„არც მახსოვს, როდის გააკეთეს ჩემზე არაპოლიტიკური სტატია,“ - მეუბნება სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი და ინტერვიუზე მთანხმდება, თუმცა იქვე ამბობს, რომ მისი ინტერვიუ ვის აინტერესებს... მოკლედ, AMBEBI.GE-სთვის დათქმული დიალოგი აქციების გამო რამდენჯერმე გადაგვედო... საბოლოოდ, როგორღაც მოვიხელთე ადამიანი, რომელიც ბოლო წლებია, უმეტეს დროს ქუჩაში, აქციებზე ატარებს. სალაპარაკო და მოსათხრობი საკუთარი ცხოვრებიდან გიგას ბევრი აქვს. ჩვენი საუბარი კი ასე დაიწყო.
- რატომღაც მგონია, რომ ბავშვობაში თმახუჭუჭა, ცელქი, მოუსვენარი ბიჭი იყავი...
- ბავშვობაში სულ მოკლედ მქონდა თმა შეჭრილი, რადგანაც ზედმეტად გაჭირვებული ოჯახიდან ვიყავი და არავის ეცალა, ჩემი ვარცხნილობისთვის გამორჩეულად მიეხედა... 16 წლის ასაკში კი, უნივერსიტეტის პირველ კურსზე აღმოვაჩინე, რომ ვაკეში გრძელი თმით ბევრი დადიოდა და გადავწყვიტე, თმა მეც გამეზარდა. მაშინ გაირკვა, რომ დედასავით და მამასავით ძალიან ხუჭუჭა ვარ... 2010 წელს კი, როგორც ბევრს, თმის ცვენა მეც დამეწყო, სულ რომ არ გავმელოტებულიყავი, შევიჭერი... რაც შეეხება ცელქობას, დამჯერი ვიყავი, ბავშვობაში არც ერთი სათამაშო არ გამიტეხავს, ჩემთვის ნაყიდი სათამაშოები 5 წლის მერე დაბადებულმა ჩემმა დამ მოსპო. არც კონფლიქტური ვყოფილვარ და არც ახლა ვარ, ნერვებს ძალიან რომ დამაწყვეტენ, მაშინ ვბრაზდები, მაგრამ მაშინაც არავის არაფერს ვუშავებ, უბრალოდ ვბრაზობ... სკოლაში პირველიდან ბოლო წლამდე ოთხიანი არ მიმიღია. კარგი მოსწავლე ვიყავი.
- ფრიადოსანი ყოფილხარ...
- სკოლა მეათე კლასელმა დავამთავრე და უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ექსტერნად მძიმე კონკურენციის პირობებში ჩავაბარე. ასე დაიწყო ჩემი სტუდენტობა. კარგად ვსწავლობდი. მეორე კურსის ბოლოს „პირველი არხიდან“ თაკო ფხაკაძე მოვიდა, რომელმაც ფაკულტეტის ხელმძღვანელობას უთხრა, - ახალი კადრები გვჭირდებაო. მაშინ ფაკულტეტზე 600 სტუდენტი ვიყავით და იქიდან ოთხი აგვარჩიეს, მათ შორის, ჩემი მეგობარი, თამთა სანიკიძეც, რომელიც დღემდე „პირველ არხზეა“.
- ჟურნალისტობა რატომ გადაწყვიტე?
- ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა. სკოლაში 1991 წელს შევედი. შემოქმედებითი ცხოვრება მაშინ არ არსებობდა. არადა, აქტიური ტიპი ვიყავი და სულ მქონდა ამის ნაკლებობა. ამიტომ, თუ რაიმე ღონისძიება ტარდებოდა, ყველაფერში ჩართული ვიყავი... უნივერსიტეტში 2001 წელს ჩავაბარე, უკვე რაღაც მოძრაობები იწყებოდა, ვიღაცები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, რომ შევარდნაძის ეპოქის დასასრული ახლოვდებოდა. მეც მინდოდა, ვყოფილიყავი ადამიანი, რომელიც მანკიერ მხარეებს ამხელდა... მახსოვს, ბოლო გამოცდა მქონდა და იმ დღეს ყველაზე მაგარი ჟურნალისტი გიო სანაია მოკლეს. ამან კიდევ გამიმძაფრა სურვილი, იქნებ მეც ვიყო ერთ-ერთი, ვინც მის გზას გააგრძელებს-მეთქი... სამწუხაროდ, სტუდენტობა ბოლომდე ვერ შევიგრძენი, რადგანაც მეორე კურსის ბოლოს უკვე „მოამბის“ ჟურნალისტი ვიყავი. იქაც სწრაფად მოვახერხე ადაპტირება. რაც უნივერსიტეტში უნდა ესწავლებინათ, იმას უკვე ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურში ვაკეთებდი და თან, შტატიანი თანამშრომელი ვიყავი.
