განათლების მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ის საქართველოში კოსმოსური სააგენტოს აღდგენას გეგმავს.
"მეცნიერების სიყვარული არის გადამდები, ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. ის კოსმოსური სააგენტო, რომლის იდეა ჯუმბერ ლომინაძისგან მოდის, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში. მე კონკრეტული გზა მინდა გითხრათ, როგორ ვაპირებთ მის აღდგენას.
როგორც იცით, აქტიური მონაწილეები ვიქნებით Horizon Europe-ის საგრანტო პროცესში და ჩემი აზრით, ამ პროგრამიდან რთულად მოსაპოვებელი დაფინანსება უნდა იყოს ამ კომოსური ცენტრის შექმნის მამოძრავებელი ძალა.
Horizon Europe–ში საგრანტო პროექტები, რასაც ჩვენ გავაგზავნით, იქნება სხვა სახელმწიფოებთან ერთად გაკეთებული, ჩემი აზრით, ჩვენი კოსმოსური სააგენტო არ უნდა იყოს იზოლირებული, სხვა ქვეყნებთან ერთად უნდა განხორციელდეს.
ამიტომ, ჩვენ უნდა შევარჩიოთ პარტნიორი კოსმოსური სააგენტო იმ ევროპული ქვეყნის, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ ითანამშრომლოს ჩვენთან და მათთან ერთად შევიტანოთ წინადადება. შემდეგ თუ მივიღებთ დაფინანსებას და დიდი იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ, საკმაოდ წინ წავა ეს საქმე", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.