ბრალდებულების მიმართ უფრო კრიტიკულ შეკითხვებს ვისურვებდი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვანმა ვახო სანაია მასზე განხორციელებული თავდასხმის საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დროს, შემთხვევის ადგილზე მყოფი მაშველები ჩვენებას აძლევენ, თუმცა არ ამბობენ მთავარს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა დაინახეს.
"გავეცანი საქმის მასალებს, მნიშვნელოვანია ორი გარემოება, ერთი რასაც ჩვენ ვყვებით, რაც რეალურად იქ მოხდა და მეორე, რასაც ორი ბრალდებული ყვება. ერთ-ერთმა გიგაურმა დუმილის უფლება გამოიყენა, მაგრამ ორი მათგანი გამომძიებელს პასუხებს აძლევს. სრულ სიცრუეს ამბობენ, ამას ის ვიდეომასალა ადასტურებს, რომელიც საქმეში დევს. ეს ჩვენი ტაქსის მიერ გადაღებული კადრებია და ამ კადრებში ყველაფერია დადასტურებული. საქმეში მხოლოდ ავტორეგისტრატორით გადაღებული მასალა დევს. საინტერესოა ერთი რამ, მე ბრალდებულების მიმართ უფრო კრიტიკულ შეკითხვებს ვისურვებდი. იმიტომ რომ სასაცილო, უსუსურ პოზიციაში აღმოჩნდნენ.
იქ იყვენენ მაშველები, რომელებიც აძლევენ ჩვენებას, მაგრამ ყველა ჩვენება პრაქტიკულად იდენტურია და იმის თქმისგან თავს იკავებენ დაინახეს, თუ არა ფიზიკური დაპირისპირება. ისინი არ ამბობენ მთავარს, რომ იქ ფიზიკური შეურაცხყოფა იყო! ზუსტად აი, ამ დარტმის მომენტის აღწერისაგან ხუთივე მათგანი თავს იკავებს. ეს ადამიანები დაგვეხმარნენ გაშველების მომენტში, მაგრამ მნიშვნელოვანია, მათ რა დაინახეს. ძალიან რბილად საუბრობენ და დარტყმის მომენტს არც ერთი არ ახსენებს“, - განაცხადა სანაიამ.
ცნობისთვის, ჟურნალისტ ვახო სანაიას 25 თებერვალს თავს დაესხნენ. თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს - სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ისინი სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე დააკავეს.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.