- გაჭირვებული ოჯახიდან ვიყავიო - აღნიშნე. მოგვიყევი ოჯახზე...
- მამა მოხალისედ აფხაზეთის ომში რომ წავიდა, 6 წლის ვიყავი, ჩემი და მაშინ თვეების იყო. დედა გვზრდიდა, რომელიც მათემატიკოსია, ბავშვებს ამზადებდა და დღემდე ასეა - აბიტურიენტებს მათემატიკასა და უნარებში ამეცადინებს. საკუთარ ანგარიშზე, რამდენიმე ასეული სტუდენტი ჰყავს. 100%-იანი შედეგები აქვს... მამა ომიდან ჯანმრთელი დაბრუნდა და სამსახური შინაგან ჯარში დაიწყო. მახსოვს, იქიდან ერთი პური მოჰქონდა ხოლმე. ჯარი „მერვე პოლკში“ იყო და მეტრო რომ ჩერდებოდა, სახლში ფეხით მოდიდა... იმ პერიოდში ბევრს უჭირდა... უფროსი ბიძაშვილი მყავს და იმის გამონაცვალი ტანსაცმელი მეცვა ხოლმე, ჩემთვის ვერ ყიდულობდნენ, თუმცა ჩემი და ჩემი დის სწავლა-განათლებაზე იყო აქცენტი გადატანილი. ვფიქრობ, რომ ეს ყოველთვის საუკეთესო ინვესტიციაა...
- შენი და ვინ არის პროფესიით?
- მსახიობია, თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრა. ეროვნულ მუზეუმში პიარში მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ხელფასი აქვს, სამსახური მოსწონს და ამ მხრივ ბედნიერია. მინდა, რომ ერთ დღესაც ისეთი ქვეყანა გვქოდეს, რომ ყველა პროფესიონალი თავის საქმეში სრულფასოვნად და ღირსეულად იყოს ანაზღაურებული.
- მშობლებს საკუთარ „ფეისბუქგვერდზე“ თბილ პოსტებს უძღვნი ხოლმე...
- თუკი რამ კარგი მაქვს, მათგან მაქვს. მამაჩემს ჩემი მეგობრების უმრავლესობა იცნობს და მეუბნებიან, რომ 100-ჯერ უკეთესია მასთან მეგობრობაო... დედა სახლშია ძირითადად, მოსწავლეებთან მუშაობს. მას კიდევ უფრო მეტი სითბო და სიყვარული აქვს დაგროვებული. სიკეთის განსახიერება ადამიანია. ჩვენზე, ოჯახზე, გაცილებით ცოტა დროს ხარჯავს, ვიდრე მეზობლებზე, ნათესავებზე, მეგობრებსა და აბიტურიენტ-სტუდენტებზე. მოსიარულე სიკეთეა. არ დაღლილა და არ გაჩერებულა არც ერთი წამით...
- მამა დღეს საქართველოს პარლამენტში გახმოვანების განყოფილებაში წამყვანი სპეციალისტია. ერთხელ ჩემი რესპონდენტიც იყო. მისი ფუნქციაა დარბაზში, საპარლამენტო სხდომის დროს გახმოვანება უზრუნველყოს. შენთვის რას ნიშავს ეს?
