ავტორი:

"პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლამ მიზანს ვერ მიაღწია" - რას წერს პოლონური გამოცემა საქართველოსა და მოლდოვაში შექმნილ კრიზისული სპირალზე

"პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლამ მიზანს ვერ მიაღწია" - რას წერს პოლონური გამოცემა საქართველოსა და მოლდოვაში შექმნილ კრიზისული სპირალზე

პოლონურ ჟურნალ «New Eastern Europe»-ში გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "კრიზისული სპირალი საქართველოსა და მოლდოვაში - მსგავსება, განსხვავება და გამოსავლის გზები", რომელშიც გაანალიზებულია შექმნილი ვითარება ორ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში - განხილულია მიზეზები და ფაქტორები, რომლებიც ამ ქვეყნების სიტუაციის დესტაბილიზებას იწვევენ (ავტორი - დენის ჩენუსა, გერმანიის ჰესენის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებათა ინსტიტუტის თანამშრომელი).

"ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებთან ორი ერთმანეთის მსგავსი პოლიტიკური კრიზისი დუღს: მართალია, სხვადასხვა ინტენსივობით, მაგრამ ორივეს დამანგრეველი ძალა აქვს... ორივე ქვეყანა - საქართველო და მოლდოვა - განიცდის ისეთ კრიზისებს, რომლებიც მნიშვნელოვანწილად შიდა პრობლემებით არის გამოწვეული. ორივე შემთხვევაში პოლიტიკური "პარალიჩი" უკავშირდება ოლიგარქულ გავლენებს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, რაც ზიანს აყენებს მათივე ხელისუფლებას, ენერგია და ძალა იხარჯება ურთიერთდაპირისპირებაზე იმ დროს, როცა ორივე სახელმწიფოს წინაშე რთული ეკონომიკური პრობლემები დგას, როცა ორივე ეპიდემიოლოგიურ სირთულეებს განიცდის, მცირდება საბიუჯეტო შემოსავლები, ხანგრძლივდება სტაგნაცია... დასავლელი პარტნიორების მოქმედების ეფექტი პოლიტიკური სიტუაციის გასაუმჯობესებლად ან ძალიან მცირეა (მოლდოვაში), ან საერთოდ არ არის (საქართველოში)", - ნათქვამია პუბლიკაციაში.

"საქართველო - ახალი კრიზისი თუ ძველის გაგრძელება? - ასეთი ქვესათაური აქვს სტატიის იმ ნაწილს, რომელშიც საკმაოდ დეტალურადაა განხილული საქართველოს სიტუაცია. გთავაზობთ მცირეოდენი შემოკლებით:

"ქართული დემოკრატია ცდილობს როგორმე მოაგვაროს ძველი, ჯერ კიდევ წინა წლებში დაწყებული პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც მიმდინარე წელს რეინკარნაცია განიცადა და ახალი ძალით გრძელდება. 2020 წლის მარტში, აშშ-ისა და ევროკავშირის დიპლომატიური ძალისხმევით, ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების საკითხში ზოგიერთ კომპრომისს დათანხმდა, თუმცა საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა, რომელიც ჩიხიდან გამოსავალი უნდა ყოფილიყო, პირიქით, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობა გაამწვავა. არჩევნებში მიღწეული შედეგებით "ქართულმა ოცნებამ პარლამენტში სადეპუტატო ადგილების უმრავლესობა შეინარჩუნა, თუმცა თვითონ არჩევნების პროცესს რიგი დარღვევები ახლდა, რაც ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოსადმი ბოიკოტის გამოსაცხადებლად გამოიყენა.

დასავლელი პარტნიორები მიესალმნენ არჩევნების შედეგებს, თუმცა მაინცდამაინც დიდი მოწონება არ გამოუხატავთ: საერთაშორისო დამკვირვებლები სხვადასხვა დონით აკრიტიკებდნენ საარჩევნო პროცესის ხარისხს და აღიარებდნენ, რომ პანდემიამ გარკვეული შეზღუდვები შექმნა. ოპოზიციის ბოიკოტმა ეჭვქვეშ დააყენა "ქართული ოცნების" უმრავლესობის ლეგიტიმურობა პარლამენტში და ამით ძველი "შეუხორცებელი ჭრილობები" გახსნა.

პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლამ თავის მიზანს ვერ მიაღწია და დადებითი შედეგი ვერ გამოიღო - ხელისუფლებისა და ოპოზიციის გაწყვეტილი დიალოგის აღდგენა არ მოხერხდა. განახლებული პოლიტიკური კრიზისის კრიტიკული წერტილი გახდა ოპოზიციური პოლიტიკოსის ნიკანორ მელიას (რომელიც არ დაემორჩილა სასამართლოს გადაწყვეტილებას) უხეში სახით დაპატიმრება პოლიციის მიერ.

იმ დროს, როცა მმართველ პარტიას სურდა კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა ეჩვენებინა, ოპოზიცია ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი და იმ თვალსაზრისით, რომ ისინი, სასამართლო და პროკურატურა, ოლიგარქულ რეჟიმისაგან დამოუკიდებელნი არ არიან. ეს რეჟიმი კი თავის ირგვლივ მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ათწლეულის განმავლობაში, რომელიც თითქოსდა პოლიტიკიდან წავიდა.

დასავლელი პარტნიორები, ერთი მხრივ, მხარეებს გადაწყვეტილების ძიებისათვის დიალოგისაკენ მოუწოდებენ და მეორე მხრივ, მათ შეახსენებენ, რომ კრიზისი ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას ემუქრება. ევროპა თანახმაა "შუამავლის" როლი შეასრულოს: თბილისში შარლ მიშელის ამასწინანდელი ვიზიტიც ამ მიზანს ემსახურებოდა, მაგრამ იმავდროულად ევროპას არ შეუძლია ძალით, ხელოვნურად მოახერხოს ნდობის აღდგენა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. ეს უკანასკნელი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

პლებისციტი, რომლის დროსაც პოლიტიკისაგან დაღლილი მოსახლეობა პასუხს გასცემდა კითხვას - სურთ თუ არა მათ ვადამდელი არჩევნების ჩატარება, კრიზისს ვერ შეაჩერებს. ვადამდელი არჩევნების ჩატარება რთული იქნება, რადგან ერთი მხრივ, "ქართულ ოცნებას" ხელისუფლების დაკარგვა არ უნდა, ხოლო მეორე მხრივ, დაცული არ იქნება სამართლებრივი პირობები. ეროვნული შერიგება აუცილებელია, მაგრამ ევროკავშირის მცდელობა ამ მიზნის მისაღწევად არაეფექტიანი იქნება, თუ ის მხარეებს მკაცრ პირობებს არ წაუყენებს და სხვა ხისტ ინსტრუმენტებს არ გამოიყენებს". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

"ნიკა მელია თავისი ნებით ზის ციხეში, თავს იწვალებს - "ნაცმოძრაობა" პარლამენტში შემოვა, ჭრიალ - ჭრიალით მოდიან" - ელისაშვილი

"მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა" - რაზე საყვედურობს აშშ-ის საელჩო "ქართულ ოცნებას"?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"