ანგელინა დამენია ქართველი მხატვარია, რომელიც 2020 წელს ნიუ-იორკში "ათწლეულის მხატვრად" აირჩიეს. ჟურნალ ArtTour international-ის ათწლეულის მხატვრების საიუბილეო გამოცემაში მისი ორი ნამუშევარი - "ნიჟარა" და "ილუზორული ცხენი - ღრუბლებში არეკლილი მთვარის ნათება" დაიბეჭდა.
ანგელინა დამენია ხატვით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული. მხატვარმა ახალი მიმდინარეობა - ინტენსივიზმი გამოიგონა, რომელიც სხვადასხვა პუბლიკაციის მიხედვით, უკვე აღიარებულია.
AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში საუბარს ასე იწყებს - "ემოციებზე არ მეხერხება საუბარი, ამიტომაც ვხატავ, რომ გადმოვცე", თუმცა ჩვენს მკითხველს მოკლედ მაინც უყვება საკუთარი წარმატებებისა და მხატვრობის შესახებ:
- 2020 წლის თებერვალში მონაწილეობა მივიღე ჟურნალ ArtTour INTERNATIONAL-ის საერთაშორისო პროექტში. წარვადგინე ნამუშევრები, რომლებიც შემდგომ ზემოაღნიშნული ჟურნალის საიუბილეო გამოცემაში დაიბეჭდა. ათწლეულის მხატვრების დაჯილდოების ცერემონია ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში გაიმართა.
ArtTour INTERNATIONAL-თან ერთად პროექტს არაკომერციული ორგანიზაცია TREES FOR THE FUTURE უწევდა პარტნიორობას, რომლის მეშვეობითაც ბუნების რესურსების მოვლა ხდება - დეგრადირებული მიწების აღდგენა, დამუშავება, ხეების დარგვა და ა.შ. მათ წინა პროექტშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული - წარმოდგენილი ვიყავი "მწვანე პლანეტის ხელოვანებს" შორის.
როგორც "2019 წლის გამარჯვებული მხატვრის" პატრონაჟით, აფრიკის კონტინენტზე 10 000 ხე დაირგო, რაც სერტიფიკატით დასტურდება. იყო სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტები, მათ შორის, კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩატარებული ღონისძიება ზღვების, ოკეანების და მდინარეების გაწმენდა-დასუფთავების საკითხებზე, მათ გათავისუფლებაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან.
დაჯილდოების ცერემონიას პირადად ვერ დავესწარი, წარმადგინა ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა ჟურნალისტმა ია მერკვილაძემ, რომელმაც შემდგომ გამომიგზავნა ჟურნალი, სერტიფიკატი და ჯილდო. "ათწლეულის მხატვრად" არჩევის წარმატება ძალიან მოკრძალებულად, ხელოვანების ვიწრო წრეში აღვნიშნეთ, ამან პრესაშიც დაიმსახურა ყურადღება.
- როგორი იყო გზა წარმატებისკენ: როგორ დაიწყო ყველაფერი და რატომ აირჩიეთ მხატვრობა?
- ეს გადაწყვეტილება ორივემ - მეც და ჩემმა მეუღლემ, გელა ფილაურმა ადრეულ ასაკში, ბავშვობაში მივიღეთ. შემდგომ მხატვრობა ჩვენს პროფესიად ვაქციეთ, ეს ჩვენი ცხოვრებაა თავისი სიხარულითა და სირთულეებით, რომელთა გარეშე მიღწევებიც არ იქნებოდა, რადგან ერთი მეორედან გამომდინარეობს.
ჩემს სტილს ინტენსივიზმი დავარქვი. აბსტრაქცია უსაგნო ხელოვნებაა, ხაზის და ფერის ურთიერთობა, რომელიც ფორმით და შინაარსით შევავსე. ჩემი ნაშრომები გარკვეული დოზით კონცეპტუალიზმსაც შეიცავს. ინტენსივიზმი, როგორც ახალი მიმდინარეობა ხელოვნებაში მოხსენებულია SWISSARTEXPO-ს პრეს-რელიზში (შვეიცარია, 2020); განხილულია გამოცემაში Peripheral ARTeries Art Review (ამსტერდამი, 2017) და წარმოდგენილია ჟურნალ RUSSIAN GALLERY XXI-ში.
- ალბათ ხშირად გიწევთ მოგზაურობა... არ გიფიქრიათ საქართველოდან სხვაგან გადასვლაზე, რაც მეტ შესაძლებლობებს გაგიხსნიდათ?
- პროექტებში მონაწილეობას ძირითადად დისტანციურად ვიღებთ - ან ვირტუალურად, ონლაინ-გამოფენებში, ზოგჯერ კი ნახატებს ვაგზავნით. გარკვეული პერიოდი გერმანიაში ცხოვრება მომიწია, იქ რამდენიმე პერსონალური გამოფენაც მქონდა სხვადასხვა დროს და ადგილას - დეტმოლდში, ბილეფელდში (2000-2002 წლებში), რა თქმა უნდა, იყო დარჩენის საშუალება და შესაძლებლობა, მაგრამ ჩამოსვლა ვარჩიე - სახლში მირჩევნია... თუ მოინდომებ, ინტერნეტი იძლევა საშუალებას, მსოფლიო მასშტაბით წარმოაჩინო შენი შემოქმედება.
- რომელ გამოფენებში, კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობთ და რის მიხედვით ირჩევთ ამას?
- გამოფენებსა და კონკურსებში აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას მე და ჩემი მეუღლე. შარშან ვატიკანში ლეონარდო და ვინჩის 500 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა, სახელწოდებით „რენესანსიდან თანამედროვეობამდე“, სადაც საქართველო მხოლოდ ჩვენ წარმოვადგინეთ, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, გუიდო ფოლკოს პირადი შემოთავაზებით.
ასევე, ვართ რუსეთის ხელოვნების პრემიის ლაურეატები (2018-2020 წწ), ამერიკის ხელოვნების პრემიის გამარჯვებულები (2018-2020), სხვადასხვა კონკურსების პირველი ადგილის და ოქროს მედლების მფლობელები. ჩამონათვალი დიდია... ჩვენი ერთობლივი ვებ-საიტიც გვაქვს, სადაც ყველაფრის ნახვაა შესაძლებელი - www.damenia-philauri.com.
- არსებობს გაბატონებული მოსაზრება, რომ ხელოვნებას არ მოაქვს ფინანსური წარმატება. როდესაც პროფესიას ირჩევდით, ეს არ გაშინებდათ?
- პროფესიის არჩევის დროს საერთოდ არ ვფიქრობდი ფინანსურ მხარეზე, პროფესიასაც არ დავარქმევდი - ეს შემოქმედებითი საქმიანობაა, რომელიც პროფესიაზე მეტია, ჩემი ცხოვრებაა და ყველაფერი. არც ფინანსურ მხარეს ვუჩივი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოჯახის შემოსავალი მხოლოდ ჩვენი ნამუშევრების რეალიზაციაა, პირიქით, შეძლებისდაგვარად, გარკვეულ ქველმოქმედებასაც ვეწევით.
ხელოვნება მსხვერპლს ითხოვს, მაგრამ როდესაც სიყვარულით მუშაობ, ყოველთვის მიაღწევ წარმატებას. მომავალში რა იქნება, დრო გვაჩვენებს. ჩვენ მზად ვართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად!