ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას წინასწარი მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს ჩინურ მხარესთან, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები შემოვიდეს.
როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ჩინური ვაქცინა იმ ვაქცინების რიცხვშია, რომელიც უახლოს მომავალში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას მიიღებს.
ამასთან, ტიკარაძის თქმით, პირველი ეტაპისთვის შეკვეთილია 100 ათასი ვაქცინა და „კოვაქს პლატფორმიდან“ ვაქცინებზე დამატებით ხელმისაწვდომობაც იქნება.
„როგორც ვიცით, ჩინური ვაქცინა არის იმ ვაქცინების რიცხვში, რომელიც უახლოეს მომავალში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას მიიღებს. ჩვენ, როგორც „ასტრაზენეკას“ და ასევე, „ფაიზერის“ შემთხვევაში, წინასწარი მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე „კოვაქს პლატფორმასთან“. ასევე, ჩინურ ვაქცინას მიღებული აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზაცია, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ინტენსიურად გავარძელოთ მოლაპარაკებები. პირველი ეტაპისთვის პირდაპირ მომწოდებელთან მცირე დოზა გვაქვს შეკვეთილი, ეს არის 100 ათასი ვაქცინა და უკვე „კოვაქს პლატფორმიდან“ ვაქცინებზე დამატებით ხელმისაწვდომობა გაგვიჩნდება. ეს არის „სინოფარმი“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინის დამატებითი დოზების მიღებისთვის მოლაპარაკება მიმდინარეობს ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის ისრაელთან „ასტრაზენეკასა“ და „მოდერნას“ მისაღებად.
ამასთან, როგორც ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკება მიმდინარეობს გერმანიის მთავრობასთანაც, თუმცა მათგან ვაქცინის მიღება მხოლოდ წლის მესამე კვარტალში იქნება შესაძლებელი.
„სხვადასხვა მომწოდებელთან გვაქვს მოლაპარაკებები. ეს არის როგორც „ასტრაზენეკას“ სხვადასხვა მწარმოებელი - ინდოეთი, კორეა, ასევე მოლაპარაკებები გვაქვს „მოდერნასთან“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონთან“. „კოვაქს პლატფორმასთან“ შემდეგ დოზებზეც უკვე მიმდინარეობს დადგენა, როდის იქნება მოწოდებული. ასევე გვაქვს მოლაპარაკებები პარტნიორ ქვეყნებთან. ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელის სახელმწიფოსთან. ისრაელთან ორი მიმართულებით გვაქვს მოლაპარაკება - ერთ არის „ფაიზერის“ ვაქცინა და მეორე არის „მოდერნას“ ვაქცინა, რომლის დამატებითი დოზების შეძენა და დონაცია შეიძლება მოხდეს ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან. ასევე ინტენსიურადაა ჩართული გერმანიის მთავრობა, რომელთანაც გვაქვს მოლაპარაკებები მათ მიერ წარმოებულ ვაქცინებთან დაკავშირებით, თუმცა ამ მიმართულებით ვიცით, რომ მოწოდება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მესამე კვარტალში და არა უფრო ადრე. პარალელურ რეჟიმში საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყველა პარტნიორ ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებითი დოზების შეძენასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ტიკარაძემ.