მეგან მარკლის პერსონა საზოგადოებას განსაკუთრებით მას შემდეგ აინტერესებს, რაც პრინც ჰარის ცოლი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ ბევრი კრიტიკა ისმის, ფაქტი ერთია, მეგანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ადამიანია, რომლის ყოველი ნაბიჯიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აინტერესებთ.
ამჯერად მეგან მარკლის შესახებ მედიაში კიდევ ერთ სენსაციურ ინფორმაციას წერენ - მარკლს ამბიციური პოლიტიკური გეგმები აქვს. დასავლური პრესის ცნობით, სასექსის ჰერცოგინიამ შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში - მას აქვს ამბიცია გახდეს ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი. კონსულტაციები კი უკვე გამართა "დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლებთან. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ გამოცემა The Mail-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.
ბრიტანული ტაბლოიდი "დეილი მეილი" წერს, რომ მეგანი ოპრასთან ინტერვიუს თავისი პოლიტიკური კარიერისთვის გამოიყენებს და ის მესიჯები, რომელიც მან ინტერვიუში გააჟღერა, ადამიანის თავისუფლების, რასიზმის, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობის შესახებ, შესაძლოა, ერთგვარად კამპანიის დასაწყებად ნიადაგის მოსინჯვასაც კი ემსახურებოდა. ოპრა უინფირსთან ინეტრვიუს მართალია ბრიტანეთში კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა, თუმცა აშშ-ში პირიქით, მეგანმა დადებითი შეფასებები დაიმსახურა და უფრო მეტიც, მის ინტერვიუს გავლენიანი ადამიანების კომენტარებიც მოჰყვა. მეგანი სითამამის გამო ბიონსემ და ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ შეაქეს.
The Mail-თან საუბრისას წყარო ამბობს, რომ 39 წლის მეგან მარკლი დაკავებულია კამპანიის მოსამზადებელი სამუშაოებით და ფონდების მოძიებით, რომელიც მის საპრეზიდენტო კამპანიას დააფინანსებს და რომ მეგან მარკლი შესაძლოა, "დემოკრატების" კანდიდატად ვიხილოთ.
წყაროს ცნობით, "დემოკრატიული პარტიის" ქსელებში სულ უფრო გახშირდა საუბრები მეგან მარკლის პოლიტიკურ ამბიციებზე, ასევე უკვე დაიწყეს შეფასება მისი პოტენციური მხარდამჭერების რაოდენობისა.
"დეილი მეილი" იხსენებს 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს, როდესაც მეგანმა და ჰარიმ იერიში მიიტანეს "რესპუბლიკელებზე" და დონალდ ტრამპზე. მათ ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც შეფარვით ტრამპსა და მის ამომრჩევლებს სიძულვილის ენაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდნენ. საკითხზე მოგვიანებით კომენტარი გააკეთა ტრამპმაც და აღნიშნა, რომ ის მეგანის გულშემატკივარი არ არის, ჰარი კი ძალიან მოსწონს.
აღსანიშნავია, რომ ბუკინგემის სასახლე აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან დისტანცირდა და როდესაც პრინც ჰარისა და მეგანის ზემოთ აღნიშნული ვიდეოს შესახებ კომენტარი სთხოვეს, სასახლეში ოფიციალურად განაცხადეს, რომ ჰარი მათი ოჯახის მოქმედი წევრი არ არის და მისი შეხედულებები მისი პირადი აზრია, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სასახლესთან.
გამოცემის ცნობით, მეგან მარკლმა იცოდა, რომ მას არ უნდა ჰქონოდა ბრიტანეთში არავითარი ტიტული, თუკი აშშ-ში პოლიტიკური კარიერის წარმართვა სურდა. მათივე ინფორმაციით, მეგან მარკლის მას შემდეგ გადაწყვეტს მიიღოს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, რაც გაირკვევა იყრის თუ არა კენჭს მეორე ვადით ჯო ბაიდენი, რომელიც იმ დროისთვის 82 წლის იქნება.
თუ ეს ასე მოხდა, მეგანი შესაძლოა, შეერთებული შტატების პირველი ქალი პრეზიდენტი გახდეს. მეგან მარკლის კონტექსტში უკვე იხსენებენ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს, რომელიც გაპრეზიდენტებამდე 4 ათეული წლის განმავლობაში მსახიობი იყო.
როგორც "დეილი მეილი“ წერს, სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიასთან დაახლოებულმა წყარომ მეგან მარკლის პოლიტიკური ამბიციების შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა აღნიშნა, რომ წყვილი თავიანთ პოლიტიკურ შეხედულებებს არასდროს მალავდა.
მეგან მარკლის შესაძლო გაპრეზიდენტების შესახებ კომენტარი აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა.Fox News-ის ეთერში ტრამპს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა იმ ცნობების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მარკლი დემოკრატებს შეხვდა და რომ მათ 2024 წლის არჩევნებში მეგანის შესაძლო კანდიდატურაზე იმსჯელეს.
"იმედი მაქვს, ეს მოხდება, რადგან თუ ეს მოხდება, ვფიქრობ, რომ მე კიდევ უფრო ძლიერი სურვილი მექნება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების. მე მისი თაყვანისმცემელი არ ვარ. არ მომწონს, რასაც ის საუბრობს სამეფო ოჯახზე, მე ვიცნობ დედოფალს და ის უდიდესი ადამიანია, მე არ ვარ მეგან მარკლის ფანი" - აღნიშნა ტრამპმა.
გარდა იმ ინფორმაციებისა, რომელიც მედიაში ახლა ვრცელდება, საყურადღებოა მეგან მარკლის მეგობრის ერთი წლის წინანდელი ინტერვიუ Vanity Fair-თან. ჰერცოგინიას მეგობარმა მაშინ თქვა, რომ მეგანი სერიოზულად განიხილავდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და სწორედ ამიტომ არ დათმო ამერიკის მოქალაქეობა, როდესაც ჰარის გაჰყვა ცოლად.
ახლა ბრიტანელებს ერთი კითხვა აწუხებთ - რა იქნება პრინც ჰარის წოდება, თუკი მეგანი შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდება? - თეთრ სახლში ამაზე მარტივი პასუხი აქვთ. ამ შემთხვევაში ჰარი გახდება აშშ-ის ისტორიაში პირველი პირველი ჯენტლმენი.
წყარო: dailymail.co.uk