სომხეთში კრიზისი მწვავდება. ოპოზიციამ რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალა და აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომამდე არ დაიშლებიან... პრემიერის მოწინააღმდეგეთა რიცხვი იზრდება, მას გენშტაბის მაღალი თანამდებობის პირების გარდა, რომელიც ფაშინიანმა რამდენიმე დღის წინ დაითხოვა, სამხედროებიც უპირისპირდებიან.
მაღალი თანამდებობის სამხედრო პირების პოზიციით, "მოქმედი მთავრობის არაეფექტურმა მმართველობამ, ასევე საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა..."
აქციაზე გამოვიდა ნიკოლ ფაშიანინიც, რომელიც ამბოხებული ოპოზიციის წევრებს დაპატიმრებით დაემუქრა.
ასევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, გენშტაბის მიერ მისი მისამართით გაკეთებული მოწოდება, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და მომხრეებს მოუწოდა, მის მხარდასაჭერად შეკრებილიყვნენ. პარალელურად, თავისუფლების მოედანზე, ოპოზიციის მხარდამჭერებიც გამოვიდნენ, რომელთა რაოდენობა თანდათან იზრდება.
სომხეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რუსეთი, ჯერჯერობით მხოლოდ ოფიციალური განცხადებებით შემოიფარგლება, თუმცა ქვეყანაში ყველამ იცის, რომ საპროტესტო აქციების უკან პრორუსული ძალები დგას, რომლებიც სომხების თქმით, "ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, ფაშინიანის გარშემო ყულფს ავიწროებენ", რაც ზოგიერთი სახელმწიფო ინსტიტუტის პრემიერის წინააღმდეგ წასვლაში გამოიხატება.
თავის მხრივ, პუტინმა სომხეთში წესრიგის შენარჩუნებას დაუჭირა მხარი და ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა. მოგვიანებით, რუსულმა მედიამ კრემლის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პუტინმა ყველა მხარეს კანონის ფარგლებში მოქმედებისა და თავშეკავებისკენ მოუწოდა".
ორ ბანაკად დაყოფილი სომხური საზოგადოების წევრები ირწმუნებიან, რომ თუ ყველაფერი ძალიან მალე არ განიმუხტება, რომელიმე მხარე დათმობაზე თუ არ წავიდა, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება გარდაუვალია. ერთი ნაწილის თქმით, ამისთვის აუცილებელია ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა, რათა ქვეყანამ ამოისუნთქოს. სხვები ირწმუნებიან, რომ პრორუსული ძალები ცდილობენ სომხეთში ბოლომდე არიონ სიტუაცია.
ადგილობრივი პოლიტოლოგის, "პარტნიორობისა და დემოკრატიის ცენტრის" დამფუძნებლის, სტეფან დანიელიანის მოსაზრებით, მას შემდეგ, რაც ფაშინიანს გენერალური შტაბი განუდგა, მას ხელისუფლებაში დარჩენის მცირე შანსი აქვს.
"სიტუაცია შეიძლება იმ შემთხვევაში შეიცვალოს, თუ პრეზიდენტი ფაშინიანის მოთხოვნას დააკმაყოფილებს და გენშტაბის უფროსს გაათავისუფლებს. თუმცა, პრეზიდენტს ჯერჯერობით ამაზე ხელი არ მოუწერია. თუ ეს მოხდება, შესაძლოა, ვითარება ოდნავ ჩაცხრეს, თუმცა, აშკარაა, რომ სამხედროები გაჩუმებას არ აპირებენ. ძნელი სათქმელია, აიღებენ თუ არა ისინი ხელში იარაღს" - ამბობს დანიელიანი kavkaz-uzel.eu-სთან საუბარში.
"იყო მოსაზრებები, რომ არმიაც შეურთდეს პროტესტის მონაწილეებს, რადგან ფაშინიანმა თავდაცვის მინისტრი გაათავისუფლა. თუმცა, მაინც მგონია, რომ შეიარაღებული ძალები ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს და არც ერთი სამხედრო არ აიღებს იარაღს, ვინმეს წინააღმდეგ" - ამბობს კიდევ ერთი პოლიტოლოგი არმენ ვარდანიანი.
Lragir.am-ის რუსული ვერსიის რედაქტორის, ნაირა არუმიანის მოსაზრებით, გამორიცხულია ქუჩაში სამხედრო ტექნიკა გამოვიდეს, ყველაფერი “პოლიტიკურ ველზე” მოგვარდება.
“მე მწვავედ ვაკრიტიკებდი ფაშინიანს ბევრი რამის გამო, მათ შორის, იმიტომ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში, კვალიფიციური გუნდი ვერ შეკრიბა, ბევრ რამეში უკან დაიხია, რისკებს მოერიდა, გადაწვეტილებების მიღება ვერ მოახერხა, მაგრამ ახლა მის გვერდით ვარ, რადგან დარწმუნებით ვიცი, რომ მას რუსეთთან დისტანცირება უნდოდა და ახლაც უნდა, ამაში პრინციპულია.
საქართველოს ამ ურჩხულისგან თავის დასაღწევად, რასაც რუსეთი ჰქვია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დათმობა მოუწია (თუმცა, იმედია, დროებით), ჩვენ თავს ვიმშვიდებთ, სომხეთის შემთხვევაში, ეს ყარაბაღი იქნება... საქართველომ მტკივნეულად, მაგრამ მაინც გააკეთა ის, რასაც ჩვენ წლებია, ამდენი მცდელობის მიუხედავად ვერ მივაღწიეთ, ის რუსეთისგან გათავისუფლდა. ჩვენ კი, არავინ იცის კიდევ რამდენი წელი მოგვიწევს ამისთვის ბრძოლა, მაგრამ პატარა საქართველო არის მაგალითი, რომ თავისუფლების იმედი არსებობს და ბრძოლა ნამდვილად ღირს" – ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ადგილობრივი აქტივისტი, გორ არმათუნი.
"კიდევ უფრო მეტად რომ მოგვიჭირონ მარწუხები, გიუმრის ბაზა ლამის მეოთხე კოლონად აქციეს და კიდევ გაფართოებას აპირებენ, ვითომ სომხეთმა სთხოვა, სინამდვილეში, აიძულეს და არავინ იცის, პუტინთან სატელეფონო საუბარს რა მოჰყვება. ამის შემდეგ, თუ ვითარება ჩაწყნარდა, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი ან სულაც ბევრი გადავდგით რუსეთისკენ. მაგრამ ახლა მძიმე არჩევანის წინაშე ვართ და ბევრი არჩევანი არ გვაქვს, სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რომელსაც რუსეთი მართავს, ერთი ნაბიჯია დარჩენილი... კუთხეში მიგვიმწყვდიეს და ახლა მთავარია, როგორმე პროცესებმა მშვიდად ჩაიაროს. თუ ფაშინიანი დარჩება, რაღაც საოცრება უნდა ჩაიდინოს, რომ რკინის ფარდა გაარღვიოს..." - წერს კიდევ ერთი აქტივისტი არტურ კირაკოზიანი.
მთავარი ფოტო: kavkaz-uzel.eu