"უპრეცენდენტოდ ხისტი განცხადება თეთრი სახლიდან, რომელსაც, სავარაუდოდ, გაგრძელებაც მოჰყვება", - ასე აფასებენ რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელმაც პუტინი "უსულოდ და მკვლელად მოიხსენია".
მოგვიანებით, პუტინმაც დაადასტურა ამერიკის პრეზიდენტის განცხადება, რომ ბაიდენმა მას 2011 წელს პირადად უთხრა, რომ "სული არ აქვს".
"ნამდვილად ასე იყო, როგორც თქვა. მან აღნიშნა, რომ ერთმანეთს ვიცნობდით, ასეც არის, რაზეც მე ვუპასუხე, რომ ჯანმრთელობას ვუსურვებდი... ამას ირონიის გარეშე ვამბობ - ჯანმრთელობას ვუსურვებ. ეს პირველი, მეორე - თუ ამ თემაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, ვიტყვი, რომ ყველა ერის ისტორიაში, ყველა ხელისუფლების პირობებში არის ბევრი რთული, დრამატული და სისხლიანი მოვლენა. როდესაც ჩვენ ვაფასებთ სხვა ადამიანებს, ან სახელმწიფოებს, ერებს, ისე ვსაუბრობთ, როგორც სარკეში. ჩვენ ყოველთვის ვიხედებით ჩვენი თავიდან და ასე ვაფასებთ სხვებს. ასე რომ, ყოველთვის ვხვდებით, ვამჩნევთ საკუთარ თვისებებს სხვა ადამიანებში და მიგვაჩნია, რომ ისინიც ისეთები არიან, როგორებიც ჩვენ", - განაცხადა პუტინმა.
ამ განცხადებამდე გაკრვეული დროით ადრე გავრცელდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, ვაშინგტონიდან კონსულტაციებისთვის ელჩის ანატოლი ანტონოვის გამოძახებაზე. "უნდა გაანალიზდეს, რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა განვითარდეს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან,"- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ამას მოჰყვა თეთრი სახლის პასუხიც, რომლის მიხედვითაც, ჯო ბაიდენის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ: "ახალ ადმინისტრაციას რუსეთთან განსხვავებული მიდგომა ექნება".
აღსანიშნია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამერიკელ კოლეგას ჯო ბაიდენს ღია პირდაპირ დისკუსიაში იწვევს.
როგორც რუსული მედია წერს, პუტინმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალებს სატელეფონო საუბრისთვის დაიწყოს მზადება, რომლის გამართვაც შესაძლებელია პარასკევს, 19 მარტს ან ორშაბათს, 22 მარტს.
"მე ამას დიდხანს არ გადავდებდი. მე უქმეებზე მინდა ტაიგაში გავემგზავრო და ცოტა დავისვენო. ასე რომ, საუბრის გამართვა შესაძლებელია ხვალ ან ორშაბათს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ ამერიკის მხარისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს. მე ახლავე შესაბამის მითითებებს მივცემ საგარეო საქმეთა სამინისტროს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობები. მეტიც, ახლა მე ვფიქრობდი, რომ ბოლოს სატელეფონო საუბრის ინიციატივა პრეზიდენტ ბაიდენს ჰქონდა. მე მსურს პრეზიდენტ ბაიდენს შევთავაზო, განვაგრძოთ ჩვენი დისკუსია. თუმცა იმ პირობით, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ, ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში, რასაც ეწოდება ონლაინფორმატი, თუმცა ყოველგვარი შეფერხების გარეშე, ღია, პირდაპირ დისკუსიაში“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინმა ასევე ჩამოთვალა თემები, რომელთა განხილვა ორი ქვეყნის ლიდერებს შეუძლიათ.
”ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ორმხრივ ურთიერთობებზე და ზუსტადაც ამ სტრატეგიულ სტაბილურობაზე, რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაზე, ისინი ბევრია და მე ყველას არ ჩამოვთვლი. ასევე იმ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც დღეს კაცობრიობა დგას, ვგულისხმობ, სხვათა შორის, ბრძოლას პანდემიასთან", - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის "საფასურს გადაიხდის“. ამასთანავე, ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ვლადიმირ პუტინი მკვლელია, ბაიდენმა უპასუხა: "დიახ“.
საინტერესოა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის განცხადების კვალდაკვალ, რუსეთში სწრაფად აიწია დოლარის კურსმა. ამის შესახებ commersant.ru - წერს.
"ელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის - დიპლომატიურ პრაქტიკაში ამას "დემარში" ჰქვია... ამით ჩვენ გვსურს, ვაჩვენოთ აშშ-ს ის სერიოზული უკმაყოფილება, რაც ამერიკის პრეზიდენტის და სხვა პოლიტიკური ლიდერების გამო ხდება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში, იმის გამო, რისი უფლებასაც ისინი თავს აძლევენ", - აცხადებს РБК -სთან საუბარში საუდის არაბეთში რუსეთის ყოფილი ელჩი ანდრეი ბაკლანოვი.
