"საქართველომ ევროპის გაწვდენილი ხელი არ მიიღო, პრემიერს და მის გუნდს მოლაპარაკებების წარუმატებლობაში პასუხისმგებლობა ეკისრებათ" - ევროპარლამენტარი
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის გუნდს, ამ მოლაპარაკებების წარუმატებლობაში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. ხელი, რომელიც ევროპამ საქართველოს გაუწოდა, ქვეყანამ არ მიიღო”,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის ბლოკის წევრმა ლიეტუვიდან და ამ ქვეყნის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა რასა იუკნევიჩიანესმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.
მან საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ევროკავშირის მედიაციით წარმართული მოლაპარაკებების დასკვნითი ეტაპი შეაფასა და აღნიშნა, რომ ის იმედგაცრუებული დარჩა.
"ნამდვილად ველოდი, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული პოლიტიკური ელიტა გამოიყენებდა ამ შანსს, როცა ძალიან მაღალი დონის ევროპელი ლიდერების ჩართულობით, ამგვარი მოლაპარაკებები დაიწყო. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მედიაციის პროცესი ევროპის მხრიდან, რაც იმას ნიშნავს, პირველ რიგში, რომ საქართველო მარტო არ არის. ის ბევრს ნიშნავს ევროპისთვის, ევროკავშირისთვის და ჩემი ჩათვლით, მას ევროპის კონტინენტზე მნიშვნელოვან ქვეყნად განვიხილავთ. ეს არის სახელმწიფო, რომელსაც დღემდე მოვიაზრებდით, როგორც ლიდერს რეგიონში დემოკრატიული რეფორმების და ევროპასთან პარტნიორობის კუთხით.
მაგრამ, ხუთშაბათის შემდეგ, მე იმედგაცრუებული დავრჩი. მაქვს ბევრი წუხილი და შეშფოთების მიზეზი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. არ ვიცი, რა მოხდება ახლა, მაგრამ მსგავს შემთხვევებში, მოლაპარაკების პროცესის შედეგზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას, მთავრობას ეკისრება, რამეთუ მას გააჩნია ყველა რესურსი. ის აკონტროლებს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გავლენა აქვს პრეზიდენტის ინსტიტუტზე. ვიტყოდი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის გუნდს, ამ მოლაპარაკებების წარუმატებლობაში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. ხელი, რომელიც ევროპამ საქართველოს გაუწოდა, ქვეყანამ არ მიიღო“,-აცხადებს ევროპარლამენტარი.
ჟურნალისტის კითხვაზე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ოლიგარქიულ გავლენებსა და [ქვეყნის] მიტაცების რისკებზე საუბრობს საქართველოში. თქვენი აზრით, რა გამოხატულება აქვს ამ ფაქტორს, რეალურად, ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ფიგურის არსებობა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ევროპულ გაგებას.
„დემოკრატია ჩვენ გვესმის, როგორც სახელმწიფოს ისე მოწყობა, სადაც მაგალითად, ოპოზიცია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, იქნება ეს დღევანდელი ოპოზიცია თუ “ქართული ოცნების” ოპოზიცია მომავალში და არჩევნების მოგება სულაც არ ნიშნავს ყველაფრის შენს სასარგებლოდ მართვას. ოპოზიციას დიდი როლი ეკისრება დემოკრატიაში, ამიტომაც არის ასეთი ტერმინი დიდ ბრიტანეთში: "მისი უდიდებულესობა დედოფლის ოპოზიცია", ან "მისი უდიდებულესობა დედოფლის მთავრობა." გაგება ასეთია: ორივე ძალა ან თუ გნებავთ ფრთა, ძალიან მნიშვნელოვანია. როცა არჩევნებს იგებ, შემდეგ აკეთებ ყველაფერს, რათა ოპოზიცია ჩართო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და აღჭურვო ის შესატყვისი ინსტრუმენტებით ქვეყნის ეფექტურობის მიზნით“,-აცხადებს ევროპარლამენტარი.