შვეიცარიაში საჯარო ადგილებში სახის დაფარვის, მათ შორის ბურკასა და ნიქაბის ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რეფერენდუმის ოფიციალური შედეგების თანახმად, სახის დაფარვის აკრძალვას მხარი მოსახლეობის 51.2%-მა დაუჭირა, 48.8% კი - წინააღმდეგი წავიდა.
აღნიშნული წინადადება მემარჯვენე "შვეიცარიის სახალხო პარტიამ“ წამოაყენა, რომლის კამპანიის ლოზუნგი იყო "შეაჩერე ექსტრემიზმი“.
შვეიცარიის "მუსლიმთა ცენტრალურმა საბჭომ“ რეფერენდუმი მუსლიმებისთვის ”ბნელ დღედ” შეაფასა.
”დღევანდელი გადაწყვეტილება ხსნის ძველ ჭრილობებს, კიდევ უფრო აფართოებს იურიდიული უთანასწორობის პრინციპს და მუსლიმ უმცირესობას აშკარა გარიყულობის სიგნალს უგზავნის”, - ნათქვამია "მუსლიმთა ცენტრალური საბჭოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათი თქმით, რეფერენდუმის შედეგს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
გერმანიის "ლუცერნის უნივერსიტეტის“ კვლევის თანახმად, შვეიცარიაში თითქმის არავინ ატარებს ბურკას და ნიქაბს კი მხოლოდ 30 ქალი ატარებს. შვეიცარიის 8.6 მილიონი მოსახლეობის დაახლოებით 5%-ია მუსლიმი, მათი უმრავლესობა თურქეთიდან, ბოსნიიდან და კოსოვოდან არის.
BBC-ი წერს, რომ კვირას ჩატარებულ რეფერენდუმზე ისლამი პირდაპირ ნახსენები არ ყოფილა და ის ქუჩის ძალადობრივი აქციების მონაწილეების მხრიდან ნიღბების გამოყენების აკრძალვასაც ითვალისწინებდა, თუმცა ხმის მიცემა მაინც "ბურკას აკრძალვად" შეფასდა.