ავტორი:

"ისტერიულად ტიროდა ბავშვი და მაინც არ ჩერდებოდნენ... ქალსაც კი ხელი დაარტყეს" - ვახო სანაია თავდასხმის დეტალებს იხსენებს

"ისტერიულად ტიროდა ბავშვი და მაინც არ ჩერდებოდნენ... ქალსაც კი ხელი დაარტყეს" - ვახო სანაია თავდასხმის დეტალებს იხსენებს

ჟურნალისტი ვახო სანაია მასზე მომხდარი თავდასხმის დეტალებს "ფორმულასთან" იხსენებს:

"თავის ტკივილი მაქვს ამ წუთასაც, ექსპერტიზიდან ამ წუთას გამოვედი, ექსპერტი გადაუგზავნის გამომძიებელს შედეგებს... მაქვს დაზიანება როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვადსხვა მიდამოში...

წუხელ, დაახლოებით პირველის ნახევარზე ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი, ძიძა და ჩვენი ოჯახის კიდევ ერთი წევრი ჩამოვიდნენ თურქეთიდან, ბავშვი იყო სამკურნალოდ წაყვანილი. აეროპორტში დავხვდით მე და ჩემი რძალი. აეროპორტიდან წამოვედით წყნეთის ქუჩაზე, ვაკეში, იქ დავტოვეთ ერთი ადამიანი და უკან უნდა ამოვბრუნებულიყავით, რომ შინ მივსულიყავით და ამ დროს ჩვენი მანქანა ვერ ამოვიდა, იმიტომ რომ იყო მოყინული და გამოვიძახეთ სამაშველო სამსახური.

პირველი საათი იყო, უფრო მეტი და ამასობაში იქვე უბნიდან სამი ადამიანი გამოჩნდა, სავარაუდოდ იმ უბნელები.... ერთ-ერთი ეცნო ჩემს მეუღლეს, იმიტომ რომ მისი ყოფილი მეზობელი იყო. ერთ-ერთი მათგანი ყველანაირად ცდილობდა, რომ გამოვეწვიე, პროვოცირებდა მუდვივად...

სამაშველოს ჰყავდა ჩაბმული ჩვენი მანქანა და ცდილობდა, რომ ავეყვანეთ ცენტრალურ გზაზე. ძალიან რთული იყო ეს პროცესი და 5 მაშველი იყო, ვინც ამას აკეთებდა... ერთ-ერთი თავდამსხვემელი გამომყვა, პროვოცირებდა, როდესაც ჩვენ მაქნანას ვაწვებოდით, ვეხმარებოდით მაშველებს... მე მას ვუთხარი, რომ დაენებებინა თავი, რადგან ვაკეთებდი ჩემს საქმეს, რომ როგორმე ამეყვანა მანქანა, სადაც იჯდა ჩემი ოჯახი... სამივე ნასვამი იყო, ალკოჰოლის სუნი ვიგრძენით ყველამ... შემდეგ ჩამოიხსნა სახეზე აფარებული ნაჭერი და მგონი ჰუდიც ეხურა და გადაიხსნა და მითხრა, კარგად დაიმახსოვრე ჩემი სახეო და დაიწყო მუქარა... ვუთხარი, რომ ვერ ვხედავდი, ვაწვებოდი მანქანას და გავუმეორე, რომ დაენებებინა თავი.. ოდნავ მოშორებით გადაინაცვლა და იქიდან დაიწყო გინება... შემდეგ შემოუარა მანქანას და ზურგიდან ვიგრძენი, რომ მიახლოვდებოდა სირბილით. მუშტებმოღერებული უნდა დამსხმოდა თავს და ინსტიქტურად გავიწიე უკან და ეს ადამიანი წაიქცა. მაგრამ როგორც გითხარით, მოყინული იყო, მეც ამისრიალდა ფეხი და მეც წავიქეცი. წაქცეული ვიყავი, ის დანარჩენი ორიც რომ მოვიდა და დაიწყო ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება. თავზე მაქვს დაზიანება, ხელებზეც, ფეხზეც...

ამ დროს ჩემი მეუღლე და ჩემი რძალი გადმოვიდნენ ავტომანქანიდან... ჩემს რძალსაც დაზიანებები აქვს, იმიტომ რომ მასაც კი დაარტყეს, ქალს...

სამაშველოს წარმომადგენლები ამ ყველაფრის თვითმხილველები არიან...

აგრესია ჰქონდათ ჩემს მიმართ, როგორც მედიის წარმომადგენლის მიმართ, ტელევიზიების მისამართით იყო გინება.... მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს ეს პროვოცირება, როდესაც მე ნიღაბი ჩამოწეული მქონდა და მძღოლს ვესაუბრებოდი... ტელევიზიების მიმართ ჰქონდათ აგრესია და მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმის ასახვა, რის პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული ტელევიზიების მიმართ, უკვე ფიზიკური სახით გადმოვიდა ეს აგრესია ჩვენზე, ჩვენს ოჯახზე...

როდესაც მანქანის კარი ღია იყო და ქალსაც კი ხელი დაარტყეს, ხმაური იყო და ბავშვი ეჭირა ძიძას მანქანაში, წლის და 2 თვის არის და ისტერიულად ტიროდა ბავშვი, შეეშინდა ამ ყველაფრის და მაინც არ ჩერდებოდნენ...

მე მადლობელი ვარ სამაშველო სამსახურის, ისინი მოვიდნენ, ჩაერივნენ, შუაში ჩადგნენ და მთხოვა სამაშველო სამსახურმა, რომ ჩავმჯდარიყავი მანქანაში, ჩამსვეს მანქანაში... წარმოიდგინეთ, დაინახეს, რომ ბავშვი იყო, ქალები იყვნენ და ისევ ისტერიკულად იწევდნენ მანქანისკენ, ზედ გადაუარეს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს. მე მადლობას ვეუნები მათ, იმიტომ რომ მათ გარეშე არ ვიცი, რა გაგრძელება ექნებოდა ამ შეხლა-შემოხლას.

ჩემს რძალს დაურეკავს საპატრულოში. ისინი მოვიდნენ და ადგილზე დააკავეს ეს სამი პირი და ჩვენ გადაგვიყვანეს გამოკითხვაზე", - ყვება ვახო სანაია.

ცნობისთვის, "ფორმულას" ტელეწამყვან ვახო სანაიასა და მისი მეუღლის ნათესავზე თავდასხმის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი - 1993 წელს დაბადებული ვ.გ., 1988 წელს დაბადებული გ.ს. და 1988 წელს დაბადებული ს.ს. თბილისში დააკავეს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის - 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და მისი მეუღლის ნათესავის 1986 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს მიმართ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი თქვენი სიყვარულია, ვიყო, ყოველთვის მიგულეთ თქვენ სამსახურში" - რას წერს იუბილარი კალაძე "ფეისბუქზე"?

ხვალ საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

"საია-ში სტუდენტებს ვარჩევდით სტაჟირებაზე და თინიც ასე მოვიდა... მომეწონა, შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა" - კახა კოჟორიძე ოჯახზე, პოლიტიკასა და პროფესიაზე