ძიძას მშობლები ყველაზე ძვირფასს - შვილს ანდობენ, ამიტომ ძალიან ხშირად ამ საქმისთვის ადამიანის შერჩევა ჭირს. განსაკუთრებით, იმ ისტორიების ფონზე, რასაც მრავლად მოისმენთ ნაცნობებისგან, თუ წაიკითხავთ სოციალურ ქსელში - როგორ უდიერად ეპყრობიან, ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად ძალადობენ მცირეწლოვნებზე მომვლელები. რა თქმა უნდა, არსებობენ იდეალური ძიძებიც, თუმცა მათი პოვნა არც ისე ადვილია.
ახალგაზრდა დედამ კესო ბურჭულაძემ რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქის" ჯგუფ "სასოწარკვეთილ მომხმარებლებში" ძიძებთან დაკავშირებით პოსტი დაწერა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ახალგაზრდა ქალი წერდა, რომ ძიძების სააგენტომ შვილის მომვლელად გაუგზავნა ქალი, რომელსაც სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ბურჭულაძის პოსტზე უამრავმა მშობელმა დაწერა თავისი უარყოფითი გამოცდილების შესახებ:
ერთ-ერთი ჩემი ძიძა გავუშვი, ვერ უვლიდა ბავშვს და დიდი ბოდიშებით ვუშვებდი, თან არ ეწყინოსთქო. რაც ეგ ავიყვანე, იმდენად უარყოფითი რაღაცეები გამოაჩინა, ფინანსურად დავზარალდი გაცდენების გამო და ფსიქოლოგიურადაც და მაინც ზრდილობიანად ვუშვებდი. მოსვლის დღიდანვე შევატყვე რაღაც და ვერ ვანდე ბავშვი, მეც სახლში ვიჯექი. გამლანძღა, გამთათხა, თავის შვილს დამალაპარაკა, რომელიც მირჩევდა საქმეს. გავუყარე ნივთები ლიფტთან ისე გამომიყვანა წყობიდან და ლიფტიდან უცებ სახლში შევარდა, ჩაის ამოჩემებული ჭიქიდან სვამდა, გამოიტანა და ჩაიგდო ჩანთაში, მრჩებოდაო.
ჩემი შვილის ძიძა შესანიშნავად უძღვებოდა საქმეს, ისეთი მოხერხებული იყო, მაგრამ ძმამ მოიყვანა ცოლი, თუ მეგობარი გაუთხოვდა, ორი-სამი კვირით იკარგებოდა და სხვისი პირით მითვლიდა: ხელი ვიღრძე, ფეხი გადამიბრუნდა, თითი მოვიტეხეო... ამდენიც ვეღარ მოვიშტერე თავი
სააგენტომ 45 წლის ქალი გამომიგზავნა, მუსიკის მასწავლებელი, ბაღში ნამუშევარი. სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა, გავიხარე - ღიღინ-ღიღინში იქნება ბავშვებთანთქო. ერთხელ მთხოვა, ჩანთა მომაწოდეო და კინაღამ ხელი მოვიტეხე, ისეთი მძიმე იყო. გავვოცდი: რა დაგაქვს ასეთი მძიმე, როგორ დადიხართქო. წატრაბახება მოუნდა და ამომილაგა: დუბინკა, კასტეტი... მეტი აღარ მახსოვს, ისე ცუდად გავხდი. ვაიმე ვისთან ვტოვებდი შვილებს? ხომ არაფერი დაუშავა? როგორ გავუშვა, რომ არ ვაწყენინო და რამე არ დაგვიშავოსთქო? მეორე დღეს თვითონ გამომიცხადა, თურქეთში მივდივარო და აღარ მოსულა.
