აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ისინი ჩრდილოეთ კორეასთან კავშირზე გასვლას თებერვლიდან ცდილობენ, თუმცა მცდელობის მიუხედავად, ამას ვერ ახერხებენ და ფხენიანიდან არანაირი ოფიციალური პასუხი არ არის.
როგორც BBC წერს, ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან დასაკავშირებლად სხვადასხვა გზები სცადა, მათ შორის გაეროში ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლების მეშვეობითაც.
მთავარი საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას შორის შეუთანხმებლობას იწვევს, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეიარაღებაა. ბაიდენის წინამორბედი სამჯერ შეხვდა კიმ ჩენ ინს, თუმცა იმ შეხვედრებს მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია. ტრამპის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო დაერწმუნებინა ჩრდილოეთ კორეა, უარი ეთქვა ბირთვულ იარაღზე, რაც აშშ-ისა და სხვა დასავლური ქვეყნების მთავარი მოთხოვნაა.
გამოცემის ცნობითვე, ჩრდილოეთ კორეის მედიას ჯერ არ გამოუცხადებია, რომ ბაიდენი ნამდვილად აშშ-ის პრეზიდენტია. ასევე კიმ ჩენ ინსაც არ მიულოცავს მისთვის გამარჯვება.
შეერთებული შტატების ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი სააგენტო "როიტერსთან“ საუბრისას ამბობს, რომ არანაირი ოფიციალური კომუნიკაცია ფხენიანთან არ ყოფილა ბოლო 12 თვის განმავლობაში, ანუ არც ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო თვეებში.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ის გადახედავს ჩრდილოეთ კორეასთან პოლიტიკას და მისი პოზიცია აპრილში გახდება ცნობილი.
ამასთანავე, გაპრეზიდენტებამდე ჯო ბაიდენმა კიმ ჩენ ინს თაღლითი უწოდა და ხაზი გაუსვა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების აუცილებლობას. ბაიდენის განცხადების პარალელურად კი, კიმ ჩენ ინმა თავისი ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების ხაზგასმა გააგრძელა და სხვადასხვა ახალი სამხედრო შეიარაღება გამოსცადა და ამავე დროს, მან მოუწოდა შეერთებულ შტატებს, უარი ეთქვა "მტრულ პოლიტიკაზე."
ჩრდილოეთ კორეა დანაჩენ მსოფლიოს ახლა უფრო მოწყვეტილია, ვიდრე ოდესმე და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციები კიდევ უფრო გასაიდუმლოებული. კორონავირუსის პანდემიის გამო იქ საზღვრები ერთ წელზე მეტია ჩაკეტილია.