ავტორი:

მოლოდინი, რომ ოპოზიციური სპექტრის წისქვილზე დასხმულიყო წყალი, არ გამართლდა - რას ამბობენ ექსპერტები ბრიუსელში გაკეთებულ შეფასებებზე

მოლოდინი, რომ ოპოზიციური სპექტრის წისქვილზე დასხმულიყო წყალი, არ გამართლდა - რას ამბობენ ექსპერტები ბრიუსელში გაკეთებულ შეფასებებზე

მაშინ, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მმართველი პარტიისა და ოპოზიციური სპექტრის "შერიგებას“ და დიდი ხნის ნანატრი შეთანხმების მიღწევას ცდილობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება და შეხვედრებს მართავს. დიდი იყო ინტერესი 16 მარტს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომისა და მისი შემდგომი ერთობლივი პრესკონფერენციის მიმართ, რომელიც ღარიბაშვილმა ჟოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართა. ამ ორი, ერთმანეთის პარალელურად მიმდინარე მოვლენის შესახებ, რომელიც საქართველოსა და ბრიუსელში ხდება, ექსპერტები - თენგიზ ფხალაძე და ვიქტორ ყიფიანი AMBEBI.GE-სთან საუბრობენ.

მაშინ, როდესაც დანიელსონი საქართველოში რჩება, ღარიბაშვილს კი ბრიუსელის ტრიბუნიდან ეძლევა სახელისუფლებო პარტიის გზავნილების გაჟღერების საშუალება, ხომ არაა თავად "ქართული ოცნება“ ყველაზე მომგებიან პოზიციაში, ოპოზიცია კი - წამგებიანში? - ამ კითხვაზე ექსპერტები პასუხობენ, რომ მთლიანობაში, საქმე საქართველოსა და მის პოლიტიკურ სისტემას ეხება.

"აქ მოგებულიც და წაგებულიც შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველო. ჩვენ მოგებულები ვართ იმ შემთხვევაში, თუ კრიზისი სრულდება და გამოვდივართ იმ მოჯადოებული წრიდან, რომელშიც ახლა ვართ და რეალურად გადავდივართ ქვეყნის განვითარებაზე, მომავალზე, ვაძლიერებთ დემოკრატიას და მივდივართ წინ; ან ყველა ერთად, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, ვრჩებით ისევ იმ ჩაკეტილ წრეში, რომელიც, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ანგრევს და ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოებრიობას. ამიტომ, ჯერ სამწუხაროდ, ძალიან ადრეა მოგებულსა და წაგებულზე ლაპარაკი. გუშინ ეს გამოიკვეთა ევროკავშირის ოფიციალურ პირთა განცხადებებში, ასევე, დღევანდელ შეხვედრებზეც გავრცელდა კომენტარები, რომ საქართველოსთვის ნომერ პირველი ამოცანა ამ შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან რაც შეიძლება, სწრაფი გამოსვლაა“, - აღნიშნავს საერთაშორისო საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი და ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი, თენგიზ ფხალაძე.

"ჩემი აზრით, როცა ლაპარაკია მოგებულსა ან წაგებულზე, მთლიანობაში, ქართული პოლიტიკური სისტემა და დემოკრატია აგებს. აგებს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მერამდენეჯერ, ქართულ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ უნარი და შესაძლებლობა, ერთმანეთს პირისპირ, ფასილიტაციისა და მედიაციის გარეშე ესაუბრონ. თუმცა, ამავე დროს, ალბათ ამ პროცესს თავისი პოზიტიური მხარეც აქვს, თუ ვეცდებით, ასეთი პოზიტივი გამოვკვეთოთ - ეს პირველ რიგში, ჩემი აზრით, ვლინდება იმ მკაფიო დადასტურებაში, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები, ქართული პოლიტიკური სისტემის დღევანდელი დღე და ხვალინდელი პერსპექტივა ევროკავშირისთვის სულ ერთი არ არის და ამ დღეების განმავლობაში ძალიან ცალსახა და მკაფიო დადასტურებას ვხედავთ, თუ როგორ ჩაეჭიდა ევროკავშირი საქართველოში პოლიტიკურ პროცესში სიჯანსაღის ელემენტებს, როგორ ცდილობს, ეს ელემენტები განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანოს. თუმცა, მინუსებთან დაკავშირებით კიდევ მოკლედ უნდა აღვნიშნოთ, რომ თავისთავად ცხადია, პოლიტიკური კულტურის ასეთი მოწყვლადობა ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მედეგობაზე, რომ არ გავიმეოროთ ის, თუ რამდენად რთულია ჩვენი რეგიონი და ნებისმიერი შიდა აშლილობითა თუ სისუსტით გარე ძალებმა შეიძლება, სათავისოდ ისარგებლონ“, - აცხადებს ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის“ თავჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი.

  • ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე სხვებს შორის, შემდეგი განცხადებები გააკეთა:
  • "პარლამენტის გვერდით ავლა არ არის დემოკრატიული პლურალიზმის მაჩვენებელი, ყველამ უნდა შეიკავოს თავი პროვოკაციული რიტორიკისა და ქმედებებისგან“;
  • "ჩემზე არ არის დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, უნდა იყოს თუ არა საქართველოში ახალი არჩევნები - რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ეუთო არჩევნებს განიხილავს როგორც თავისუფალს“.

მოლოდინი, რომ პრესკონფერენციაზე შესაძლოა, გარკვეული განცხადებებით საქართველოს ოპოზიციური სპექტრის წისქვილზე დასხმულიყო წყალი, არ გამართლდა. რას უნდა მივაწეროთ ეს და შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, ქვეყნისთვისვე ხომ არ აჯობებდა, დასავლეთი შედარებით მწვავე ყოფილიყო?..

"ჩვენ ზოგადად, იმ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც ყოველთვის გვაქვს ხოლმე მაღალი მოლოდინი, რომ რადიკალური განცხადებები გაკეთდება და ა.შ. ევროპულ და ზოგადად, დიდ პოლიტიკაში ცოტა სხვანაირად ხდება. პირიქით, ვფიქრობ, რომ ის ძალიან კონსტრუქციული, თუმცა შენიშვნებით დახუნძლული ტონი, რომელიც გუშინ ჩვენს ევროკავშირელ პარტნიორებს ჰქონდათ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ის მოლაპარაკებები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, რადგან არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ყველაფრის ფონზე კრისტიან დანიელსონი საქართველოში იმყოფება, აგრძელებს მოლაპარაკებებს. გუშინ ითქვა კიდეც, რომ ის წარმოადგენს და მხარეებს შესთავაზებს რამდენიმე წინადადებას, რაზეც დიდი მოლოდინი აქვთ ჩვენს პარტნიორებს, რომ მხარეები წავლენ და პროცესი დასრულდება. იმის თქმა მინდა, რომ გუშინ ყველა ცდილობდა, რაიმე ხისტი განცხადებით, რაიმე ხისტი შეფასებით არ დაეზარალებინა და დაეზიანებინა ის პროცესი, რომელიც კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით მიმდინარეობს. შესაბამისად, ამ გზავნილს თუ სწორად გავიგებთ, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კრიზისიდან გამოვიდეთ“, - ხაზს უსვამს ფხალაძე.

"არაერთი შეფასება მოვისმინეთ, რომ ევროკავშირის გუშინდელი განცხადებები თითქოსდა გაცილებით ხელშემწყობი იყო სახელისუფლებო პარტიისთვის. მაგრამ, გუშინდელი განცხადებების ჩემი აღქმა ასეთია: ევროპა მიესალმება პროცესის ევოლუციურ განვითარებას, ევროპა წინააღმდეგია პროცესის გადანაცვლების რევოლუციურ ან ნებისმიერ სხვა რეჟიმში, რომელიც იქნება არაპროგნოზირებადი და დესტრუქციული, ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები ღიად და აშკარად უჭერენ მხარს ინსტიტუტების ფარგლებში პროცესების გადანაცვლებას და ინსტიტუტების ფორმატში საერთო ენის გამოძებნის მცდელობას. სწორედ ეს დამოკიდებულება მიუთითებს იმაზე, რომ, სამწუხაროდ, უკვე მერამდენე ჯერზე, რასაც ვაკვირდებით სახელისუფლებო პარტიისა და ოპოზიციური სპექტრის მიმართებას, ჩვენი ევროპელი პარტნიორები ემოციებზე, გნებავთ, მიმდინარე პოლიტიკურ კონიუნქტურაზე გაცილებით მაღლა დგანან, ვიდრე ჩვენ, მაშინ, როდესაც ეს პოლიტიკური კონიუნქტურა უშუალოდ ეხება ჩვენს დღევანდელ დღეს, ჩვენს პოლიტიკურ ბედს და ელემენტარულად, ჩვენს საყოფაცხოვრებო პირობებს. ალბათ, ესაა ის განსხვავება, რაც ამ შემთხვევაში ევროკავშირს ქართული მხარისგან გამოარჩევს. ესაა მთავარი გაკვეთილი, რაც უნდა ვისწავლოთ და მთავარი დასკვნა, რაც უნდა გამოვიტანოთ.

