"მე არ ვიყავი საქმის კურსში ნამდვილად და იმ დილით გავიგე მედიისგან მისი გადადგომის შესახებ, რაც ძალიან გამიკვირდა", - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით სერგეენკო ჟურნალისტების კითხვას, იყო თუ არა საქმის კურსში გუნდში არსებული დაპირისპირების შესახებ.
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პირობებში, მისი დღევანდელი ხისტი განცხადებების ფონზე ოპოზიციასთან მოლაპარაკება, სერგეენკო ამბობს, რომ ამ კუთხით ის იმედიანად არის.
მისივე თქმით, თავად ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ- მინისტრის პოსტზე მხარს დაუჭერს.
"ირაკლისთან ერთად მიმუშავია წლების განმავლობაში და ვიცი, რომ ენერგიული, მოტივირებული და მიზანმიმართული ადამიანია, ამიტომ იმედიანაად ვარ. უმრავლესობამ ამ დღეების განმავლობაში შიდა კონსულტაციები გაიარა და მხარდაჭერა აქვს სრული", - განაცხადა სერგეენკომ.
რაც შეეხება მოლაპარაკებებს, სერგეენკო აცხადებს, რომ ამას ალტერნატივა არ აქვს.
"ეს არ არის მხოლოდ გაცვეთილი ტრანსფარენტული ფრაზა, რომ ალტერნატივა არ აქვს, მართლა რეალურად ასეა ამ კონკრეტულ ვითარებაში, ქვეყანას რომელსაც ამხელა გამოწვევები აქვს, ერთადერთი გზა არის სახელმწიფო ინსტიტუციების გამართული მუშაობა და არა დაპირისპირება და კონფრონტაცია. ამიტომ მე ისევ იმედიანად ვარ, რომ მოლაპარაკებებს თავისი რესურსი აქვს. რაც შეეხება იმას, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები იდგმება ამისკენ, უარი ვთქვით დეპუტატის მანდატების გაუქმებაზე ერთი შემთხვევის გარდა, როცა იყო სხვა მიზეზი, დანარჩენი მე უშუალოდ მოლაპარაკებებში არ ვარ ჩართული და ტექნიკურ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ", - აღნიშნა სერგეენკომ.