ავტორი:

"აცრამდე რაიმე ტიპის კვლევების ჩატარების რეკომენდაცია მსოფლიოში არსად არსებობს" - რა მიზეზით შეიძლება ადამიანს უარი უთხრან აცრაზე და ვისთვის არის ვაქცინის გაკეთება უფრო საყურადღებო?

"აცრამდე რაიმე ტიპის კვლევების ჩატარების რეკომენდაცია მსოფლიოში არსად არსებობს" - რა მიზეზით შეიძლება ადამიანს უარი უთხრან აცრაზე და ვისთვის არის ვაქცინის გაკეთება უფრო საყურადღებო?

Astrazeneca-ს მიერ წარმოებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით ვაქცინაციის პროცესის დაწყების შემდეგ, 25 მარტს, თბილისში, Pfizer-ის 29 500 ვაქცინის დოზა ჩამოვიდა, შესაბამისად, ვაქცინაცია კორონავირუსზე ამჟამად უკვე ორი სხვადასხვა ვაქცინით გაგრძელდება. არის თუ არა შემთხვევები, როდესაც შეიძლება, ადამიანს ამა თუ იმ მიზეზით ვაქცინაციაზე უარი უთხრან, რა უნდა გაითვალისწინონ მათ და როგორი კატეგორიის ადამიანებისთვისაა ვაქცინის გაკეთება უფრო საყურადღებო? ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ესაუბრება.

- ვაქცინაციის აბსოლუტური უკუჩვენება მხოლოდ კოვიდის ვაქცინის პირველ დოზაზე მძიმე რეაქცია, გვერდითი მოვლენაა - დანარჩენი აბსოლუტური უკუჩვენება ფაქტობრივად, არ არსებობს. როგორც ვიცით, ვაქცინის გაკეთებამდე შესავსები კითხვარები არსებობს, სადაც გარკვეული შეკითხვებია ჩამოთვლილი და ასაცრელ პირს თუ რაიმე საყურადღებო აქვს, იქ ექიმმა ინდივიდუალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუ რა სიფრთხილის ზომები გამოიჩინოს, რას შეიძლება ელოდოს და ა.შ. მაგრამ რომელიმე ისეთი დაავადება, რომლის გამოც ვინმეს ვაქცინაზე უარი ეთქვას, არ არის, გარდა იმისა, თუ მაგალითად, ანამნეზში ადამიანს პირველ დოზაზე მძიმე რეაქცია დაუფიქსირდა.

- პირველ რიგში, რომელი ალერგიებია საფრთხე ვაქცინაციისთვის და რომელი არა?

- დავიწყოთ იქიდან, რომ თეორიულად, ვაქცინაზე და ნებისმიერ მედიკამენტსა თუ პროდუქტზე მძიმე ალერგიული რეაქცია შეიძლება, ცხოვრებაში პირველად ისეთ ადამიანს განუვითარდეს, რომელსაც მანამდე არაფერი მსგავსი არ ჰქონია. ანუ, აუცილებელი არ არის, რომ ალერგიის ისტორია ჰქონდეს, შეიძლება, პირველი ეპიზოდი იყოს - ეს ბოლომდე გამორიცხული არ არის, ამიტომ, ასეთ დროს თეორიული რისკები უნდა იქნას დაშვებული. ზოგადად, რა თქმა უნდა, ვისაც რომელიმე მედიკამენტზე ან პროდუქტსა თუ ვაქცინაზე ანაფილაქსიური რეაქცია ჰქონია, თავისთავად ცხადია, მოიაზრება, როგორც უფრო მაღალი რისკის მქონე. თუმცა კონკრეტულად, თუნდაც გრიპის ვაქცინის დროს ვეკითხებით მაგალითად კვერცხზე ალერგიის შესახებ, რადგან იქ ეს პროდუქტი ტექნოლოგიურად გამოიყენება და შესაბამისად, სწორედ კვერცხზე ალერგიის შემთხვევაში გარკვეული სიფრთხილეა საჭირო. ძალიან დაკონკრეტებულად, რომ რომელიმე კონკრეტულ პროდუქტზე ან მედიკამენტზე, რომელიმე ალერგიის ტიპის შემთხვევაში რაიმე განსაკუთრებული, სხვანაირი ღონისძიებები ტარდება, ასე არ არის - თუნდაც იმის გამო, რომ ყველამ ვიცით, ვაქცინებზე ჯერჯერობით მაინცდამაინც დიდი გამოცდილება არ დაგროვილა. შესაბამისად, ასეთი ვიწრო კვლევები სხვადასხვა ქვეტიპის დიაგნოზის მქონე პაციენტებზე მაინცდამაინც არ გვაქვს.