კიდევ ერთი ყოფილი დიპლომატის და ანალიტიკოსის, ალექსანდრე პანოვის თქმით, ელჩის გამოძახება ადასტურებს, რომ არაორდინალური სიტუაციაა, რადგან საჭირო მითითებებს ელჩი რუსეთის ხელისუფლებისგან დისტანციურადაც მიიღებდა, თანამედროვე ტექნოლოგიები ამის შესაძლებლობებს იძლევა.
novayagazeta.ru -ს ანალიტიკოსი ირინა პეტროვსკაია, ბაიდენის განცხდებასთან დაკავშირებით კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიის აჟიოტაჟს ეხმაურება სტატიით - "ამერიკა და დათვი - რუსი პროპაგანდისტები ბაიდენის წინააღმდეგ..." მისი ცნობით, ერთ-ერთ გადაცემაში, რომელშიც ჟურნალისტმა და მისმა რესპონდენტმა არაერთგზის დატრიალებული კადრებით რუსეთში საზოგადოებრივი აზრის შექმნა და ანტიამერიკული განწყობების კიდევ უფრო გამწვავება სცადეს...
"ინტერვიუს კადრები, სადაც ბაიდენი პუტინს მკვლელს უწოდებს, ყველა პოლიტიკურ გადაცემაში არაერთხელ დაატრიალეს... ეტყობა, მედიკამენეტის დალევა დაავიწყდა. ამ ბოლოს მედიაში ხან რას ამბობს, ხან რას და ასეთი კაცი ახლა რუსეთის პრეზიდენტს მკვლელს უწოდებს. ბაიდენი, უკვე დიაგნოზია და არა პრეზიდენტი, ამერიკამ კი, ის აირჩია... ანუ ამით ქვეყანას უთხრეს, ყველანი სულელები ხართო", - განაცხადეს გადაცემაში.
გადაცემაში "დრო გვიჩვენებს" კი რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის სანქციებს განიხილავდნენ. წამყვანმა სათქმელის რთული ფორმით გადმოცემა გადაწყვიტა - რუსეთი კეთილ დათვს შეადარა, რომელიც კეთილ ადამიანთან ურთიერთობას ცდილობდა და ხალხით სავსე ავტობუსს მისდევდა:
"35 წლის წინ, ჩვენც დათვს ვგავდით, ლამის დავიჯერეთ, რომ ეს გამოგვივიდოდა და იმ კეთილი დათვივით ვიქცეოდით, ლამის ავტობუსის ქვეშ რომ შევარდა".
კიდევ ერთმა დეპუტატმა კონსტანტინ ზატულინმა რუს საზოგადოებას მიმართა, გაერთიანდნენ პუტინის გარშემო... ამ პათოსს, კრემლის ჟურნალისტები, პარტიის "ღირსეული ჯარისკაცები" მგზნებარედ მიჰყვებიან და ანტიამერიკულ განწყობებს აძლიერებენ", - წერს პეტროვსკაია.
"აშშ-ს ახალი სანქციები პირდაპირ აისახება რუბლის აქტივებზე, და ამის ნიშნები უკვე გაჩნდა დოლარის კურსის ცვალებადობის კვადაკვალ... თავს ვიტყუებთ, ყველაფერი კარგად არისო, როდესაც ამ ფაქტორს სასიკვდილო ემოციური ხასიათი ექნება. ეს სანქციები მძიმედ აისახება მსხვილ ბიზნესზე თუ ცალკეულ სექტორებზე რუსეთის ეკონომიკაში." - ამბობს forbes.ru-სთან საუბარში საფონდო ბირჟის "БКС Мир инвестиций" ექსპერტი დმიტრი ბაბინი.
რუსეთისა და დსთ-ში "Ренессанс Капитал-ის" ეკონომისტი, ექსპერტი სოფია დონეცის მოსაზრებით, ახალი სანქციები უფრო ინდივიდუალური იქნება ოფიციალური პირებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რაც პოზიტიურ განწყობებს ნამდვილად არ იძლევა.
"ამერიკის პრეზიდენტმა მთელი დასავლეთის სათქმელი გვითხრა. ახლა ვნახოთ, ვინ როგორ გადაინაწილებს მხარდამჭერებს. ვფიქრობ, ამერიკას არ გაუჭირდება ევროპის ქვეყნების რუსეთის წინააღმდეგ დარაზმვა, რუსეთი ალბათ ისევ ისლამისტურ სახელმწიფოებზე გააკეთებს გათვლას. სხვა საკითხია რა ელის რუსულ ეკონომიკას და კარგი რომ არაფერი, უკვე ცხადია..."- წერს ინტერნეტმომხმარებელი ილია ბორისოვა.