- კი, მამა გახმოვანების „გამგებელია“... პარლამენტში 1998 წლიდან მუშაობს. არასოდეს არანაირი დისკომფორტი არ შეჰქმნია არც ერთი პარლამენტის თავჯდომარის (ჟვანია, ბურჯანაძე, ბაქრაძე, უსუფაშვილი) დროს. კობახიძე-თალაკვაძის პერიოდმაც მოუწია. პრობლემა მისთვისაც და ჩემთვისაც მაშინ შეიქმნა, როცა მე როგორც სამოქალაქო აქტივისტი ასპარეზზე გამოვჩნდი, რომელიც ხმამაღლა ამბობს რაღაცებს, რაც არ მოსწონს. ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც, როცა დარბევაში მეც მოვყოლივარ და საავადმყოფოში ვწოლილვარ, თუნდაც 7 ნოემბერს. მაგრამ მსგავსი არასდროს არაფერი მოგვისმენია, როდესაც ქუცნაშვილმა დაგვაბრალა - მაქარაშვილების მოწყობილია გავრილოვის ჩამოყვანაო. მამამ ჩამოიყვანა, ჩასვა სავარძელში და შვილმა გააპროტესტაო... ბატონი ვოლსკიც ბუზღუნებს, რომ მაქარაშვილები შინ და გარეთ ვერ მოიშორა... მამასთან ყველა თანამშრომელს კარგი ურთიერთობა აქვს. როგორც ჩანს, იმ კატეგორიის პროფესიონალია, რომ იმის გამო, რომ შვილი რაღაცას აპროტესტებს, მას ასე მარტივად სამსახურიდან ვერ გაუშვებენ. თვითონაც ხშირად მარტივად ისხლეტავს იმ „შავ ტალახს“, რომელსაც მისი მისამართით ისვრიან. მამა იქ მუშაობს, თავის საქმეს აკეთებს და პარლამენტის აპარატის თანმშრომლებს, რასაც მე ვაპროტესტებ, საერთოდ არ ეხება. ჩვენი კრიტიკის საგანი ის ადამიანები არიან, რომლებიც საკანონმდებლო ბაზას ქმნიან და ვერ ქმნიან, მაგრამ ვინც პარლამენტში წლებია, მუშაობს, ეს ხალხი მაღალი ხარისხის პროფესიონალები არიან.
- რა იყო შენი ჟურნალისტიკიდან სამოქალაქო აქტივისტობისკენ გადახრის მიზეზი. ბიძგი რამ მოგცა?
- 2009 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან „იმედში“ გადავედი. პროექტების ერთ-ერთი მთავარი რედაქტორი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ იმ დროსვე გადავწყვიტე საკუთარი ბიზნესის დაწყება. 2008 წლის ომის შემდგომმა პრობლემებმა, ასევე იმ დროს შექმნილმა მსოფლიო კრიზისმა გავლენა იქონია და ბიზნესი ჩამივარდა. დამრჩა დიდი სესხი, რასაც წლების განმავლობაში 2018 წლამდე მთელი ოჯახი (მე, დედა, მამა და ჩემი და) გაჭირვებით ვიხდიდით. ამ ეტაპზე ისეა, რომ საკუთარი სახლიც არ გვაქვს, მაგრამ არავის არაფერს ვაბრალებთ, ცხოვრებაში არის, როცა რაღაცები გამოდის და რაღაცები - არა. მთავარია, ვადაპტირდეთ გარემოში და მალე დავდგეთ ფეხზე... ბიზნესი რომ ჩავარდა, ტელევიზიაში დაბრუნება აღარ მინდოდა, თან, ჩემი ნებით წამოვედი. მოკლედ, პიარში წავედი. ეს ნაცადი ხერხია, ჟურნალისტების უმრავლესობა ჟურნალისტიკას თავს რომ ანებებს, პიარში (მონათესავე სფეროებია) გადადიან. ასე რომ, რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან მიმუშავია. პატარ-პატარა კომპანიებს ვუკეთებდით პიარს. მერე სოციალური ქსელი შემოვიდა, სრულიად ახალი სფერო და პიარისთვის მისი ათვისება ვცადეთ. მერე „პანორამა თბილისის“ მშენებლობის იდეა გავაპროტესტე, ეს ის პერიოდია, როცა „თავისუფლების მოედანი“ ერთ ლარად გადასცეს. ამის გამო საკრებულოს წინ აქციაზე მეც ვიდექი. ხმაც არ ამომიღია და დამაკავეს (ეს იყო 2014 წელი და ჩემი პირველი დაკავება). ძალიან გავბრაზდი და მაშინ ვიგრძენი, რომ აშკარა საფრთხე მოდიოდა... მერე იყო კიდევ რამდენიმე დიდი აქცია, „ბასიანი“ „მაჩალიკაშვილი,“ რომელშიც ჩართული ვიყავი.
- დღეს უკვე საპროტესტო აქცია უშენოდ რთულად წარმოსადგენია, - ასეთი აქტივობა არ გღლის?
