ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებულ ქსელში 1-ელი აპრილიდან ჩაერთვება, შესაძლოა, 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი გახდეს.
აღნიშნულს "საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის 2021-2023 წლების სამუშაო პროგრამა" ითვალისწინებს, რომელსაც თბილისის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.
როგორც „ინტერპრესნიუსს" ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ განუცხადა, გადახდის ინტეგრირებული სქემა კომპანია „სისტრამ" მოამაზადა და გულისხმობს, რომ ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათ-ნახევრის განმავლობაში შეეძლება მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა.
მისივე განმარტებით, 1-ელი აპრილიდან ინტეგრირებულ სისტემაში 300 ლურჯი მიკროავტობუსი ჩაერთვება და ტარიფის ცვლილება ძველ, ყვითელ მიკროავტობუსების არ შეეხება.
"მოქალაქეები ისარგებლებენ იმ შეღავათებით, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჰქონდა, კერძოდ, საათნახევრის განმავლობაში ისინი ერთი გადახდის შემდეგ უფასოდ იმგზავრებენ როგორც მეტროში, ასევე ავტობუსსა და ლურჯ მიკროავტობუსში. გაერთიანებული ინტეგრირებული სისტემა უფრო მოსახერხებელი და გამარტივებული იქნება. საკრებულო ამ ცვლილებას მხარს დაუჭერს ისევე, როგორც სატრანსპორტო რეფორმას, რომელსაც მერია ახორციელებს. ეს არის დღესდღეობით მთავარი და წარმატებული რეფორმა",- განაცხადა გრიგოლიამ.
მისივე ინფორმაციით, დღესდღეობით 300 ლურჯი მიკროავტობუსია დედაქალაქში, რომელიც მერიამ შეისყიდა, თუმცა, მომდევნო ეტაპზე მიკროავტობუსების რაოდენობა გაიზრდება.
„უკვე შესყიდული 300-ვე მიკროავტობუსი კომპანიას გამოსყიდული აქვს მერიისგან. შესაბამისად, გვაქვს გარანტია, რომ აღნიშნული თანხა ბიუჯეტში მოხვდება. კომპანია ასრულებს თავის პირობას, ამიტომ მერია კიდევ 300-350 მიკროავტობუსს შეიძენს. ამასთანავე არის გეგმაში, რომ კომპანიამ კიდევ 400 მიკროავტობუსი შეისყიდოს, რაზეც ახლა მუშაობენ. დაახლოებით, 700 ერთეული მიკროავტობუსი უახლოეს პერიოდში უნდა გვყავდეს", - განცხადა გრიგოლიამ.
რაც შეეხება მერიის მიერ საკრებულოსთვის წარდგენილი პროგრამას, ის ჯამში 15 პუნქტისგან შედგება.
მასში აღნიშნულია, რომ „სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის ავტობუსებით (მიკროავტობუსებით) მგზავრობის ფასის დადგენა 50 თეთრის ოდენობით“ უნდა მოხდეს.
ასევე უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის (M3 კატეგორიის ავტობუსი და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) უფასო გადაჯდომის არსებულ სისტემაში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის ავტობუსების ჩართვის უზრუნველყოფა. ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში (M3 კატეგორიის ავტობუსი და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) არსებული შეღავათიანი მგზავრობის პირობების გავრცელება სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართულ M2 კატეგორიის ავტობუსებში, რისი განხორციელების ვადაც დოკუმენტის თანახმად 2021 წლის 1-ელი აპრილია.
მერიის მიერ საკრებულოსთვის წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, სხვა საკითხები ასევე ითვალისწინებს ტენდერის გამოცხადებას:
8-მეტრიანი 180 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსის შესყიდვაზე მე-7 და მე-10 პუნქტების გათვალისწინებით (01.05.2021);
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელების მიერ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ უკვე შესყიდული 300 ერთეული M2 კატეგორიის ავტობუსის გამოსყიდვის უზრუნველყოფას (01.08.2021);
ტენდერის გამოცხადებას 18-მეტრიანი M3 კატეგორიის 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვაზე მე-13 პუნქტის გათვალისწინებით (01.09.2021);
8-მეტრიანი არანაკლებ 50 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსის მიღების უზრუნველყოფას(01.01.2022); ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელების მიერ დამატებით 400 ერთეული M2 კატეგორიის ახალი ავტობუსის შესყიდვა და მიღების უზრუნველყოფას(01.01.2022);
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ 300 ერთეული M2 კატეგორიის ახალი ავტობუსის შესყიდვის და მიღების უზრუნველყოფას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელებისთვის გადაცემას (01.01.2022);
8-მეტრიანი 130 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსის მიღების უზრუნველყოფას(01.06.2022);
1 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსების არსებული ავტობაზის რეაბილიტაციას(01.01.2023);
1 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსების ახალი ავტობაზის მშენებლობას (01.07.2023);
18-მეტრიანი M3 კატეგორიის 200 ერთეული ავტობუსის მიღების უზრუნველყოფას(01.07.2023);
მგზავრობის ვადიანი აბონემენტების დანერგვას და ამოქმედებას(01.07.2023);
მგზავრთა გადაყვანის ახალი ქსელის სრულად ამოქმედებას (01.07.2023).