სექსუალური ხასიათის მსგავს ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე მისი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.
თავად ბრალდებული გოგი წულაია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
სასამართო პროცესს ესწრებოდა გოგი წულაიას მეუღლე ინგა ბიბიჩაძე, რომელმაც "ტვ პირველთან" საუბრისას, განაცხადა:
"მჯერა ჩემი მეუღლის და იმიტომ ვარ აქ. ვერ წარმომიდგენია გოგი წულაია მოძალადე, ბოროტი. ის არის კეთილი და შინაგანად პატიოსანი ადამიანი. ის, რაც მოხდა, ეს არის ჩვენი გასარჩევი, ნაწილობრივ შვილებიც ჩაერთვებიან ამ არამოსაწონ საქმეში, მაგრამ მე აქ ვდგავარ, როგორც რიგითი მოქალაქე, არა დედა და არა მეუღელე. მეც არ მომწონს ხოლმე მისი ემოციური გამოსვლები, მაგრამ ამ ემოციური გამოსვლისთვის დასაჯო და მთელი სახელმწიფო მანქანა დაუპირისპირდეს ადამიანს, არ მიმაჩნია სწორად".
ცნობისთვის, ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსის გოგი წულაიას ბრალდება ოფიციალურად გუშინ წაუყენეს, მას ბრალდება დაუმძიმდა. წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. სამართალდამცავებმა გოგი წულაია მას შემდეგ დააკავეს, რაც შსს-ს ინფორმაციით, მან ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.