ახალგაზრდა დედას კესო ბურჭულაძეს, რომელმაც საკუთარ პოსტში ძიძების და არაკეთილსინდისიერი სააგენტოების პრობლემებზე ისაუბრა, AMBEBI.GE სასაუბროდ დაუკავშირდა:
- ჩემი 8 წლის შვილისთვის სააგენტომ გამომიგზავნა ქალბატონი, რომელიც როგორც თავად მითხრეს, ჩემს მოთხოვნებს სრულად შეესაბამებოდა. თავიდან მართლაც მოვიხიბლე მისით - შესანიშნავი გარეგნობის და მანერების ქალბატონი იყო, ძალიან კარგი მეტყველება ჰქონდა. დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებული არაფერი შეგვინიშნავს. მეც სახლში ვიყავი და მუდამ თვალ-ყურს ვადევნებდი.
ერთი კვირის შემდეგ, უცნაური ქცევები დაიწყო. ამბობდა, რომ კარადაში იყო წითელი ყუთი, სადაც პეპლები იყვნენ გამომწყვდეული, მათ ფრთებზე იესოს წერილი ეწერათ და მისი წაკითხვა უნდოდა
თავიდან ხუმრობად აღვიქვით, მაგრამ სულ უფრო რთულდებოდა სიტუაცია... მუდმივად წერდა წერილებს, შემდეგ აბაზანაში წვავდა მათ და ფერფლს ინახავდა. მოკლედ, ქალს აშკარად ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, რაც საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლიდა. ვთხოვდით, წასულიყო ჩვენი სახლიდან, მაგრამ არ მიდიოდა. ერთი თვის შემდეგ, როგორც იქნა გავუშვით, მაგრამ ახლა მთელი ოჯახი სტრესში ვართ...
დავუკავშირდი სააგენტოს და პასუხი მოვთხოვე. ბოდიშები მიხადეს, მაგრამ თანხა უკან არ დაუბრუნებიათ. მითხრეს, რადგან სასწრაფოდ გჭირდებოდათ, ბევრი დრო არ გვქონდა და ახალი კადრი გამოგიგზავნეთო. არადა, თურმე ასე ასაქმებდნენ ამ ქალს 4 წლის განმავლობაში! ერთი თვე აჩერებდა ოჯახი, მერე უშვებდა და სააგენტო თანხის 50%-ს იღებდა! მაინტერესებს, რომ ასაქმებენ ადამიანს და ხელფასის 50% მიაქვთ, რაში იღებენ ამ თანხას? რატომ არ არიან ვალდებულები გაადამზადონ კადრები, ან გასაუბრებაზე იჯდეს ფსიქოლოგი, რომელიც გაესაუბრება და შემდეგ გადაწვეტს გაუშვას თუ არა ბავშვთან სამუშაოდ? ჩვენი შვილების ხარჯზე ბიზნესი აქვთ აწყობილი" - ამბობს კესო ბურჭულაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში.
ახალგაზრდა დედა გვიყვება, რომ სააგენტო, რომელმაც ძიძა გამოუგზავნა აღარ არსებობს, სავარაუდოდ, ბევრი უკმაყოფილო მშობლის ჩივილის გამო. რადგან დახურული სააგენტოს წარმომადგენლებისგან პასუხი ვერ მოვისმინეთ, AMBEBI.GE დაუკავშირდა ძიძების სხვა სააგენტოს ხელმძღვანელს ლიზა გვასალიას, რომელიც გვეუბნება, რომ ხშირად პრობლემას თავად ოჯახები ქმნიან - უხეშად არღვევენ ძიძების უფლებებს და შემდეგ კი, ყველაფრის გამოსწორება სააგენტოებს უწევთ.
"არიან ისეთი ოჯახები, რაც არ უნდა კარგი ძიძა გავუგზავნოთ, მაინც უკმაყოფილებას გამოთქვამენ. გვქონია შემთხვევები, როცა ჩვენ გაგზავნილ ძიძებს საოჯახო საქმეების შესრულებას სთხოვდნენ, საჭმელს არ აჭმევდნენ და ა.შ. რაც შეეხება ძიძების შერჩევის პროცედურას, არ ვიცი სხვა სააგენტოებში როგორ ხდება, მაგრამ მე ჩვენ მაგალითზე მოგიყვებით. ჩვენთან ძიძობის მსურველ პირებთან გასაუბრებას ორი პირი ვაწარმოებთ. გასაუბრება ნახევარი საათი გრძელდება და ვიდრე უშუალოდ გამოკითხვა დაიწყება, მათ უნდა წარმოადგინონ ჯანმრთელობის და ნასამართლეობის ცნობები და რეკომენდაციები წინა სამუშაო ადგილებიდან.
