ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება ეუთო/ოდირის არჩევნების მცირემასშტაბიანი სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
"ანგარიში ხაზს უსვამს მნიშვნელოვანი რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას, კერძოდ, კამპანიის დაფინანსების, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობისა და დავების გადაწყვეტის თვალსაზრისით. შეერთებული შტატები იზიარებს ამ შეშფოთებას და მოუწოდებს პარლამენტს, გააგრძელოს რეფორმაზე ფართო და ინკლუზიური მსჯელობის პროცესი, რომელიც დააკმაყოფილებს ოდირის მრავალწლიან რეკომენდაციებს.
ეს მნიშვნელოვანი რეფორმები გააძლიერებს პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიას და დაეხმარება საქართველოს, მიაღწიოს მზარდი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს. სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას, მათ შორის ამჟამად პარლამენტს გარეთ მყოფ ოპოზიციურ პარტიებს, მნიშვნელოვანი ხედვა აქვთ, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, კეთილსინდისიერად ჩაერთონ რეფორმების პროცესში იმისთვის, რომ პარლამენტი გაძლიერდეს და მომავალი არჩევნები იყოს უფრო თავისუფალი და სამართლიანი“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებული საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო, საერთო ჯამში, დემოკრატიული არჩევნების გამართვის საფუძველს იძლევა, თუმცა ოდირის წინა რეკომენდაციების მიუხედავად, საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები და ორაზროვნება, რასაც, ზოგიერთ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციის, სასამართლოებისა და სხვა შესაბამისი აქტორების მხრიდან კანონის შეუსაბამო გამოყენება მოჰყვა.
ამავე დოკუმენტის თანახმად, შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებები დიდწილად დაცული იყო და კანდიდატებს, ზოგადად, თავისუფლად და ზედმეტი შეზღუდვების გარეშე შეეძლოთ კამპანიის წარმოება, ამასთან, კამპანიის დროს ადგილი ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ცალკეულ შემთხვევებს.
ანგარიში საქართველოს ხელისუფლებისადმი რეკომენდაციებსაც ითვალისწინებს.