- მღლის, მგრამ მყავს შვილი მიხო მაქარაშვილი 11 წლის ნახევრის, ვეცადე, ნეგატიური ამბებისგან შორს მყოლოდა, მაგრამ 21-ე საუკუნეა, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქა, ბაშვები კარგად ითვისებენ ამ ყველაფერს. მათ ბევრ რამეს ვეღარ აარიდებ, მით უმეტეს, როცა ხელისუფლება მილიონებს ხარჯავს იმაში, რომ ტროლები და ბოტები ჰყავდეს, რომ ტალახი შემოგაზილონ... ბავშვს ტყუილში რომ არ ეცხოვრა, შევეცადე, ამეხსნა, რატომ აქტიურობს მამა. ის კარგად ფლობს ინგლისურს, ციფრულ ტექნოლოგიებში მარტივად ერკვევა და დასკვნების გამოტანაც შეუძლია. იცის, რომ დასავლეთში გაცილებით მაღალია თავისუფლების, დემოკრატიის ხარისხი, რაც ჩვენთან ასე არ არის. მამა იბრძვის იმისთვის, რომ მომავალში ბევრი რამ უკეთ იყოს მისთვისაც და მისი კლასელებისთვისაც. ხშირად მაკავებს პოლიცია, რომელიც, როგორც წესი, არ არის მართალი. კრიმინალი არ ვარ და არც ერთი სისხლის სამართლის საქმე არ მაქვს, ყოველ ჯერზე აქციაზე ვარ დაკავებული. ამიტომ, ეს ჩემთვის ღირსების ბრძოლაა და ბოლომდეა მისაყვანი.
- 2019 წელს ფეხით მსვლელობა გქონდა ენგურზე...
- კი, ეს იყო „თავისუფლების მარში“, რომელიც 20 ივნისამდე ერთი თვით ადრე დავამთავრე. 9 აპრილს გორიდან დავიწყე და 1517 კილომეტრი 47 დღის განმავლობაში დავფარე. ზუსტად დამოუკიდებლობის დღეს მესტიაში ზურგჩანთით, კარვით, საქართველოს დიდი დროშით და „რუსეთი ოკუპანტიას“ შეძახილით დავასრულე. მაგ პეროდში განსახილველი პრობლემური თემების ტოპათეულშიც ვერ შედიოდა ოკუპაციის თემა, თუმცა მერე ჩემი გუნდი შემოვიკრიბე - 10.000-მდე ადამიანი იყო ამ მსვლელობაში ჩართული. სხვადასხვა ადგილას გვიერთდებოდნენ, ზოგს საჭმელი მოჰქონდა, ზოგი სახლში მეპატიჟებოდა, რომ ლოგინში ნორმალურად დამეძინა. 26 მაისიდან ერთი თვე არ იყო გასული, როგორც ვთქვი და გავრილოვი ჩამოაბრძანეს და ეს თემა ისევ გააქტიურდა. სანამ დეოკუპაცია არ დადგება და ერი ერთი მთავარი მტრის წინააღმდეგ ერთად არ დადგება, მანამდე არაფერი გამოვა.
- შენი აქტივობების გამო ხშირად ცხარე კრიტიკის ობიექტი ხარ. სოციალურ ქსელში გიძღვნიან შარჟებს, მკვეთრი სატირული ნამუშევრებიც არის და არც ისე სახარბიელო კონტექსტში მოგიხსენიებენ. არ ვიცი, მათი ავტორები ტროლები არიან, ბოტები თუ გულწრფელდ ასე ფიქრობენ... ფაქტია, რომ ეს მასალა არსებობს. თავად როგორ ხვდები და აფასებ ამას?
- არ იყო მარტივი... განსაკუთრებით, 20 ივნისის შემდეგ დიდი ტალღა წამოვიდა... ამერიკელების 70-კაციანი ჯგუფი იყო ჩამოსული, საკმაოდ მასშტაბური სოციალური კვლევა ჰქოდათ. 2 თვის განმავლობაში, მიმდინარე პროცესებზე, ტროლების და ბოტების გავლენას იკვლევდნენ. მათი შედეგებით, მესამე ადგილზე აღმოვჩნდი, ვისაც ტროლები და ბოტები ყველაზე მეტად უტევდნენ. პირველზე იყო სააკაშვილი, მეორეზე - ბოკერია და გვარამია. ჩემს გასაშავებლად 2 მილიონი დოლარი ე.წ. ბუსტშია გადახდილი... გესმით, რა თანხაზეა ლაპარაკი?! სხვადასხვა სახის ტროლია, მაგრამ ძირითადებია - რომ ვარ ნარკომანი, ჰომოსექსუალი, ნაცი, სომეხი, რუსეთის აგენტი, დანარჩენი წვრილ-წვრილი რაღაცები... ვითომ ხელისუფლების ჩაბარებისთვის ვიბრძვი და აგერ უკვე მზად ვარ, პრემიერ-მინისტრის პორტფელი ჩავიბარო. ვიღაცები ამას იჯერებენ... თავიდან მტკივენეულად აღვიქვამდი, მაგრამ მივხვდი, რომ არ ღირს გაბრაზება. თვითონაც ვაზიარებ ხოლმე ჩემს გვერდზე ამ ყველაფერს და ჩემი, დაახლოებით 20.000-იანი სამეგობრო ზუსტად ისევე ხვდება მათ დაწერილ სისულელეებს, როგორც მე. ეს ტალღაც ნელ-ნელა კლებულობს...
- შვილთან რა დროს ატარებ?
- შვილი ცხოვრობს დედასთან, თუმცა ერთმანეთისთვის იმდენად მნიშვნელოვნები ვართ, რომ არა თუ კვირა, მის გარეშე დღე ვერ გავძლებ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მქონდა საშუალება, კარგი სტიპენდია ამეღო, ჯავახიშილის ბაკალავრიატი მაქვს დამთავრებული და ილიაუნის მაგისტრატურა, მიხო ვერ დავტოვე, რომ დამატებითი განათლების მისაღებად წავსულიყავი, რომელიც ძალიან მჭირდება. მალე 36 წლის ვხდები. მოდის თაობა, ჩემზე უმცროსი, რომლებიც გაცილებით სხარტად აზროვნებს, მეტად სწრაფია. მინდა, ამ კონკურენციაში მეც ვიყო. ჯერ არ დამიკარგავს იმედი, რომ ამ ბრძოლას შედეგამდე მივიყვან! ყველაფერი გარკვეულ კალაპოტს რომ მიიღებს, აქტივისტობას მეც ჩავეხსნები...
- შენი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა, ხომ?
- ისეთ ასაკში დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება, როგორც ჩანს, ამისთვის მზად არ ვიყავი. შეცდომები, ბუნებრივია, დავუშვი, რამაც საბოლოოდ იქამდე მიმიყვანა, რომ მართლაც ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემი პირველი და ერთადერთი ქორწინება, რასაც დღემდე განვიცდი. ჩემი შვილი საერთოდ ვერ ხვდება, მისი დედა-მამა რატომ შეიძლება, რომ ერთად არ იყვნენ... მაგრამ მშობლები მას არაფერს აკლებენ... მე და ნინო გომართელი (ტელეჟურნალისტი - ავტ.) ქორწინებაში ლამის 2 წელი ვიყავით, მანამდე წელიწად-ნახევარი - შეყვარებულები. მერე რაღაცნაირად აღარ გამოვიდა ერთად ყოფნა, ვეღარ ავაწყეთ, სამაგიეროდ, ფანტასტიკური ბიჭი გვყავს, ჩვენი გადაკვეთის წერტილი. ძალიან კარგი დედაა. რომ ვიცოდე, ბოლო სიტყვა მაქვს სათქმელი, მადლობას ვეტყვი ნინოს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი შვილი იყოს კარგი ადამიანი და მაქსიმალურად განათლებული. მეც არაფერს ვიშურებ იმისთვის, რომ ვიყო კარგი მამა...
- დაოჯახებას კიდევ აპირებ?
- თუ ოდესმე აქცია დასრულდება და პირადი ცხოვრებისთვის გამოვნახე დრო, მინდა, რომ ბევრი შვილი მყავდეს...
- დეკემბერ-იანვარში საქველმოქმედო საქმეებში იყავი ჩართული. დასრულდა ეს საქმიანობა?
- იმის გამო, რომ სულ აქციებზე გვიწევს ყოფნა, ახლა ცოტათი შენელდა. რეალურად კი მასშტაბური პროექტი აღმოჩნდა... არადა, ყველაფერი ჩემს ერთ პოსტს მოყვა. უცებ 2000 მოხალისე გამოჩნდა, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ. შიმშილს 80.000-ზე მეტი ადამიანი გადავარჩინეთ. 2 თვისა და 9 დღის განმავლობაში 127 ტონა პროდუქტი ვიყიდეთ და დავარიგეთ. დღეში 150 ოჯახში შევდიოდით. 50-55 კილო 18 დასახელების პროდუქტი მიგვქონდა. ამ ყველაფერში გამოჩნდა, რომ კრიტიკულ მომენტში სოლიდარობის მომენტი გვაქვს...
- რა არის შენი ოცნება?
- არც განიხილება სხვა რამ დეოკუპაციის გარდა...