის ლოდების წამოღება შეუძლია! და როცა ამხელა ღვარცოფი ხეობაში ჩაეშვება, ის თავის გზაზე ყველაფერს გაანადგურებს - იალბუზის ირგვლივ მდებარე ყველა დასახლებულ პუნქტს.
ცხადია, ღვარცოფი ქვებს და ლოდებს დიდ მანძილზე ვერ წაიღებს, მაგრამ წყალი სად წავა? ის იმ მდინარეების კალაპოტში შევარდება, რომლებიც სათავეს იალბუზის ფერდობებზე იღებენ. და თუ ყუბანს ჩვეულებრივად წამში 400 კუბმეტრი წყალი მიაქვს, მას დამატებითი 10-20 ათასი კუბმეტრის მიღება მოუწევს. მდინარის კალაპოტში ნამდვილი ცუნამი წარმოიქმნება. ასეთ შემთხვევაში ვაი იმ ქალაქებს, რომლებიც ყუბანის ნაპირებზეა განლაგებულნი: ყარაჩაევსკს, ჩერკესკს, ნევინომისკს, არმავირს, კროპოტკინს, უსტ-ლაბინსკს, კრასნოდარს, თემრიუკს, სლავიანსკს... საშინელება იქნება იმის წარმოდგენა, თუ რა დაემართება ვაკეზე მდებარე კრასნოდარს, თუ ყუბანში წყლის ნაკადი წამში 20-ჯერ გაიზრდება, ის მთელ ქალაქს დატბორავს და დაანგრევს. იგივე ბედი ელოდება თერგსაც, რომელსაც იალბუზზე სათავის მქონე მდინარეები ბაქსანი და მალკა უერთდება. თუმცა სულ ცუდზე ნუ ვიფიქრებთ. შესაძლოა, იალბუზის ამოფრქვევა არასდროს აღარ მოხდება, ან თუ მოხდება, მხოლოდ შორეულ მომავალში.
იდეალური ვარიანტი იქნებოდა ვულკანის მცირე სერიებით აქტიურობა, რომლის შედეგად იალბუზი თავისი მყინვარების დიდ ნაწილს დროდადრო ნაწილობრივ დაადნობდა და თუ დიდი ამოფრქვევა მოხდებოდა, ის იმდენად საშიში აღარ იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, ბუნებას ვერაფერში დაადანაშაულებ, მას თავისი კანონზომიერება აქვს. კარგი იქნება, თუ ადამიანი ამ კანონზომიერებას დროულად მიაქცევს ყურადღებას და პერსპექტიულად საშიშ კერებს შეისწავლის... წყარო
ბუნებრივია, ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს, რა შეიძლება მოხდეს საქართველოში იალბუზის გააქტიურების შემთხვევაში, სპეციალისტების თქმით, ვულკანის გაღვიძება ტექტონიკურ პროცესებს ააქტიურებს, შესაბამისად, მიწისძვრების გახშირება საგრძნობი იქნება საქართველოშიც. ვინაიდან არცერთი მდინარე, რომელიც იალბუზის კალთებზე იღებს სათავეს, საქართველოსკენ არ აგრძელებს გზას, ღვარცოფის საფრთხე არ არსებობს, თუმცა ფერფლი აუცილებლად მოაღწევს, მისი ქართულ მწვერვალებზე დალექვა კი, დიდი ალბათობით, მყინვარების დაჩქარებულ დნობას გამოიწვევს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება ამოფრქვევის მასშტაბზე.
ქართულ საიოსტორიო წყაროთა თანახმად, ქართლის მეფე ვახტანგ I-მა (გორგასალმა) 15 წლის ასაკში გავლო დარიალის კარი და 3 წლის განმავლობაში ბრძოლით დაიმორჩილა ოსები, პაჭანიკები, ჯიქები; ხოლო ჩრდილოეთიდან შემოსვლის დროს დაიკავა აფხაზეთი, რის შემდეგაც სახელოვანი დაბრუნდა სატახტო ქალაქ მცხეთაში. ამ ლაშქრობათა გამო ხალხმა ვახტანგ მეფეს "იალბუზის გმირი“ უწოდა და ლექსიც უძღვნა: "ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, ციდამ ჩამოესმა რეკა, იალბუზზე ფეხი შედგა, დიდმა მთებმა იწყეს დრეკა“.
იყო დრო, არცთუ დიდი ხნის წინათ, როცა იალბუზი საქართველოს ტერიტორიის შემადგენლობაში შედიოდა - 1944 წლიდან, როცა საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ, II მსოფლიო ომის დროს, გერმანელ ფაშისტთა ოკუპაციის პირობებში, ჩრდილოკავკასიელი ხალხების მოქმედება ანტისახელმწიფოებრივად მიიჩნია და 1944 წლის 8 აპრილის ბრძანებულებით ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გააუქმა. სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძნებულების მეოთხე პუნქტი ასე ჩამოყალიბდა:
"ყოფილი ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ-ის ელბრუსსკისა და ნაგორნის რაიონების სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი შეუერთდეს საქართველოს სსრ-ის ზემო სვანეთის რაიონს, ამასთან დაკავშირებით, შეიცვალოს ამ უბანზე საზღვარი საქართველოს სსრ-სა და რსფსრ-ს შორის შემდეგი სახით: ელბრუსის (იალბუზის – ს.კ.) მთის ჩრდილოეთ კალთებზე მდებარე ბურუნ-ტაშის უღელტეხილიდან საზღვრის ხაზი გატარდეს აღმოსავლეთით მდინარე მალკაზე სიმაღლე 2377-მდე, შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთით მდინარე ისლამ-ჩაიზე, სიმაღლე 3242-ის ჩათვლით, ყირკიტ-აუშის უღელტეხილთან, შემდეგ ისევ სამხრეთ-აღმოსავლეთით მდინარე ყირტიკზე, დასახლება ვერხნი ბაქსანის დასავლეთით და სამხრეთით მდინარე ალირ-სუს გასწვრივ მესტიის უღელტეხილამდე“.
დასამალი არ არის, რომ საქართველოს შემადგენლობაში აღნიშნული ტერიტორიის შემოსვლის შემდეგ, იმ დროს არსებული ტრადიციების მიხედვით, ტოპონიმები შეიცვალა. სახელები გადაერქვა სოფლებს, დაბებს და სხვა გეოგრაფიულ ადგილებს - რუკაზე გაჩნდა დასახლებული პუნქტები იალბუზი (ყოფილი ელბრუსი), ბუხაიძე (ეს სახელი დაბა ვერხნი ბაქსანს ბალყარეთის მთებში, გერმანელებთან ბრძოლაში დაიღუპული ქართველი კაპიტნის მიხეილ ბუხაიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად ეწოდა). 1957 წელს აღნიშნული ტერიტორიები, ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ-ის აღდგენის შემდეგ, კვლავ მას დაუბრუნდა - რა თქმა უნდა, იალბუზის მთის ჩათვლით. ბუნებრივია, ისევ შეიცვალა ტოპონიმები - აღდგა გეოგრაფიული ადგილების ძველი დასახელებები...
მოამზადა სიმონ კილაძემ