ვცდილობთ მაქსიმალურად ბევრი შევიტყოთ ამ ადამიანის შესახებ, რათა შევძლოთ ანალიზის გაკეთება, რამდენად შეეფერება ის ძიძის პოზიციას და როგორ გაართმევს თავს დაკისრებულ პასუხისმგებლობას. ამ დროს ჩვენი ორგანიზაციის რეპუტაციაზეც ვფიქრობთ, ცხადია.
სხვისი სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ალბათ ვერც ერთი სააგენტო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, როგორ მოიქცევა ესა თუ ის ადამიანი სხვადასხვა სიტუაციაში. ეს იმდენად სპეციფიკური საკითხია, სრულ გარანტიას ვერავინ მოგცემთ
რისკები ყოველთვის იარსებებს, მაგრამ მათ შესამცირებლად კარგი იქნებოდა, სახელმწიფოც გვეხმარებოდეს. უნდა არსებობდეს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები. მაგალითად, ძიძების სააგენტოებს გამონაკლისის სახით გვქონდეს წვდომა პოტენციური დამსაქმებლის პერსონალურ ინფორმაციაზე, რათა სრულყოფილად შევძლოთ მისი შეფასება. პრევენციაზე კარგად იმუშავებდა მაგალითად ისიც, რომ არსებობდეს ერთიანი ე.წ. შავი სია, სადაც ცუდი დახასიათების ძიძების აღრიცხვა მოხდება და ეს ბაზა ყველა სააგენტოსთვის იქნება ხელმისაწვდომი" - ამბობს ლიზა გვასალია AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში.
სახელმწიფოს ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობენ ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებიც. "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელძღვანელს, ანა არგანაშვილს, ევროპული ქვეყნების მაგალითი მოჰყავს, სადაც ძიძის საქმიანობას სახელწიფო პირდაპირ განსაზღვრავს და სისტემა ისეა აწყობილი, რომ ყველა მხარის უფლებაა დაცული.
"ნორვეგიის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, იქ ძიძების საქმიანობის წესი საკანონმდებლო რეგულაციებშია მოქცეული, ძიძები სარგებლობენ ანაზღაურებადი შვებულებით და სხვადასხვა უპირატესობით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იმდენად ძვირია ძიძის მომსახურება, თითქმის არავინ სარგებლობს ამით. მთელი დატვირთვა გადასულია ბაღებზე, სადაც ძალიან მცირე ასაკიდან მიჰყავთ ბავშვები და მშობელს აქვს სრული უსაფრთხოების და სანდოობის გარანტია.
აქაც თუ სახელმწიფო აიღებს თავზე ამ პასუხისმგებლობას, მართალია მომსახურების საფასური გაიზრდება, ძიძების უფლებებიც ბევრად უკეთ იქნება დაცული, მაგრამ სამაგიეროდ მშობელს ექნება სიმშვიდის საფუძველი
ბავშვთა უფლებების კოდექსის ამოქმედებამდე ძიძების სააგენტოების საქმიანობა ყოველგვარი რეგულაციების მიღმა იყო დარჩენილი, ბავშვთა უფლებების კოდექსში, რომელიც 2020 წლის სექტემბრიდან მოქმედებს, გარკვეული რეგულაციები არის გაწერილი, თუმცა, საჭიროა მთავრობამ შეიმუშაოს დადგენილება და სტანდარტი. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება შევაფასოთ, რამდენად ეფექტური რეგულაციები შემოდის და როგორ შეცვლის ეს სიტუაციას" - საუბრობს AMBEBI.GE-სთან ანა არგანაშვილი.
