მოკლული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის და დღევანდელ პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ანი შაქარაშვილი შაქარაშვილის ბრალდებულების მშობლებსა და ოჯახის წევრებსაც პასუხობს, სადაც ისინი ამბობენ, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მზად არიან, კარვები გაშალონ.
"კაცობრიობამ ცივილიზაციის მიღწევამდე, ხანგრძლივი გზა განვლო და ცხოველური საწყისები გადალახა, იმიტომ რომ ადამიანად ჩამოყალიბებულიყო. თქვენ?! თქვენ საერთოდ ცივილიზაციას მოწყვეტილი ადამიანები ხართ და მანიპულატორები, რომლებიც ცდილობენ რაღაც ადგილი დაიმკვიდრონ იმ საზოგადოებაში სადაც მათი ადგილი არ არის, იმიტომ რომ ცხოველი როდის "გაცხოველდება" არავინ იცის!!
კარვების გაშლა კი არა ვერაფერი გიშველით, ეგ კარავიც თავზე ჩამოგეშლებათ. მანამდე კი თქვენი შვილები მოიხდიან იმ სასჯელს რომელსაც ნამდვილად იმსახურებენ!! 17 წელზე ატირებული და აკანკალებული ხმა უკვე საკუთარ განაჩენზე ხელის მოწერაა, მაშინ რატომ არ აგიკანკალდათ ხელი ან ხმა ბავშვს რომ ესე იმეტებდით?! იმ ბავშვს რომელიც თქვენნაირი ცხოველებისგან გარბოდა.. ერთადერთი უდანაშაულო აქ მხოლოდ ჩემი ძმა იყო და ისიც გაწირეთ. ახლა საკმარისი დრო გექნებათ "ცრემლებისთვის", თუმცა საკითხავი ის არის როდემდე?!" - წერს ანი შაქარაშვილი.
გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის საქმის მოსამართლე ბიძინა სტურუა განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც მცხეთის რაიონულ სასამართლოში რანდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მხარეებმა რეპლიკის უფლებით ისარგებლეს. ასევე, საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს ბრალდებულებმა.
შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში 100-მდე მოწმეა დაკითხული, ასევე გამოკვლეულია წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები. პროკურატურას ხუთივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის, დაცვის მხარეს კი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.
აღნიშნულ ეპიზოდზე სასამართლოში ჩვენება მისცა გარდაცვლილის უფლებამონაცვლემ, გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამუნა შალვაშვილმა, ის ბრალდებულების გამტყუნებასა და მკაცრად დასჯას ითხოვს.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.