ავტორი:

"მარტიდან შეგვიძლია, ვისაუბროთ დამატებით გახსნაზე" - ნათია თურნავა მთავრობისთვის ვითარების შესაფასებლად, 2-კვირიანი პაუზის საჭიროებაზე საუბრობს

"მარტიდან შეგვიძლია, ვისაუბროთ დამატებით გახსნაზე" - ნათია თურნავა მთავრობისთვის ვითარების შესაფასებლად, 2-კვირიანი პაუზის საჭიროებაზე საუბრობს

შემდეგი ნაბიჯი არის პაუზა, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ჟურნალისტის კითხვაზე, რა იქნება შემდეგი სფერო, რომელსაც ხელისუფლების გადაწყვეტილებით შემსუბუქება შეეხება.

მინისტრის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ თებერვლის პირველი ორი კვირის განმავლობაში საკმაოდ დიდი მობილობის მქონე მიმართულებები გაიხსნა, მათ შორის სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი ორი კვირა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვება მოხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს, დარჩენილი, არც თუ ისე ბევრი სფეროს გახსნა.

მინისტრის, თქმით სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი, რა იქნება შემსუბუქების შემდეგი ეტაპი.

„თებერვალი გვაქვს შემსუბუქების თვე პრაქტიკულად, მივყვებით ჩვენ მიერ დადგენილ კრიტერიუმებს და დაანონსებულ გეგმას. კრიტერიუმი არის ყოველკვირეული დაკვირვება ე.წ დადებითობის მაჩვენებელზე. ვითარება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ყოველ კვირას გარკვეული შემსუბუქებები ვაკეთოთ. პირველი ეტაპი ამ შემსუბუქებების მოიცავს საკმაოდ წონად სფეროებს, ეს არის სკოლები, რომლებიც მობილობის დიდი მაგენერირებელია, სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს არის ტრანსპორტი, ვაჭრობა, მათ შორის, ბაზრობები და ახლა უკვე რესტორნების ღია სივრცეები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავიაზროთ პასუხისმგებლობა, რაც ამას მოჰყვება. ჩვენ, თუკი გვინდა, რომ, ასევე, გაგრძელდეს შემდეგ, დავუშვათ ორი კვირის, სამი კვირის თავზე, მარტში შევძლოთ, რომ კიდევ დანარჩენი ნაბიჯები გადავდგათ და კიდევ გვრჩება ჩვენ გასახსნელი აქტივობები, ალბათ, ყველამ უნდა დავიცვათ აუცილებლად რეგულაციები, პირველ რიგში, პირბადე, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი კონტროლისთვის და იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ნორმალური ეპიდვითარება და, რა თქმა უნდა, სხვა დაწესებული რეგულაციებიც.

შემდეგი ნაბიჯი არის პაუზა, რას ნიშნავს პაუზა, ჩვენ, პრაქტიკულად, წინა სამი კვირის განმავლობაში კვირაში თითო ან ორი დიდი აქტივობა გავხსენით, ახლა ჩვენ, დაახლოებით, ერთი ორი კვირა მაინც, უნდა დავაკვირდეთ. ეს არის ეპიდემიოლოგების ძალიან მყარი და არგუმენტირებული პოზიცია, იმიტომ, რომ თავისი მოქმედების ციკლი აქვს ამ ვირუსს, თავისი ინკუბაციური პერიოდი და დაახლოებით, ორი კვირა მაინც გვინდა, რომ დავინახოთ, რა ხდება. თებერვლის ბოლოს უკვე გვეცოდინება და სხვათა შორის, ასეც გვქონდა ჩვენ ნათქვამი, რომ თებერვალში ეს დიდი ბლოკი და უკვე მარტიდან, თუ არაფერი არ გაუარესდა, ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ დამატებით გახსნებზე“ ,- განაცხადა თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, იქნება ბიზნესის გახსნის პარალელურად ეპიდვითარების კონტროლის მიზნით დაწესდება ახალი შეზღუდვებიც, რომელზეც მთავრობა უკვე მუშაობს. მისივე თქმით, ეტაპობრივი გახსნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გახსნის გადაწყვეტილების შეცვლა და გადათამაშება არ მოხდეს.

„ახალი რეგულაციებიც იქნება, ამაზე ჩვენ ვმუშაობთ. ყველამ ერთად უნდა გავიაზროთ პასუხისმგებლობა. ეს არ არის მარტო ჩვენი ცალმხრივი პასუხისმგებლობა, მთავრობის, ეს არის მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობა.

ჩვენ დაკვირვების პროცესში ვართ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რაზეც ახლა ვმსჯელობთ, ერთი ორი კვირა მაინც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ რაღაც დამატებითი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რაც შეეხება იმას დავარწმუნეთ თუ არა ბიზნესი, მე ძალიან კარგად მესმის, რომ კონკრეტული, თუნდაც მცირე ბიზნესის გადმოსახედიდან რთულია იმ რეალობის მიღება, რომ წლევანდელი წელი იმის მაგივრად, რომ ყოფილიყო ზრდის წელი, მოგების ძალიან სწრაფად მატების წელი, რაც იყო დაგეგმილი რომ არა პანდემია, ამის მაგივრად არის პრაქტიკულად კრიზისი და ჩავარდნის წელი. ჩვენ ვეხმარებით, მაგრამ გასაგებია, რომ 100%-ით ვერ ავუნაზღაურებთ იმ დანაკარგს, რაც განიცადა ბიზნესმა. აქედან გამომდინარე, რომელიმე ბიზნესმა ჩვენ მოლოდინი, რომ გვქონდეს, რომ კარგად ვართ და ყველაფერი წესრიგშია, ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება მართალი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა და მათ შორის, ბიზნესაქტივობაში ჩართული მოსახლეობა იაზრებს, რომ სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. ამას ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ ყველაფრის თავი და თავი და ყველაფერზე პასუხისმგებელი არის მთავრობა. ჩვენ არ გავურბივართ ამ პასუხისმგებლობას, სწორედ იმიტომ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა, ჩვენ ვთავაზობთ მოსახლეობას დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს. არავის არ მოსწონს და არ სიამოვნებს, მათ შორის, ეკონომიკის მინისტრსა და ეკონომიკის სამინისტროს დახურული ბიზნესები. მიუხედავად იმისა, რომ შედარებით მცირეა ეს დარგები, წერტილოვანია ეს შეზღუდვები, ჩვენ გვიხარია, რომ გავხსნით, მაგრამ ამისთვის უნდა იყოს სათანადო საფუძველი. ბიზნესს თუკი რამე აზარალებს, ეს არის პანდემია და როდესაც ჩვენ ერთბაშად არ მივუშვით ყველაფერი და ეტაპობრივად მივდივართ, ამითი რესტორანსაც ვიცავთ, ფიტნეს დარბაზის თანამშრომელსაც ვიცავთ, შოპინგმოლის თანამშრომელსაც ვიცავთ იმისგან, რომ ეს გამოუხმობადი გადაწყვეტილება იყოს და უკან გადათამაშება არ მოხდეს,“- განაცხადა მინისტრმა.

მოოქროვილი ცეცხლსასროლი იარაღი, მილიონებად შეფასებული ბინა და აგარაკი - რა ქონებას ფლობს "ოცნების" ბიზნესმენი დეპუტატი

"რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების განახლება დამოკიდებულია..." - რას ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

სახლები, დეპოზიტები და ROLEX-ის მაჯის საათები - რა ქონებას ფლობს კალათბურთელი დეპუტატის ოჯახი