ეკატერინე სიყმაშვილი ახალგაზრდა მხატვარი და დიზაინერია, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაასრულა თავისი ბინის ინტერიერის მოწყობა, თავისივე ნახატებით გააფერადა და ნამდვილად მყუდრო და სასიამოვნო გარემო შექმნა. საკუთარ საქმიანობასა და ბინის მოწყობის დეტალებზეც თავად გვესაუბრება.
- ბავშვობიდან საქმიანობაში ვარ, სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ძირითადად, შემოქმედებას არ ვცდებოდი. დავამთავრე ტანსაცმლის მოდელირება და დიზაინი. რამდენიმე წელი მინანქარზე ვმუშაობდი, მერე სამკაულებსაც ვაწყობდი, ერთ დროს მაისურების და ჩანთების პრინტს ვაკეთებდი, მაშინ საკმაოდ იშვიათი იყო ჩვენთან ეს მიმართულება. დიდი გამოცდილება მივიღე ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. ბევრი კარგი გამოფენა ჩატარდა ჩემი იქ ყოფნის დროს და მიხარია, რომ თვალს ვადევნებდი ამ ყველაფერს. არქიტექტურის და დიზაინის ფაკულტეტიც დავამთავრე და მთლიანად მივუძღვენი ამ საქმეს ჩემი დრო და ენერგია. ამ მთელი ბიოგრაფიული ხაზის დროს კი არასდროს შემიწყვეტია ხატვა - ხან ჩუმად, ხანაც ხმაურიანად. საკმაოდ დიდი ვიყავი, პირველი პერსონალური გამოფენა რომ მქონდა. მაშინ მორიდებით დავთანხმდი გალერეას, მაგრამ დღემდე ძალიან მიხარია, რომ ის დღე არსებობდა ჩემს ცხოვრებაში.
დღეისთვის ხატვა ჩემთვის ყველაზე საყვარელი საქმიანობაა. ძირითადად სპონტანურ რეალიზმსა და აბსტრაქციებს ვქმნი, ისეთი პორტრეტული კომპოზიციები მაქვს, სადაც ბევრი ფერი და თავისუფალი მონასმებია. შეიძლება ამის გამოა, რომ უფრო ხშირად დიდ ტილოებზე ვმუშაობ, თითქოს, პატარა ნამუშევარზე სათქმელი არ მყოფნის.
- როგორია შემოქმედებითი პროცესი და რა გამოარჩევს თქვენს ნახატებს სხვებისგან?
- შემოქმედებითი პროცესი ყოველთვის განსხვავებულია, გააჩნია, როდის რა ეტაპი მქონდა ცხოვრებაში. უმეტესად თავისუფალი დროის გამოძებნაში ვარ, რომ მოვიწყო სიმყუდროვე და დავიწყო მშვიდად ხატვა. რთულია თავად ისაუბრო გამორჩეულობაზე თუნდაც ამ კუთხით. მთავარი ისაა, რომ ხშირად მეუბნებიან, შეუძლიათ ჩემი ნახატების ამოცნობა. აი, ეს მაფიქრებინებს, რომ მართლა გამოირჩევა რაღაცით ჩემი ნახატები. ისიც უთქვამთ, რომ ჩემი ნახატები ჩემსავით აქტიური და მხიარულია.
- გვიამბეთ თქვენს ბინაზე, როგორ მოაწყვეთ, რა სტილს მიანიჭეთ უპირატესობა?
- თანამედროვეობას ვანიჭებ უპირატესობას ყველაფერში, მგონია, რომ დროს უნდა მიყვებოდე. ბინის შემთხვევაშიც ასე მოხდა, უფრო სკანდინავიური სტილი ავარჩიე, მარტივი, მინიმალისტური და სადა დიზაინით. ხის დეკორით და ავეჯით მაქვს გარკვეული აქცენტები დასმული.
- რამდენად რთული იყო რემონტის პროცესი და რა იყო ყველაზე დიდი სირთულე?
- რემონტი დამღლელი პროცესია, მაგრამ თან ძალიან საინტერესო და სასიამოვნო. მოუთმენლად ველოდი ყველა დეტალის მოწყობას, რომ მერე ახალ მონაკვეთზე გადავსულიყავი და საბოლოოდ, მალევე მენახა შედეგი...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები