გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ.როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბადრი ბასიშვილმა განუცხადა, დამტვრეულია მინები და დაზიანებულია ინვენტარი.
როგორც ბასიშვილმა განაცხადა, პარტიის ოფისს, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს.
"როგორც ვიცი, ეს იყო ჯგუფურად დაგეგმილი თავდასხმა, რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. დიდი ალბათობით "ქართული ოცნების" აქტივისტები იყვნენ. ეს 2012 წლიდან უკვე მე-6 ფაქტია, მათ შორის ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს ხდებოდა ყველაზე ხშირად. ახლაც ღარიბაშვილი დაინიშნა რამდენიმე დღეა პრემიერად და დიდი ალბათობით, ანალოგიური პროცესების გაგრძელებას უნდა ველოდოთ.
დაზიანებულია ინვენტარი, დამტვრეულია მინები, როგორც ვიცი, რამდენიმე პიროვნება პოლიციამ უკვე დააკავა", - განაცხადა ბასიშვილმა.
ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დაკავებულია სამი პირი.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.