ზოგადად, რამდენად სასურველია მომვლელის ჩართვა ბავშვის აღზრდის პროცესში და საჭიროების შემთხვევაში, როგორ უნდა შევარჩიოთ ძიძა - ამ საკითხებზე AMBEBI.GE-სთან ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე საუბრობს.
სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ერთ წლამდე ბავშვის დედისგან მოშორება კატეგორიულად დაუშვებელია.
პატარა ბავშვი გარემოსთან დედის საშუალებით ურთიერთობს და ის მიჯაჭვული უნდა იყოს დედასთან, ვისთანაც იქნება ბავშვი, მასთან ექნება მიჯაჭვულობა
თუ ჩვენ ბავშვს ჩავაბარებთ ძიძას, ან ბებიას, მასზე იქნება მიჯაჭვულობა და ჩვენ მერე არ უნდა დაგვწყდეს გული, რომ ბავშვს დედასთან კი არ აქვს ეს ძლიერი კავშირი, არამედ იმასთან, ვინც მასთან დიდ დროს ატარებს. ბავშვს სჭირდება ერთი პერსონა, ვისაც ის მიეჯაჭვება. რატომ? ის ასწავლის მას, როგორ გამოხატოს ემოცია, როგორ გაიგოს სხვისი ემოცია, უსაფრთხოდ იყოს და ენდობოდეს მას. შემდეგ ასეთ ბავშვს რომ დატოვებ სხვასთან რამდენიმე საათით, არ ექნება შფოთვა, არ ექნება გაღიზიანება.
ზოგადად, ბავშისთვის როდესაც მშობელი ხელმისაწვდომი არ არის, ეს მას დიდ დარტყმას აყენებს. აუცილებელია ბავშთან იურთიერთოს მშობელმა, რადგან ეს დიდ როლს თამაშობს ბავშვის ემოციური რეგულირების ჩამოყალიბებაში, რაც არის ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის უმთავრესი.
რაც შეეხება ძიძის შერჩევის რეკომენდაციებს, პირველი, რასაც მშობელი კითხულობს არის ის, როგორ ზრუნავს ეს ძიძა ბავშვზე, იცის თუ არა მისი მოვლა - ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშნელოვანია კიდევ ერთი საკითხი - როგორ იცის ძიძამ განვითარების სტიმულირება. ამას სამწუხაროდ, ყურადღებას არ აქცევენ.
ევროპულ ქვეყნებში ძიძის ინსტიტუტი ძალიან განვითარებულია და ამ დარგს დიდი ყურადღება ეთმობა. ინტენსიურად უტარებენ ტრენინგებს ძიძებს, ძალიან დიდი ყურადღებით არჩევენ, იკვლევენ ყველაფერს და ა.შ. ჩვენთან ასეთი რამ ნაკლებად ხდება. ეს იმდენად მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული რეგულაციები, ვის უშვებ სახლში და თან ყველაზე ძვირფას ადამიანთან. უნდა იყოს კარგად აწონილ-დაწონილი ეს ყველაფერი. იმიტომაც ხდება ძალადობის შემთხვევები, რომ ძიძები არ არიან ყურადღებით შერჩეულები.
ძიძის შერჩევისას ყველაზე მთავარია რეკომენდაციები. მშობელმა მინიმუმ ორი რეკომედაცია უნდა მოსთხოვოს ძიძას იმ ოჯახებიდან, სადაც მას უმუშავია და თან ესაუბროს ამ ოჯახებს. ასევე, უნდა დავაკვირდეთ როგორ საუბრობს ადამიანი, რა ღირებულებები აქვს, როგორ აცვია, როგორი გამომეტყველება აქვს. მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. აქაც შეიძლება შეცდე. ამიტომ, ასეთ შემთხვევებში უფრო სანდო მაინც, რეალური რეკომენდაციებია" - ეუბნება ambebi.ge -ს მანანა გაგოშიძე.
იმის ამოცნობა, რომ ბავშვი ძიძასთან ცუდად გრძნობს თავს, რამდენიმე მეთოდით შეიძლება: