მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სიმბოლო, დათა ვანიშვილი, ჟურნალისტებისა და ახლობლებისთვის დათა პაპა, გარდაიცვალა. ბოლო დროს, 88 წლის დათა ვანიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების და სამედიცინო სერვისებზე წვდომის უფლებას არ აძლევდნენ, რაზეც დავით ვანიშვილი მედიასა და მავთულხლართებთან მყოფ ევროპელ დიპლომატებთან მუდმივად ლაპარაკობდა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ დაწყებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის მიმდინარეობისას, დავით ვანიშვილის საცხოვრებელი სახლი მავთულხლართებს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ვანიშვილმა უარი თქვა სახლის დატოვებაზე და მოხუც მეუღლესთან და შვილიშვილთნ ერთად, 12 წლის განმავლობაში გამყოფი ხაზის მიღმა ცხოვრობდა... გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, დათა ვანიშვილს ოკუპირებულ ტერიტორიაზევე, სოფლის ძველ სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ახლობლების თქმით, მავთულხლართებს აქეთ დარჩენილმა ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, მეორე მხარეს მყოფ მეზობლებსა და ახლობლებს სასახლე აქედან უნდა გადააწოდონ... აქეთ მყოფებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის და სამძიმრის თქმის შესაძლებლობაც არ ექნებათ.
2014 წელს, მე და ჩემი მეგობარი, გორის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელს ხურვალეთს ვესტუმრეთ, რომელიც მავთულხლართების გამო, უბნებად არის დაყოფილი. ე.წ. რუსმა მესაზღვრებმა ამ სოფელში მავთულხლართი ისე გაავლეს, რომ ბობნევის უბანში მცხოვრები ქართული ოჯახები "საზღვრის" მიღმა დარჩნენ. რამდენიმემ ცხოვრების პირობები და მუდმივი წნეხი ვერ აიტანა და საცხოვრებლად სხვაგან წავიდა, მაგრამ დავით ვანიშვილმა სახლ-კარი ვერ დატოვა...
როგორც კი მანქანიდან გადმოვედით, დაგვინახა თუ არა, მავთულხლართების მეორე მხრიდან, ღობისკენ წამოვიდა... პოლიციელები თავაზიანად გვაფრთხილებდნენ, შორს არ წავსულიყავით... "ეს ყველაზე მაგარი ქართველია," - ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა... ჩვენს დანახვაზე დათო პაპამ სამუშაო იარაღი დააგდო და ჩვენთან სასაუბროდ ღობეს მოაშურა.
"რაღაც დღეები დამრჩენია და საკუთარ მიწაზე ვერ გამივლია... მეუღლე ცუდად მყავს და მისთვის წამალი ვერ მიყიდია. რამდენიმე თვეა, წევს. მე კი ექიმთანაც ვერ მიმყავს, ამ საზღვრის მიღმა გადასვლის საშუალებას არ მაძლევენ, ცხინვალში წადიო, - მეუბნებიან... არადა, იქაურები აქეთ გამორბიან ექიმსა და წამალზე", - შემოგვჩივლა მაშინ... ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო, არაერთხელ დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში წაიყვანეს. მაგრამ ვერ გააჩუმეს და ვერც საკუთარ მიწაზე სიარული აუკრძალეს.
"მითხრეს, - თუ საზღვრის გადაკვეთის გამო კიდევ ერთხელ დაგიჭირეთ, იცოდე, სადაც ცხოვრობ, იქაც არ გაგაჩერებთო... რაც გინდათ ის მიქენით-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ ამდენ ჯარიმებს გადახდა ხომ უნდოდა? ამიტომაც, ვცდილობ, აღარ გადავიდე, თუმცა, გამოუვალ მდგომარეობაში, სად ჯანდაბაში წავიდე, აბა?" - გვითხრა მაშინ.
მავთულხლართების მიღმა მოყოლილი უბნის სასაფლაოს მიცვალებულები უპატრონოდ რომ არ დარჩენილიყო, მათ საფლავებს უვლიდა. საეკლესიო დღესასწაულებზე აკითხავდა, სანთელს უნთებდა და ღვინოს უქცევდა.
"ჩემი ქართველები არიან, ჩემი სისხლი და ხორცი, ამ უცხოების ხელში ხომ არ გავაპარტახებ? აღდგომის დღესასწაულზე, ჭირისუფლებმა კვერცხი, ხილი და ტკბილეული გადმომაწოდეს, ჩვენს სახელზე მიცვალებულებს წაუღეო... ვიჯექი მარტოკა საფლავებს შუა და ჩემი ქვეყნის, ქართველი კაცის ბედუკუღმართობაზე ვტიროდი... ეს არის ცხოვრება?" - ყვებოდა დათა პაპა.
გასულ წელს, ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა დათა პაპას შვილიშვილი და რძალი დააკავეს.
"ყველანაირად ცდილობენ, გვაიძულონ, რომ აქაურობა დავტოვოთ. მაგრამ დათა პაპა კლდესავით დგას და არსად მიდისო..." - მითხრა მაშინ გატაცებული გოგონას დამ... მძიმე რეალობას არ ეპუებოდა და ყოველ გაზაფხულზე მიწას ამუშავებდა, თესავდა, ვენახს სხლავდა... აქ, ჩემი ღობის გასწვრივ, დიდი ჭადრის ხე რომ დგას, კამერები აქვთ იმაზე დაყენებული და ყველაფერს აკონტროლებენ, მაგრამ მიყურონ რამდენიც უნდათ. ჩემს თავს და გარშემომყოფებს ვაჯერებ, რომ ცხოვრება გრძელდებაო, - იმედიანი ღიმილით გვითხრა დამშვიდობებისას.
"ძალიან მალე 89 წლის უნდა გამხდარიყო. ყველაფრის მიუხედავად, მაინც უყვარდა თავისი დაბადების დღე. ცრემლები მახრჩობს როდესაც გავიფიქრებ, რომ ჩემი სახლიდან მისი სახლის ღია კარს ვერ დავინახავ. მაინც იმედი მაქვს, დათა პაპას ნაწვალებ კარ-მიდამოში კარი არ დაიკეტება და მის მონაგარს იქ ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა ექნება, ღირსეული პაპის - ყველას ჭირისუფლის საფლავზე სანთელიც მუდამ აინთება..." - ამბობს მისი ახლობელი ჩვენთან საუბარში.