პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გიორგი გახარიას გადადგომას ტაშით შეხვდნენ. ოფისში შეკრებილი ოპოზიციონერი ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები სკანდირებდნენ "საქართველოს გაუმარჯოს", "ეს არის ეროვნული მოძრაობა".
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეკრებილებმა ეზოში საქართველოს დროშები გაშალეს. ისინი გიორგი გახარიას გადადგომას აღნიშნავდნენ და აცხადებდნენ, რომ ამ ფაქტით გახარიამ ხელისუფლების მოსალოდნელ ქმედებებზე პასუხისმგებლობა არ აიღო.
ადგილზე იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიაც, რომელმაც სასამართლო პროცესის შემდეგ ღამე პარტიის ოფისში გაატარა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.
პარალელურად "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე პოლიტსაბჭოს წევრების მხრიდან მედიასთან განცხადებები არ გაკეთებულა.
როგორც ცნობილია, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, 16:00 საათზე უმრავლესობის შეხვედრაა ჩანიშნული.
მმართველი გუნდი შეხვედრებზე სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას განიხილავს და შესაბამისად, მთავრობის ფორმირების საკითხზე იმსჯელებს.
ფოტო: George Boochko