ავტორი:

"დათო ყოველთვის ჩემს გვერდითაა, რა საქმეც არ უნდა წამოვიწყო" - 2000-ინი წლების ცნობილი კლიპების რეჟისორის ახალი ცხოვრება კეთილი ნახატების სამყაროში

"დათო ყოველთვის ჩემს გვერდითაა, რა საქმეც არ უნდა წამოვიწყო" - 2000-ინი წლების ცნობილი კლიპების რეჟისორის ახალი ცხოვრება კეთილი ნახატების სამყაროში

მის ნამუშევრებს ბევრი იცნობს, მნახველს უყვარს ანი მაღლაკელიძის "ფუმფულა გოგონები", ანგელოზები, "პატარა დიდები", ანიმაციური პერსონაჟები, რომლებიც დიდ სითბოს, სიკეთეს და სიყვარულს ასხივებენ.

ვინც ის ახლა, როგორც მხატვარი ისე გაიცნო, ალბათ არც კი ახსოვს, რომ წლების წინ ანი მაღლაკელიძის გადაღებული მუსიკალური კლიპები, დოკუმენტური ფილმები თუ სარეკლამო რგოლები, დიდი პოპულარობით სარგებლობდა. წლების წინ მუშაობდა ქეთა თოფურიას, აჩი ფურცელაძის, ანრი ჯოხაძის, "ქუჩის ბიჭების" და სხვა ცნობილი მომღერლების კლიპებზე. იღებდა პოლიტიკურ კლიპებს და სოციალური ტიპის რეკლამებს.

რეჟისორი და მხატვარი ანი მაღლაკელიძე ცნობილი ექსპერტის, "საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის მეუღლეა და მასთან ერთად ვაჟს ზრდის.

AMBEBI.GE-სთან საუბარს რესპონდენტი ასე იწყებს: "დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მინდა, კეთილი ამბები გისურვოთ თქვენ და თქვენს მკითხველს..."

- ანი, თქვენი ნამუშევრები - "პატარა დიდები" ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით ინტერნეტსივრცეში... რა ემოციას იწვევს ეს?

- ინტერნეტი, კონკრეტულად, სოციალური ქსელი, ჩემი სამუშაო პლატფორმა აღმოჩნდა. ჩემი ნამუშევრების მიმართ დღითიდღე მატულობს ინტერესი, ყურადღება, კეთილი სიტყვები, ეს ენერგიების გაცვლა დიდი ბედნიერებაა. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, პატარა ბავშვების დამოკიდებულება, მათ უყვართ ჩემი ნახატები, ეფერებიან, უღიმიან.

დღევანდელ დღეს დადებითი ემოციის მიღება გვაკლია - ამიტომ, მნიშვნელოვანია და ძალიან მახარებს თითოეული სიტყვა, შეფასება, რაც ჩემს ნამუშევრებს ეხება. ყველაფერი კი ცოტა ჯადოსნურიცაა და ჩემთვის ღმერთის საჩუქარია.

- როგორ ახერხებთ, რომ ნახატებზე გამოსახული პერსონაჟები ძალიან კეთილები და დიდი სითბოს მატარებლები არიან?

- არასოდეს ვხატავ, თუ ცუდ ხასიათზე ვარ, რადგან მჯერა, რომ ეს განწყობა ტილოს გადაეცემა, ამ ემოციას შეინახავს და შემდეგ ვიღაცის სახლში ბინას დაიდებს. ამიტომ ნამუშევარს, პირველ რიგში, დიდი პასუხისმგებლობით ვეპყრობი. თითოეულს როგორც ცოცხალს, ისე აღვიქვამ. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ყველა ადამიანი მასში თავის თავს, ბავშვობას, შვილს, შვილიშვილს, მეგობარს პოულობს, ანგელოზს და ა.შ. შემდეგ კი, მოგზაურობენ სახლებში, ქალაქებში, ქვეყნებში...

- რას ამბობთ თქვენი ნახატებით?

- იმას, რომ დადებითი გვინდა ყველგან, მათ შორის, ხელოვნებაში, ადამიანების თვალებში, ნივთებშიც... სიცოცხლის აზრი ამ ყველაფრის შეკრებითობა და ჯამია... ზოგჯერ წესებს ვარღვევ, თავისუფალი ვარ მუშაობის დროს, არ ვფიქრობ, რომ რაღაც განსაკუთრებულს შევქმნი, უბრალოდ, ვხატავ და ვიცი, ეს თავისუფლება სიკეთეს მოიტანს. მინდა, ადამიანთან ახლოს მივიდე, სიხარული მივუტანო - კი, მხოლოდ ეს მინდა!

ხომ თითქოს ისეთი დროა, როცა ადამიანის შრომას ტექნოლოგიები ანაცვლებს, მაგრამ პირიქით, ვფიქრობ, დგება დრო, როცა ხელით შექმნილი უფრო ძვირფასი გახდება, ამიტომ წინ!