- რაც შეეხება გარკვეული მედიკამენტებით მკურნალობას, მაგალითად, ჰორმონალურ პრეპარატებს?

- დავიწყოთ იქიდან, რომ მათ, ვინც ისეთ პრეპარატებს იღებენ, რომელიც იმუნიტეტს აქვეითებს, ზოგადად, ვაქცინები უფრო მეტად სჭირდებათ ხოლმე, რადგან კორონავირუსი იქნება თუ სხვა რომელიმე ინფექცია, მათთვის ბევრად მძიმე იქნება და ზოგჯერ, ძალიან გართულებულიც. შესაბამისად, ამ ტიპის ადამიანებს, ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო რაიმე ტიპის იმუნოდეფიციტი აქვთ, უფრო მეტად სჭირდებათ ვაქცინაცია. თუ რაღაც კონკრეტულ მკურნალობაზე ვლაპარაკობთ, პირობითად, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებსა ან სხვა პრეპარატებზე, მათგან ზოგიერთი შეიძლება, ისედაც ზრდიდეს თრომბოემბოლიის რისკს. ვინაიდან მსოფლიოში, ასეთ ერთეულ შემთხვევებში ვაქცინაზე გართულებაზე თრომბოემბოლიაა აღწერილი, ამ კუთხით შეიძლება, ეს ასაცრელი პირი მეტად საყურადღება იყოს, ვიდრე სხვა. მაგრამ ამის გამო მას ვაქცინაზე უარი არ ეთქმევა, უბრალოდ, ასაცრელ კაბინეტში სპეციალისტმა უნდა იცოდეს, რა რისკები აქვს ამ პაციენტს, შესაბამისად, რას შეიძლება მოელოდონ და მას თუ დახმარება დასჭირდა, რა მიმართულება აირჩიონ.

- როგორც ვიცი, სხვა აცრების დროს ქალებს ეუბნებიან, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაორსულება სასურველი არ არის - რა ხდება კოვიდვაქცინის შემთხვევაში ამ კუთხით?

- ისეთი ვაქცინები, რომელთა შემთხვევაშიც ჯობს, რომ აცრიდან გარკვეული პერიოდი გავიდეს, მხოლოდ ცოცხალი ვაქცინებია, მაგალითად, წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინაზე. სხვა ბევრ ვაქცინაზე ორსულებთან დაკავშირებით ასეთი შეზღუდვები არაა, მეტიც, მაგალითად, ბ ჰეპატიტის და გრიპის ვაქცინა თვითონ ორსულობის პერიოდშიც შეიძლება გაკეთდეს. ასე რომ, ესეც ვაქცინების მიხედვით ინდივიდუალურია. სამწუხაროდ, ხშირი შეცდომაა ხოლმე, რომ რადგან ორსულია, აღარ ფიქრობენ, რომელი ვაქცინა შეიძლება და რომელი არა და ეუბნებიან, რომ არაფერზე აიცრას, არადა, მაგალითად, გრიპის ვაქცინა ორსულს ყველაზე მეტად სჭირდება. კოვიდს რაც შეეხება, ორსულების ვაქცინაციაზე ჯერჯერობით საკმარისი კვლევები არ არის და ამიტომ, ისინი ჯერჯერობით, სანამ უფრო მეტი ინფორმაცია არ გვექნება, ასაცრელ კონტიგენტად არ განიხილებიან.

