27 წლის ექთნის ოჯახის ადვოკატის ვახო ბარამაშვილის განცხადებით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, შესაძლოა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. თუმცა, როგორც ადვოკატი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, მნიშვნელოვანია, თუ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთება. ბარამაშვილი მიიჩნევს, რომ ვინმეზე "ხელის შეწმენდა" არ უნდა მოხდეს.
ადვოკატის თქმით, ოჯახს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსს სავარაუდოდ, დღეს მიანიჭებენ, რის შემდეგაც მათ საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა ექნება.
"ოჯახის ინტერესია, გაირკვეს სიმართლე, თუ რატომ გარდაიცვალა მეგი ბაქრაძე. სიმართლის დასადგენად პირველ რიგში, ინფორმაციის მოგროვება გვჭირდება, ინფორმაცია გროვდება სამედიცინო დაწესებულებებიდან, რომელთანაც მეგის შეხება ჰქონდა, სამედიცინო ისტორიები გვჭირდება. გამოძიება დაწყებულია, რომლის ფარგლებშიც დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მოგვენიჭება, რადგან თავად დაზარალებული გარდაცვლილია. საკმაოდ ოპერატიულად გვანიჭებენ აღნიშნულ სტატუსს, როგორც დაგვპირდნენ, ეს სტატუსი დღეს გვექნება. როგორც კი დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მოგვენიჭება, ხელ-ფეხი გაგვეხსნება, რომ მეტი ინფორმაცია მივიღოთ, საგამოძიებო მასალები დავათვალიეროთ“, - აცხადებს ბარამაშვილი.
მისი განმარტებით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა რაც შეიძლება მალე უნდა გამზადდეს, რადგან ბაქრაძის გარდაცვალება ყველა იმ ადამიანს ეხება, ვინც იმუნიზაციითაა დაინტერესებული.
"ზოგადად, ექსპერტიზის დასკვნას დიდი ხანი სჭირდება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, ვიმედოვნებთ, ოპერატიულობას გამოიჩენენ და რაც შეიძლება სწრაფად გამზადდება დასკვნა იმისთვის, რომ იდენტიფიცრება მოხდეს, თუ რაში იყო პრობლემა. ეს საკითხი მხოლოდ მეგის ოჯახს არ ეხება, ეს ეხება მთელ საქართველოს, ყველა ადამიანს, ვინც იმუნიზაციით არის დაინტერესებული. ამ წუთას, ღიაა ფანჯარა ინტერპრეტაციისთვის, ამის ღიად დიდი ხანი დატოვება ლოგიკური არ არის.
გამოძიებამ ექსპერტიზას კითხვები დაუსვა, ასევე, ჩვენც დავამატეთ რამდენიმე კითხვა. სიკვდილის გამომწვევი მიზეზის რამდენიმე ვერსია ინტერპრეტირდება და რამდენიმე ვერსიას ასახელებენ, სიკვდილის გამომწვევ მიზეზზე საუბარი ალბათ, საბოლოო ჯამში, დასკვნით იქნება შესაძლებელი.
ოჯახის წევრებს სიმართლე აინტერესებთ, უნდათ გაგიგონ, რატომ გარდაიცვალა მეგი, რაღაც ეჭვები არსებობს, რაღაც ინფორმაციები აქვთ, ოჯახის წევრებმა გააჟღერეს, თუ რა პრობლემებს წააწყდნენ ამ პროცესში, დაუდევრობაზე, უყურადღებობაზე აქვთ პრეტენზიები... ვიღაცის პასუხისმგებლობა სავარაუდოდ, დადგება, ვისი - ეს არის მნიშვნელოვანი. ისე არ უნდა მოხდეს, რომ ვიღაცას შეეწმინდოს ხელი“, - აცხადებს ბარამაშვილი.
მისივე თქმით, სრული სურათი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შეიქმნება და სწორედ, ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს.
ცნობისთვის, 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.