"ტელეკომპანია პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძე ლევან მამალაძის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მისი და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაცია იგეგმება.
როგორც მელაძე ამბობს, დღეს მას შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაუკავშირდნენ და დაცვის გამოყოფა შესთავაზეს.
"თქვენ ნახეთ, რომ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში იყო საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ბატონ ლევან მამალძესთან, სადაც მან პირდაპირ თქვა, რომ იგეგმება ჩემი და მაკა ჩიხლაძის მოკვლა. მას ეს ლიკვიდაციის გეგმა აქვს მოსმენილი და ნანახი. ამის უკან დგას ყოფილი ხელისუფლებაო და ის საუბრობდა, რომ დესტაბილიზაციის მიზნით უნდა იყოს ეს განხორციელებულიო.
მე რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ვთქვი, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. ამის შემდეგ მიკავშირდება შინაგან საქმეთა სამინისტრო და ამბობს, რომ ჩემი და მაკა ჩიხლაძის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული და მთავაზობენ, ჩავერთო მოწმეთა დაცვის პროგრამაში, ანუ სახელმწიფომ გამოყოს დაცვა.
ჩემი პირადი აღქმით, ასეთი განცხადებები, ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი სამთავრობო მედიის ეთერში შემთხვევით არ ხვდება. მე დამრა განცდა, რომ თუ ხვალ იქნება ჩემზე ან რომელიმე ჟურნალისტზე თავდასხმა, იტყვიან, აი ხო ვამბობდითო. თუ ჩვენ, რომელიმე ჟურნალისტის სიცოცხლეს" - აღნიშნა მელაძემ "ტვ პირველის" ეთერში.
ცნობისთვის, ლევან მამალაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პროვოკაციას გეგმავს.
"აქ საუბარია იმ პროვოკაციაზე, რასაც სააკაშვილი საქართველოში გეგმავს. ადეიშვილთან საუბრისას ის საუბრობს იმაზე, რომ მას აქვს დაგეგმილი, რომ გააკეთოს მსხვერპლშეწირვა კონკრეტული ჟურნალისტებისა.
იგეგმება მოკვლა ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის. საუბარია იმაზე, რომ სანაიას მსგავსი სცენარი განავითარონ, რათა რევოლუციური სცენარი გამოიწვიონ, ჩამოშალონ ქვეყანა" - აღნიშნა მამალაძემ.