იგივეა ბავშვებზეც - არასაკმარისი კვლევები გვაქვს. ზოგადად, ახალ ვაქცინასთან დაკავშირებით ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული, ამიტომ სპეციფიკურ ქვეჯგუფებად დაყოფილი კვლევები არ გვაქვს - ან ასაკობრივ ჯგუფზე, ან სხვადასხვა დაავადების ქვეჯგუფებზე და ა.შ. ასეთი სპეციფიკური პოპულაციაა ბავშვებიც და ორსულებიც, რომლებზეც თუ ცალკე სპეციალური კვლევა არ ჩატარდა, მაშინ ითვლება, რომ ჯერ არ არის საკმარისი მონაცემები და ამიტომ, ნებისმიერი პრეპარატის თუ ვაქცინის შემთხვევაში უფრო თავს იკავებენ. ასეა ახლაც - უნდა დაგროვდეს კვლევების შედეგები, საკმარისი ინფორმაცია, რომ მერე ითქვას, შეიძლება თუ არა.

- რაც შეეხება ალკოჰოლის მიღებას?

- კონკრეტულად კოვიდის ვაქცინასთან დაკავშირებით არც ამაზეა კვლევები, რომ ზუსტად ვისაუბროთ, თუ რა როლს ასრულებს ესა თუ ის ფაქტორი კოვიდის ვაქცინასთან დაკავშირებით, მაგალითად, რა როლს თამაშობს ალკოჰოლი ვაქცინის ეფექტიანობაზე. ზოგადად, როდესაც ალკოჰოლზეა ლაპარაკი, ყველაზე ხშირად პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ვაქცინის ეფექტიანობა არ დაქვეითდეს. ალკოჰოლთან დაკავშირებით ზოგადი ტიპის რეკომენდაციაა, რომ ჯობს, ვაქცინის გაკეთების დღეს და კიდევ უკეთესი იქნება, თუ შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში, ადამიანი ალკოჰოლის მოხმარებისგან თავს შეიკავებს.

- რა უკუჩვენებები და მსუბუქი რეაქციებია ყველაზე გავრცელებული, რომლისაც არ უნდა ეშინოდეთ იმ ადამიანებს, ვინც კოვიდის ვაქცინას გაიკეთებენ?

- ზოგადად, ნებისმიერი ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარკვეული მსუბუქი რეაქციებია შესაძლებელი, სამწუხაროდ, ძალიან იშვიათად მძიმე, თუმცა ყველაზე ხშირად მსუბუქი რეაქციები გვაქვს, როგორიცაა ტემპერატურის მომატება, ადგილობრივად ნანემსარის ადგილზე ტკივილი, შეიძლება, მცირედ მოძრაობის შეზღუდვა. ამ დროს ადამიანს თავისუფლად შეუძლია, გამოიყენოს სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, შეზღუდვა არ არსებობს. ორ-სამ დღეში, როგორც წესი, ეს რეაქციები გადის ხოლმე. მაგალითად, ბავშვთა ასაკში გასაკეთებელი ვაქცინებიდან ზოგზე ამ ტიპის ადგილობრივი რეაქციები კიდევ უფრო მომატებულია ხოლმე.

- თავის დაზღვევის მიზნით, კოვიდის ვაქცინის გაკეთებამდე რა ანალიზების გაკეთებას ურჩევდით ადამიანებს და რა რეკომენდაციას მისცემდით მათ, რომ არაფერი გამორჩეთ?

- ისეთი მოწოდება, ოფიციალური რეკომენდაცია არ არსებობს, რომ აცრის წინ რაიმე ტიპის გამოკვლევები უნდა ჩატარდეს. თუ პაციენტს რაიმე კონკრეტული დაავადება აქვს, შეუძლია, თავის მკურნალ ექიმთან გაიაროს მოკლე კონსულტაცია და გაიგოს, თუ ექიმი რამეს დამატებითად ჩათვლის საჭიროდ. ასე ტოტალურად, საყოველთაოდ ვაქცინამდე რაიმე ტიპის გამოკვლევების რეკომენდაცია მსოფლიოში არსად არსებობს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?

"პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა მედიის წარმომადგენლებს ქვები დაუშინეს - დაშავდა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ოპერატორი

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს