ავტორი:

"მან კარგად იცოდა, რომ ეს გზა გასავლელი ჰქონდა..." - რას წერს სალომე ზურაბიშვილი გარდაცვლილ ექთანზე

"მან კარგად იცოდა, რომ ეს გზა გასავლელი ჰქონდა..." - რას წერს სალომე ზურაბიშვილი გარდაცვლილ ექთანზე

საქართველოს პრეზიდენტი 27 წლის ექთნის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. აღნიშნულთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი პოსტს "ფეისბუქზე" აქვეყნებს.

"მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა წუხილი და სამძიმარი გამოვუცხადო მეგი ბაქრაძის ოჯახს. ვიზიარებ ამ უსამართლო და უდროო გარდაცვალებისგან გამოწვეულ დიდ მწუხარებას.

ძალიან უსამართლოა, როცა სიკვდილი გვართმევს ახალგაზრდა ქალს, ექთანს, რომელიც მედგრად აწარმოებდა შეუპოვარ ბრძოლას პანდემიასთან, გვართმევს სწორედ იმ დროს, როცა ვაქცინასთან ერთად ახალი იმედი გაჩნდა. მან კარგად იცოდა, რომ ვაქცინის გარეშე, ჩვენთან არსებულ 3 683 მსხვერპლს, პანდემიის საბოლოო დამარცხებამდე, კიდევ ბევრი დაემატებოდა.

მან კარგად იცოდა, რომ ეს გზა გასავლელი ჰქონდა და ეს სიტყვებიც დაგვიტოვა: „ვაქცინაცია აუცილებელია, რომ გადავიტანოთ ეს ვირუსი და გადავრჩეთ“. თვითონ გადაწყვიტა მაგალითის მიცემა, წინა ხაზზე გამოსვლა და ის ამ ბრძოლის გმირად დარჩება. მისი მაგალითი მეტი სიფრთხილისკენ მიგვითითებს, კიდევ უფრო მეტი ზომების დაცვისკენ და არა უკან დახევისკენ" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი ასევე სამძიმარს გამოთქვამს მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სიმბოლოს, დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო.

"ამ სამძიმარში მინდა გავაერთიანო ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიის მხარეს გარდაცვლილი, ბატონი დათა ვანიშვილი. ისიც იყო ჩვენთვის, ყველასთვის შეუგუებლობის და შეუპოვარი ბრძოლის მაგალითი. ის თავისი მაგალითით გვაჩვენებდა, რომ ყველა ადამიანს საკუთარი ღირსებით შეუძლია გაუმკლავდეს ყველაზე ძლიერ მტერს და არ დამარცხდეს.გარდაიცვალა, თუმცა დაუმარცხებელი, ის საბოლოოდ მიებარება ჩვენს მიწას, საიდანაც ოკუპაციამაც ვერ გააძევა. გვაჩვენებდა, რომ იმედი ყოველთვის ცოცხლობს.მან საქართველოს მოქალაქეობა არაფერში გაცვალა.

მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და ყველა ქართველს, ვისაც ხვალინდელი გაერთიანების სჯერა.ასეთ ადამიანებზე იდგა და დგას ჩვენი ქვეყანა. ამ ადამიანების გამო და მათი მაგალითის გათვალისწინებით, უნდა შევძლოთ და მივაღწიოთ იმ პოლიტიკურ შერიგებას და ქვეყნის დაწყნარებას, რასაც ჩვენი საზოგადოება მოელის და იმსახურებს!" - წერს პრეზიდენტი "ფეისბუქზე".

ცნობისთვის, კომაში ჩავარდნილი ექთანი, მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა.

27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა. გუშინ ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ambebi.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.

როგორი იქნებოდა სამყარო ვაქცინების გარეშე?

ამ დროისთვის ჯანდაცვის სფეროს 3803 თანამშრომელი აიცრა - ვაქცინაციის განახლებული მონაცემები

ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მეწყრული პროცესების შესასწავლად გერმანელი გეოინჟინრები თბილისში ჩამოვიდნენ