მართალია, პროცესი გაჭიანურდა, ვხედავთ, რომ საქართველოში ჩამოსული მედიატორი ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით იმყოფება, კაციშვილი ვერ გეტყვით, როდის გაემგზავრება ის უკან, სამშობლოში. მიუხედავად პროცესის ტრაგიკომიკურობისა, გარკვეულ იმედს გვაძლევს, რომ ევროკავშირს იმდენად მაღალი ფსონი აქვს დადებული, რომ ეს პროცესი დამთავრდეს შედეგიანად, რომ ჩვენ ამ შედეგს კონკრეტული დოკუმენტისა და შეთანხმების სახით აუცილებლად ვიხილავთ. სხვა საკითხია, როგორი იქნება ეს დოკუმენტი - ჩემი აზრით, ის ძალიან დაბალანსებული იქნება, იმგვარი, რომ გაითვალისწინოს ქვეყნის ინსტიტუციური განვითარება, პროცესის თანმიმდევრული განვითარება და არა - ნახტომისებური. გავბედავ და ვიტყვი, რომ ამ ნახტომისებურში თამამად შეგვიძლია, მოვიაზროთ ვადამდელი არჩევნები და ვფიქრობ, ვადამდელი არჩევნების მხარდაჭერის თვალსაზრისით ევროკავშირი ძალიან ფრთხილი იქნება. სწორედ ასეთი სიფრთხილის მოლოდინში ვარ, მით უმეტეს, რომ ამ სიფრთხილეზე არაორაზროვნად მიგვითითა გუშინდელმა განცხადებებმა. ვადამდელი არჩევნების მიღმა სხვა რა მექანიზმები შეიძლება იყოს, ეს ალბათ, ამ დოკუმენტში გამოჩნდება და იმედი მაქვს, შეთანხმებას მართლაც, კონკრეტული დოკუმენტის სახით უახლოეს დღეებში ვიხილავთ“, - აღნიშნავს ყიფიანი.

ექსპერტები გვესაუბრებიან ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებზეც, როგორიცაა, მაგალითად:

  • "პოლიტიკოსობა არ არის მიზეზი იმისა, რომ გამოვუშვათ ვინმე - თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მან უნდა მოიხადოს სასჯელი“;
  • "რაც შეეხება პოლიტიკოსი პატიმრების გამოშვებას, ჩემი გადასაწყვეტი არაა, როდის ან როგორ გამოუშვებს ვინმეს სასამართლო“
  • "შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება“.

"ბუნებრივია, იქ არის საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის, საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის. სხვათა შორის, ბორელთან ერთად, "ტვიტერზე“ საკმაოდ ბევრი განცხადება გაკეთდა, იყო საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობენ - ეს ყველაფერი ერთ მთლიანობაში უნდა დავინახოთ და კიდევ ერთხელ გავითავისოთ, რაზეა რეალურად ლაპარაკი. რეალურად ლაპარაკია იმაზე, რომ გავაკეთოთ ის, რაც ამ ქვეყნისთვის უკეთესია. თუნდაც იგივე, თუ შევხედავთ ყბადაღებულ სასამართლო რეფორმას, ფაქტია, რომ ვერ განვახორციელებთ სასამართლოს რეფორმას ისე, რომ სასამართლო აღიქმებოდეს იმ დამოუკიდებელ და თავისუფალ ორგანოდ, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს და ევროკავშირის სტანდარტებისთვისაა მისაღები. ამიტომ, ეს გასაკეთებელია არა ევროკავშირისთვის, არა ვიღაცასთან თავის მოსაწონად, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთეს მდგომარეობაში იყოს. ამიტომ, კი, ძალიან საყურადღებოა ის შეფასებები, რომელიც გაკეთდა ბორელის მხრიდან და ზოგადად, რაც ითქვა ასოცირების საბჭოს პრეს-რელიზში, თუმცა დიდი სურათი უნდა დავინახოთ და შევხედოთ იმას, თუ რა პროცესთან გვაქვს საქმე. იმან, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან არ გაკეთდა მკვეთრი განცხადებები, მეტი სტიმული უნდა მოგვცეს პროცესის სწორად დასრულებისთვის და არ შეგვიქმნას ილუზია, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა. ძალიან მნიშვნელოვანია, თავი არ მოვიტყუოთ, დავინახოთ პროცესის მთელი სიმწვავე და ორიენტირებულები ვიყოთ იმაზე, რომ დროულად გადაწყდეს ეს საკითხები ისე, როგორც ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შედის“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე.

"რაც შეეხება პრემიერის განცხადებებს, კანონის ენით ეს განცხადებები ფორმალურად აბსოლუტურად სწორი იყო. მაგალითად, ღარიბაშვილის განცხადება, რომ პატიმრების ბედში აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ ჩაერევა, კანონის ენით სწორი განცხადებაა. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ჩვენ ისევ და ისევ ვეძებთ ერთ აქტუალურ კითხვაზე პასუხს - საბოლოო ჯამში ეს არჩევნები გაყალბდა თუ არა? დამაჯერებელი პასუხის პოვნა, რომელიც ჩამოყალიბდება ამგვარად, რომ დიახ, არჩევნები გაყალბდა, ამ პასუხის მტკიცებულება და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები არც საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებში მოიძებნება და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არც ქვეყნის შიგნით. ე.ი., ერთის მხრივ, გვაქვს საერთაშორისო დოკუმენტები, რომლებიც არჩევნების ჩატარების გარკვეულ ხასიათზე ლაპარაკობს, მაგრამ არჩევნების ჩატარების ხასიათი და მათი შეფასება არ ქმნის ვადამდელი არჩევნების წინაპირობას; ხოლო მეორეს მხრივ, ქართულმა ოპოზიციამ ან არასამთავრობო სექტორმა ვერ დადო დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც იტყოდა, რომ არჩევნები გაყალბდა და შესაბამისად, ეს სიყალბე განაპირობებს ვადამდელ არჩევნებს - ეს არის ფაქტობრივი მდგომარეობა. სხვაა პოლიტიკური მიზანშეწონილობა, რომელიც რა თქმა უნდა, შესაძლოა, გამოიხატოს აბსოლუტურად განსხვავებულ გადაწყვეტილებაში. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, როდესაც აღვნიშნეთ მედიაციის დანიშნულება, ასევე, როდესაც ვართ კონკრეტული შეთანხმების მიღწევის მოლოდინში. ნებისმიერ შემთხვევაში, შეთანხმება აუცილებლად მისაღწევია, შეთანხმება ორივე მხრიდან ერთმანეთისკენ გადადგმული გონივრული ნაბიჯებია და ასეთ გაურკვეველ რეჟიმში ქვეყანა რომ ფუნქციონირებას და განვითარებას ვერ განაგრძობს, ეს აბსოლუტურად ცალსახა ფაქტია“, - დასძენს ვიქტორ ყიფიანი.

უკვე დიდი ხანია, ჩიხში შესული პოლიტიკური ვითარების გადაწყვეტას ვერაფერი და ვერავინ ახერხებს. შეუწყობს თუ არა ამას ხელს ერთი მხრივ, ევროკავშირის შტაბში დაფიქსირებული პოზიციები და მეორე მხრივ, საქართველოში კრისტიან დანიელსონის ძალისხმევა, სწორედ მან გადოს კონსენსუსი ხიდად პოლარიზებულ მხარეებს შორის, აქედან გამომდინარე კი, ქვეყანაში უკვე სტაბილურობის დამყარების მოლოდინები გაჩნდეს, ამას სავარაუდოდ, უახლოესი დღეები გვიჩვენებს.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ყველა, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას, ამორალური და იდიოტია" - მიხეილ სააკაშვილი

"ოპოზიციას პოზიციები დღითიდღე უმძიმდება" - ირაკლი კობახიძე შეხვედრის შემდეგ