ოპტიმიზმის საფუძველი მაქვს, ჩართულობის, პროფესიონალიზმის და მონდომების იმ დონიდან გამომდინარე, რომელიც ვნახე და ეჭვს არ იწვევს,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჯაფარიძე შეხვედრაზე განხილულ საკითხებს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ისაუბრეს „ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ქვეყანას აქვს და ყველა იმ საკითხზე, რომელიც დასმულია პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ“.
"ეს მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ დეესკალაციას, კრიზისის განმუხტვას და შევქმნათ ფუნდამენტი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის და საზოგადოების კონსოლიდაციისთვის ეს არის უნიკალური შანსი, როდესაც ასეთი მაღალი დონის ჩართულობას ვხედავთ, იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ შევძლოთ პრობლემები გადავწიოთ უკან და ვიფიქროთ კონსტრუქციულად ერთად იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გამოვიყვანოთ იმ ბევრი პრობლემისგან, რომელიც დღეს გვაქვს. ამ მოლაპარაკებებს უნდა შევხედოთ როგორც მოლაპარაკებებს, რომელიც უქმნის შანსს ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ შევქმნათ მართლაც ნამდვილი ფუნდამენტი ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციონალური განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის საზოგადოების გამთლიანებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე დაყენებისთვის“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მოთხოვნები არ იცვლება, ნიკა მელია უნდა იყოს ჩვენს გვერდით და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება რაიმე გადაწყვეტილებას მოეწეროს ხელი. ნათელაშვილის თქმით, უპირველესი უნდა იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი, რომელიც უნდა ჩატარდეს წელს.
როგორც ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა აღნიშნა, "პოზიციები არ შეიცვლება თუნდაც მარაკანას სტადიონზე მოუწიოს გამოსვლა".
"როგორც ხედავთ, უაღრესად მწვავე და დაძაბული ქართული შიდა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ძალაუფლების უზურპაციითაა გამოწვეული, უკვე გადაიქცა საერთაშორისო პრობლემად. დღეს გრძელდება ევროპის კავშირის შუამავლობით დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. სამწუხაროა ისიც, რომ ალბათ, ორ-სამ ქვეყანაში გავდივართ დედამიწის მასშტაბით, სადაც ოპოზიციას და ხელისუფლებას შუამავალი სჭირდება და ისე ვერ ელაპარაკებიან ერთმანეთს. ეს არის ალბათ, სიარია, ერაყი, ავღანეთი და საქართველო.
აი, სადამდე მიიყვანა სულის დიდვაჭარმა ჩვენი ლამაზი და აყვავებული სამშობლო. მოთხოვნები არ იცვლება, ნიკა მელია უნდა იყოს ჩვენს გვერდით და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება რაიმე გადაწყვეტილებას მოეწეროს ხელი. ასევე, უპირველესი უნდა იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი, რომელიც უნდა ჩატარდეს ამ წელში. გარდა ამისა, ივანიშვილის პირადი სანქცირების გარეშე, მოპარული ქონების დაყადაღების გარეშე დიქტატორი არ წავა ახალ არჩევნებზე. ეს არის მწარე რეალობა. ამიტომ ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა იქნება უცვლელი - სანქციების ქვეშ ივანიშვილის და მისი გარემოცვის მილიარდები და შემდეგ ამ თანხების დაბრუნება ჩვენი ხალხის ოჯახებში და ქვეყნის ბიუჯეტში.
"ქართული ოცნება" ან ნებით დათმობს, ან ამას დაათმობინებენ. მე არ მაწუხებს რაიმე გადაჭარბებული ილუზიები, რომ დღეს, ხვალ და თუნდაც 16-მდე ყველაფერი გადაწყდება და გაირკვევა. ალბათ, მოლაპარაკებები და რქაგრეხილობა გაგრძელდება კიდევ რამდენიმე კვირა, რის შემდეგაც ოლიგარქი გამოაცხადებს კაპიტულაციას",- განაცხადა ნათელაშვილმა და დასძინა, "პოზიციები არ შეიცვლება თუნდაც მარაკანას სტადიონზე მომიწიოს გამოსვლა".
"შევთანხმდით, რომ კრისტიან დანიელსონი გააგრძელებს მოლაპარაკებას, დაელაპარაკება „ქართულ ოცნებასაც“ და ამ მოლაპარაკების შედეგად, გაგრძელდება დღეს და ხვალ პოლიტიკური კონსულტაციები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ბაქრაძემ განაცხადა, შეხვედრის შემდეგ გამოჩნდება, რამდენად შესაძლებელია კრიზისიდან გამოსვლა.
"ჩვენ, ყველა საკითხთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, მათ შორის, იმასთან დაკავშირებითაც, რომ რა თქმა უნდა, დოკუმენტი მთლიანად მნიშვნელოვანია, მაგრამ კრიზისის განმუხტვისთვის მნიშვნელოვანია ორი საკითხი, ეს არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პატიმრების გამოშვება.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დანიელსონმა ინდივიდუალური შეხვედრები უკვე გამართა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, არასამთავრობო სექტორთან, მმართველ გუნდსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან.
მოლაპარაკებები გაგრძელდება, სამწუხაროდ, არ შემიძლია მეტი დეტალები ვთქვა პირველ შეხვედრაზე, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს, დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, ხვალაც გაგრძელდება მოლაპარაკებები. იქნება შეხვედრები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ოპოზიციასთან და მმართველ გუნდთან. ასევე, შესაძლებელია, შედგეს ერთობლივი შეხვედრაც. ამ შეხვედრების შემდეგ, გამოჩნდება სად ვართ, სად ვდგავართ და რამდენად შესაძლებელია კრიზისიდან გამოსვლა.
ვისაუბრეთ 6- პუნქტიან გეგმაზე, პრეზიდენტ მიშელის გეგმის ყველა პუნქტზე, თუ როგორ ხედავს ოპოზიცია ამ გეგმის შესრულებას, როგორ ხედავს ოპოზიცია ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლას. შევთანხმდით, რომ ამ ხედვით შუამავალი, დანიელსონი გააგრძელებს მოლაპარაკებას, დაელაპარაკება „ქართულ ოცნებასაც“ და ამ მოლაპარაკების შედეგად გაგრძელდება დღეს და ხვალ პოლიტიკური კონსულტაციები. მხარეების შეხვედრა, დიდი ალბათობით შედეგება დღეს ან ხვალ, თუმცა, ვერ გეტყვით კონკრეტულ დროს, ეს დამოკიდებულია შუამავლებზე“,-აცხადებს ბაქრაძე.