მათი ურთიერთობის ამბავს ახლობლები ლეგენდას უწოდებდნენ. გაცნობიდან 4 წლის განმავლობაში ყოველდღიურად ხვდებოდნენ, თურმე, ერთმანეთს, სეირნობდნენ, კინოში დადიოდნენ, საუბრობდნენ და დამშვიდობებაც უჩვეულო ჰქონდათ - მამაკაცი ქალს მისთვის დაწერილ მორიგ წერილს გადასცემდა ხოლმე... 4 წელი იარეს შეყვარებულებმა და ერთმანეთი არასდროს მობეზრებიათ. რა საოცარი, მრავალმხრივი, საინტერესო უნდა ყოფილიყო მამაკაცი, რომ მის საუბარს, მასთან ამგვარ, ფაქტობრივად, პლატონურ ურთიერთობას ქალისთვის მისდამი ინტერესი არ დაეკარგა. - მასში მამაკაცს კი არ ვხედავდი და მაინცდამაინც ფიზიკურად ერთად ყოფნაზე კი არ ვფიქრობდი, მე მისი გონება და ინტელექტი მომწონდა. თავად სუსტი ვიყავი და ადვილად ვიღლებოდი, მასთან განშორების შემდეგ, შინ რომ ვბრუნდებოდი, ჯერ მის წერილს ვკითხულობდი და მერე მშვიდად ვიძინებდი ხოლმე. დედა სულ ამბობდა, ასეთი შეყვარებული ჯერ არ მინახავს, მკვდარივით სძინავსო.
დღეს ქალი 91 წლის არის, მამაკაცი კი სამარადისოდ 48 წლის დარჩა. ძალიან მოკრძალებული კაცი კი ყოფილა, ბევრი ლაპარაკი არ ჰყვარებია და თუ მაინც იტყოდა, მის ნათქვამს წყალი არასდროს გაუვიდოდა. იცით, როგორი კაცი ყოფილა? - თურმე, არც თავის მწუხარებას მოგახვევდა თავს და არც სიხარულს.
ქალი ისტორიკოსი იყო - ცირა შოთაძე, მამაკაცი კი - მწერალი და ჟურნალისტი ედიშერ ყიფიანი. ეს უკანასკნელი ახალგაზრდა წავიდა ამ წუთისოფლიდან. მწერალ არჩილ სულაკაურს უთქვამს, - მაინც რა უცნაური ძალა ჰქონდა ედიშერს, სულ რაღაც რამდენიმე წუთის განმავლობაში შეეძლო თავისი სიკეთის ყლორტი გადაენერგა უცხო ადამიანის სულში. ამქვეყნიდან წასული კაციც კი მუდამ მაკეთილშობილებდა, კვლავ ჩემი სულის აღზრდაზე ფიქრობდაო.
საოცრად ლამაზ და სათნო ქალბატონს, ცირა შოთაძეს წლების წინ რამდენჯერმე შევხვდი, გამომცემლობა "პალიტრა L" ბატონი ედიშერის წიგნს გამოსცემდა. ახლა, წლების შემდეგ, ძალიან მომინდა მასთან გასაუბრება, ბატონი ედიშერის და მათი სიყვარულის გახსენება და ტელეფონით მოვიკითხე, ყოჩაღად ხომ ხართ-მეთქი? - ეეჰ, ძალიან ძნელია ამ ასაკში ყოჩაღად ყოფნაო, - მომიგო, თუმცა მაინც მხნედ დაიწყო…წარსულის, სიყვარულის და ძველი ურთიერთობების გახსენება:
- იმ თაობის ბიჭები, სარგის ცაიშვილი, არჩილ სულაკაური, ოთარ და თამაზ ჭილაძეები... რომელი ერთი დავასახელო - ყველანი გამორჩეულად კარგები იყვნენ... მათი შეკრებები ისეთი საინტერესო იყო, მართლაც გონებამახვილობის ზეიმი ჰქონდათ. როცა რაღაც გაუგებრობა ხდებოდა, ედიშერი ყოველთვის ცდილობდა, ყველა შეერიგებინა, ყველა კარგად ყოფილიყო ერთმანეთთან...
გაინტერესებს, როგორ დაიწყო ჩვენი სიყვარული? უნივერსიტეტში ვაპირებდი ჩაბარებას და საბუთები რომ შევიტანე, ედიშერიც იქ იყო, მაშინ გავიცანი. თვითონ იმჟამინდელ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჰიდრავლიკის სპეციალობით სწავლობდა, თუმცა ზუსტად არ მახსოვს, შეიძლება სწავლა უკვე დამთავრებულიც ჰქონდა. იმ პერიოდში უკვე წერდა რაღაცებს და ბესოს წრის (უნივერსიტეტის ცნობილი ლიტერატურული წრე "93-ე აუდიტორია", რომელსაც იმხანად დოცენტი ბესო ჟღენტი ხელმძღვანელობდა - ი.ხ.) შეკრებებს ესწრებოდა ხოლმე. ასე დაუმეგობრდა მისი თაობის მწერლებს, მაგრამ მათზე ცოტათი უფროსი იყო. ჩემზე უფროსიც იყო, 6 წლით. 3 წლის განმავლობაში თქვენობით ველაპარაკებოდი. გაცნობის შემდეგ ნელ-ნელა დავახლოვდით. მე ისტორიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და სტუდენტობისას არ მქონდა ისეთი პირობები, მაშინვე ცოლად რომ გავყოლოდი. რომ გავთხოვილიყავი, ვერ ვისწავლიდი, ბავშვის დამტოვებელიც არავინ მეყოლებოდა. თვითონ ედიშერსაც სიამოვნებდა, მგონი, ეს პროცესი - ჩვენი შეხვედრები, საუბრები... ედიკო ძალიან რომანტიკული იყო და, ალბათ, ჩემშიც ის მოსწონდა, რომ არ მინდოდა, ძალიან ჩქარა გავთხოვილიყავი. ოთხი წლის განმავლობაში ყოველდღიურად ვხვდებოდით. წლების მერე მითხრა, რატომ მაწვალე ამდენ ხანსო?! ჩემს ერთ-ერთ დაბადების დღეზე რომ მოდიოდა, დედამისს უთქვამს, ცირას ჩვენს მაგივრად აკოცეო და ედიშერს უპასუხია, - ჯერ ჩემ მაგივრად არ მიკოცნია და თქვენ მაგივრად როგორ ვაკოცოო?
- მსმენია, რომ ბატონ ედიშერს ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, ასე იყო?
- დიახ, არ უყვარდა. საერთოდაც, ძალიან მორცხვი იყო და რაღაცებზე წითლდებოდა ხოლმე. ნასვამს უფრო ემატებოდა ხოლმე გაბედულება. ედიშერს ძალიან დაბალი ხმა ჰქონდა. მისგან განსხვავებით, მაგალითად, ნოდარ დუმბაძე როხროხა იყო, მისი ლაპარაკი ყველას ესმოდა. ეჰ... ნოდარი ძალიან მომხიბვლელი იყო... ედიშერიც კარგი ბიჭი იყო, თან, ხომ გითხარით - რომანტიკული. მაგალითად, ძეფირელის ფილმს - "რომეო და ჯულიეტას" რომ ვუყურეთ, რომეოს მეგობრის - მერკუციოს სიკვდილის ეპიზოდის ნახვისას ცრემლებით იტირა. გულჩვილი იყო. მახსოვს, 1960 წლის წყალდიდობისას თბილისის ზოოპარკი ისე დაიტბორა, ყველა ცხოველი დაიღუპა. ედიშერი მიდიოდა და მეც წამიყვანა ზოოპარკში, არავის უშვებდნენ და მისი ჟურნალისტის საშვით შევედით. არ მავიწყდება, იქვე დაგდებული საწყალი პანტერა რომ დავინახეთ, დამხრჩვალი, მაშინაც იტირა. ძალიან ფაქიზი სულიერი სამყარო ჰქონდა. მის "ცაში ასროლილ ქუდებშიც" ჩანს ედიშერის სული, ისეთი ამაღლებული და სუფთა ნაწარმოებია...
- 4 წლის განმავლობაში, ყოველდღიურად ხვდებოდით, ამდენს დადიოდით, ნუთუ სასაუბრო თემებიც ასე ამოუწურავი გქონდათ?
- ედიშერს ყველა თემაზე შეეძლო ელაპარაკა, ყველაფერი იცოდა, არა მარტო საქართველოსთან დაკავშირებული, არამედ - მსოფლიოს მასშტაბით. რაზეც ხელი მიუწვდებოდა, ყველა ჟურნალს კითხულობდა, ყველაფრის საქმის კურსში იყო და ყველაფერზე მელაპარაკებოდა. ალბათ, მეც მაინტერესებდა ის თემები და ყურადღებით ვუსმენდი, რადგან ფაქტია, არ მომბეზრებია. სხვათა შორის, ედიშერის გარდაცვალების შემდეგ, სამყაროში რაღაც მოვლენები რომ ხდებოდა, მე ვიცოდი, რადგან იმ თემებზე ედიშერს უკვე მოყოლილი ჰქონდა. წაიკითხეთ სრულად