ავტორი:

გერმანიაში მთის ფერდობი ჩამოიქცა,  გადაკეტილია რკინიგზა და ავტოტრასა - რას აკეთებს ხელისუფლება სტიქიური უბედურების შედეგების აღმოსაფხვრელად

გერმანიაში მთის ფერდობი ჩამოიქცა,  გადაკეტილია რკინიგზა და ავტოტრასა - რას აკეთებს ხელისუფლება სტიქიური უბედურების შედეგების აღმოსაფხვრელად

როგორც ცნობილია, თბილისში გერმანელი გეოლოგები იმყოფებიან ვაშლიჯვრის ფერდობზე დაწყებული იმ მეწყრული პროცესის შესასწავლად, რომელმაც 16 მარტს აშკარად შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო, ამიტომ დედაქალაქის მერიამ მშენებარე გზა ჩაკეტა და სამუშაოები შეაჩერა. საინტერესოა, თითქმის იმავე დროს თვით გერმანიაში მოხდა მსგავსი შემთხვევა - 15 მარტს, ორშაბათს, მდინარე რეინის ნაპირზე, ცნობილ ლორელაის კლდესთან ახლოს, სანკტ-გოარსჰაუზენის რაიონში, მთის ფერდობის დიდი ნაწილი დაიძრა და ჩამოიშალა.

რას აკეთებს ხელისუფლება სტიქიური უბედურების შედეგების აღმოსაფხვრელად - რადიო "დოიჩე ველეს“ («Deutsche Welle») რეპორტაჟი:

"გერმანიაში ამ კვირაში გრძელდება ავარიული და აღდგენითი სამუშაოები მთის ქანების ჩამოწოლის ადგილზე, რომელმაც მდინარე რეინის ნაპირზე გამავალი რკინიგზის ხაზი დაფარა. საბედნიეროდ, არავინ არ დაშავებულა, მაგრამ რადგანაც იქვე ახლოს საავტომობილო ტრასა და ველოტრეკიც გადის, მათზე მოძრაობა გადაიკეტა.

  • რკინიგზის მნიშვნელობა

აღსანიშნავია, რომ რკინიგზა, რომელიც მთის ჩამოშლილი ფერდობის ქანებმა დაფარა, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური გადაზიდვების მქონე მარშრუტს წარმოადგენს. თითქმის 1300-კილომეტრიანი რკინიგზა ერთმანეთთან აკავშირებს ხმელთაშუა და ჩრდილოეთი ზღვების სანავსადგურო ქალაქებს როტერდამს - ნიდერლანდებში და გენუას - იტალიაში. ამჟამად მატარებლები რკინიგზის დაზიანებული მონაკვეთის გვერდაქცევით მოძრაობენ, რეინის მეორე ნაპირზე. რაც შეეხება საავტომობილო გზატკეცილს, მძღოლებს რეკომენდაცია მიეცათ ძველი გზით ესარგებლათ, მთის შემოვლით.

  • სპეციალისტთა გამოკვლევის შემდეგ...

ფერდობის ჩამოქცევის პირველ დღეებში სპეციალისტებმა გამოიკვლიეს ჩამონაშლის ადგილი, რათა საგანგებო შემთხვევის მიზეზები დაედგინათ, ასევე ეპოვათ ახალი ნაპრალები და არასტაბილური ადგილები. როცა გამოკვლევა დასრულდა, შაბათსა და კვირას (20-21 მარტს) ფერდობზე ასაფეთქებელი სამუშაოები განხორციელდა, არასტაბილური უბნების ხელოვნური ჩამოშლის გამოწვევის მიზნით.

ჯერჯერობით რეინის მარჯვენა ნაპირზე სარკინიგზო და საავტომობილო მოძრაობის აღდგენის ვადები არ გამოცხადებულა.

რით არის ცნობილი რეინის შუაწელი

რადგანაც რეინის შუაწელის ხეობა ძალიან მდიდარია ძველი ციხე-დარბაზებით და უძველესი ისტორიული ძეგლების ნაშთებით, ამიტომ ეს რაიონი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. სანკტ-გოარსჰაუზენის ახლოს მდებარეობს ცნობილი კლდე, სადაც შორეულ წარსულში, ლეგენდის თანახმად, ნიმფა ლორელაი იჯდა ხოლმე. იგი თავის გრძელ თმებს ოქროს სავარცხლით ივარცხნიდა და მეთევზეებს სიმღერით კლდესთან იზიდავდა დასაღუპად...

წყარო

ავტორი: სიმონ კილაძე

მთიან ყარაბაღში "დაკარგული" ეკლესიის საიდუმლო - სად გაქრა ტაძარი, რომლის თავზეც აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ტერიტორიების დაბრუნებას ზეიმობდა

ვაქცინამ სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ 76%-იანი, მძიმე დაავადების მიმართ კი 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა - უახლესი კვლევა  "ასტრაზენეკას" შესახებ

"ეს შეცდომა იყო...პატიებას ვთხოვ მოქალაქეებს" - ანგელა მერკელმა სააღდგომოდ მკაცრი "ლოქდაუნის" შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა