ავტორი:

მაკა ასათიანის პოლიტიკური აქტივობები - როდის ვის უჭერდა მხარს დიზაინერი

მაკა ასათიანის პოლიტიკური აქტივობები - როდის ვის უჭერდა მხარს დიზაინერი

მაკა ასათიანის პერსონის გარშემო ინტერესი არასოდეს ნელდება. საქართველოში ულამაზეს ქალად აღიარებული დიზაინერი წლებია, რაც მეორე ქმართან, ბიზნესმენ კოტე გოგელიასთან ერთად შვეიცარიაში ცხოვრობს, მაგრამ საქართველოში მისი ყოველი ვიზიტი მედიაში აქტიურად შუქდება.

მიუხედავად იმისა, რომ თავად პოლიტიკაში არასოდეს უცდია ბედი, მუდმივად ჩნდებოდა პოლიტიკოსების გვერდით, როგორც მხარდამჭერი. სხვათა შორის, ასათიანი პოლიტიკურ პროცესებშიც მონაწილეობდა, თუ გავიხსენებთ "მაესტროს" წილს, რომელსაც მისი ოჯახი ფლობდა და მაშინ ტელევიზია ერთ-ერთი ყველაზე ოპოზიციურად განწყობილი არხი იყო ვარდების ხელისუფლების მიმართ.

AMBEBI.GE-მ თვალი გადაავლო დიზაინერის პოლიტიკურ აქტივობებს და მკითხველს საინტერესო ამბებს შევახსენებთ.

მაკა ასათიანი ვარდების ხელისუფლებასთან დაახლოებული ფიგურა არც ხელისუფლებაში მათი მოსვლის დროს ყოფილა, თუმცა არქივში იძებნება ფოტო, რომელიც ზურაბ ჟვანიასთან აქვს გადაღებული.

მერაბ ჟორდანია ჯერ კიდევ მაკა ასათიანის ქმარი იყო, როდესაც წლების წინ, მშობლიურ ლანჩხუთში სცადა ბედი და მაჟორიტარად იყარა კენჭი. თუმცა როგორც საარჩევნო ბანერიდან ჩანს, პლაკატზე დასაბეჭდად არჩევანი შვილებსა და საყვარელ ძმისშვილზე ნინი ქარსელაძეზე გააკეთა, რომლებიც მაშინ ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ.

დიზაინერი წლების მანძილზე მეგობრობდა ძმებ გაჩეჩილაძეებთან. ლევან გაჩეჩილაძის მეუღლე ნინო მიქელაძე და მაკა ასათიანი ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. მაკა აქტიურად გულშემატკივრობდა ძმებს, როდესაც ისინი სააკაშვილის ხელისუფლებას ებრძოდნენ. ტელეკომპანია "მაესტროს" წილსაც, უმცროს გაჩეჩილაძესთან ერთად ფლობდა.

მაკა ასათიანი ლევან გაჩეჩილაძის მეუღლესთან

მოგვიანებით, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა და ბოლო ინფორმაციით, ნათესავები არ შერიგებულან. 2015 წელს, "მაესტროს" მაშინდელმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ კომპანია გაკოტრებულად გამოაცხადა. ამ ფაქტს 25%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა და პარტნიორების საეჭვო გარიგებებზე ისაუბრა. გია ასევე ამბობდა, რომ მაკამ მისგან არსებული კრედიტების დაუყოვნებლივ დაფარვა მოითხოვა.

მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მაესტროს“ ყიდვას ყოფილი მაღალჩინოსანი დავით კეზერაშვილი გეგმავდა. მოგვიანებით, "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გია გაჩეჩილაძე აცხადებდა:

"მაკა ჩემთვის დღესაც ძვირფასი ადამიანია, მის უკან მდგომი პოლიტიკური ძალის ინტერესები კი ჩემთვის უცნობია, თუმცა, ფაქტია, "მაესტრო" გოგელიას გამო რამდენიმე დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა დატოვა. სად არის ამ დროს სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლი "მაესტრო"? ვერ ვადასტურებ, თუმცა მოვისმინე ვერსია, რომ "მაესტროს" დავით კეზერაშვილი ყიდულობს. ამ ეჭვს ისიც მიმყარებს, რომ დღეს ტელეკომპანიას კეზერაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გამტარებელი გიორგი ისაკაძეც მართავს...".

2010 წელს მაშინდელ თბილისის მერობის კანდიდატის გვერდით გამოჩნდა მაკა ასათიანი. ერთ-ერთ ღონისძიებაზე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ზვიად ძიძიგური დიზაინერის მხარდაჭერით აღფრთოვანებულია. მაშინ ძიძიგური დამარცხდა, თუმცა ფოტოები ისტორიას შემორჩა.

წლების შემდეგ, ამჯერად უკვე 2020 წელს მაკა ასათიანი ვარკეთილში, სოზარ სუბარის მხარდასაჭერ ღონისძიებაზე გამოჩნდა. უცნობია, საიდან მოხვდა სუბარის გვერდით საქართველოში რამდენიმე თვით ჩამოსული დიზაინერი. ბოლომდე საიდუმლოდ დარჩა, პარტიამ შეარჩია სუბარის მხარდამჭერად ვაკელი ასათიანი ვარკეთილში, თუ უბრალოდ პირადი ნაცნობობის საფუძველზე სცა პატივი სოზარს. მაშინ სოციალურ ქსელში ხუმრობდნენ, რომ ასათიანი სავარაუდოდ პირველად სტუმრობდა ვარკეთილს და წარმოდგენა არ ჰქონდა, რას სთავაზობდა ხალხს.

მაკა ასათიანის გამოჩენა ნამახვანჰესის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე მისი პოლიტიკური წარსულიდან ალბათ მაინც ყველაზე უცნაური აღმოჩნდა.

ის 2021 წელს, რიონის ხეობაში, ნამახვანის ჰესების კასკადის სამშენებლო ტერიტორიაზე მიმდინარე აქციებზეც გამოჩნდა და ორგანიზატორებთან საუბრის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.