მასალა ზეთის საღებავებია, ბავშვობაში პირველად ხელში რომ ჩამივარდა, მას შემდეგ ეს ზეთის "მაგია" ასე მიზიდავს. გაშრობის თავისებურება, ფერები, ახალი ტექნიკა, დაუსრულებელი და ამოუწურავია, ამ ყველაფერთან შეხებაც ყველაზე სასიამოვნოა. როცა შორს ვარ და ხატვა მინდება, წარმოვიდგენ, როგორ ვყოფ ამ საღებავებში ხელებს, ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ბავშვი ცომში რომ ჩაჰყოფს ხელს - ასეთი სისულელეებიც მომდის თავში აზრად...

- ბავშვობაში ხატავდით?

- დავდიოდი ტრისტან თეთრაძესთან, უკარგეს ადამიანთან, რომელიც დღემდე ჩემი გულშემატკივარია და ეს ანიმაციური პერსონაჟები პირველად ჩემს ბავშვობაში გაჩნდა... მერე გამოფენებში ვმონაწილეობდი, ცოტა ხანს ხატწერასაც ვსწავლობდი, გავაფორმე წიგნები, საბავშვო ბაღები, გავაკეთე ღვინის ეტიკეტი და ა.შ. ქართული ლარის ლოგოც დავხატე, თუმცა ვერ გაიმარჯვა და მერე ცუდად წავიდა ლარის საქმე...

- რა გრძნობაა, როცა თქვენი ნამუშვრები სხვადასხვა მიმართულებითაა მიმოფანტული და მათ სხვადასხვა პატრონი ჰყავთ...

- ის, რომ ჩემი ნამუშევრები სხვადასხვა მიმართულებით მოგზაურობენ, საოცარი შეგრძნებაა, თითქოს მე ვარ აქაც და მათთანაც. ჩემს ნამუშევარს ბევრს ვჩუქნი და ეს ძალიან მსიამოვნებს...

- წინა "შემოქმედებით ცხოვრება" რომ გავიხსენოთ, ბევრმა იცის, ბევრმა ალბათ არა, რომ წლების წინ ცნობილი კლიპმეიკერი იყავი და თქვენი ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ხომ არ აპირებთ რეჟისორის პროფესიას დაუბრუნდეთ?

- რეჟისორის პროფესიას არ დავშორებივარ, პირიქით, ამ საქმეში მეხმარება, - ჩემში ახლა ორივე "მუშაობს"... შრომა ყოველთვის მიფასდებოდა, ამიტომ თუ რამეს ვერ გავაკეთებ, მხოლოდ საკუთარ თავს დავაბრალებ, ახლა ეს დროა ჩემს ცხოვრებაში და ეს მდგომარეობა ჩემთვის კომფორტულია... კამერასთან მუშაობის ნოსტალგია არ მაქვს, ყველა ეტაპზე ახალი მისია დგება, ხვალ რა იქნება, არ ვიცით. ამჟამინდელი "სამსახური" მე გამოვიგონე ჩემთვის, ჩემი კომფორტის ზონაც ესაა.

- პედაგოგი, რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი როგორ გაფასებთ? მასთან სადოქტორო ნაშრომზე მუშაობდით...

- ბატონ მერაბთან მუშაობა დიდი საჩუქარია და მისი აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ასევე მყავს ქალბატონი ლელა წიფურია, რომელიც მაძლევს მოტივაციას დაწყებულ საქმეში (ვმუშაობ თემაზე „მხატვარი კინოში - დიმიტრი ერისთავი“). მოკლედ, ეს პროფესიები ჩემთვის განუყოფელი გახდა და როგორც ვთქვი, ახლა ეს ფორმა მიიღო.

- როგორ გაფასებთ მეუღლე - დავით მესხიშვილი და თქვენი შვილი?

- ოჯახი ძალიან მეხმარება. ჩემი 8 წლის შვილი გიორგი უკვე ვიდეოკოლაჟებს მიკეთებს, ასათაურებს, აფასებს, მოკლედ, ჩართულია საქმეში... დათო ყოველთვის ჩემს გვერდით არის, რა საქმეც არ უნდა წამოვიწყო, ჩვენ სამნი ვართ და სამივე ვფიქრობთ, რა იქნება სიკეთე როგორც ჩვენი ოჯახისთვის, ისე - ჩვენი ქვეყნისთვის…

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- საკუთარი სახელოსნო მინდა, რა თქმა უნდა, ყოველ ეტაპზე წინსვლა, განვითარება და მრავალფეროვნება. ამიტომ შეცდომების არ მეშინია, მჯერა ამ ჯაჭვს წინ მივყავარ. ვნახოთ, რა გამოვა. მინდა, წიგნის ილუსტრაცია, ასევე ანიმაციაზეც ვფიქრობ.

GAU-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტრენერი სოფო შუბლაძე კორონავირუსით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა

ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციისა და მონიტორინგის მნიშვნელობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

"ისტერიულად ტიროდა ბავშვი და მაინც არ ჩერდებოდნენ... ქალსაც კი ხელი დაარტყეს" - ვახო სანაია თავდასხმის დეტალებს იხსენებს