ავტორი:

მარია ზახაროვა: "თქვენ რა, დაგავიწყდათ, როგორ შედიოდნენ საქართველოს პარლამენტში ვარდებით ხელში?"

მარია ზახაროვა: "თქვენ რა, დაგავიწყდათ, როგორ შედიოდნენ საქართველოს პარლამენტში ვარდებით ხელში?"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, ალექსი ნავალნის მომხრეთა მიერ 14 თებერვალს დაგეგმილ აქციათა ორგანიზების ტექნოლოგია ძალიან ჰგავს სხვა ქვეყნებში ოპოზიციის მიერ განხორციელებული მსგავსი ფლეშმობების ტექნოლოგიებს.

რადიოსადგურ "ეხო მოსკვის“ ეთერში საუბრისას, მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ ნატოს ძალები ნავალნის მხარდამჭერებს ინსტრუქტაჟს უტარებენ რუსეთის საწინააღმდეგოდ მიმართულ ძირგამომთხრელი საქმიანობისათვის, რაც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აშშ-სა და ნატო//ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალისხმევის იდენტურ მოქმედებას წარმოადგენს.

"იქ ფანრები კი არ ჰქონდათ, არამედ ყვავილები და ლენტები... თქვენ რა, დაგავიწყდათ, როგორ შედიოდნენ საქართველოს პარლამენტში ვარდებით ხელში? გარეშე მხრიდან ეს სასაცილო დასანახი იქნებოდა, რომ არ სცოდნოდათ, თუ რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

"ჩვენ არა მხოლოდ ვხედავთ, თუ როგორ ხდება მსგავსი მოვლენების ორგანიზება. ჩვენ, უბრალოდ, ვიცით. ასეთ სიტუაციებში ვერაფერს დამალავ და ვერც ახალს ვერაფერს მოიფიქრებ. ძალიან კარგად ჩანს: მიდის კლასიკური, მეთოდური მუშაობა“, - დაამატა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ამასწინათ, მარია ზახაროვამ ისიც აღნიშნა, რომ ალექსი ნავალნის მხარდამჭერთა მოქმედების ტაქტიკაში (საპროტესტო აქციების მოწყობის მიზნით) ცვლილებები 8 თებერვლის შემდეგ მოხდა, როცა ისინი ნატოს წარმომადგენლებს შეხვდნენ - ევროკავშირში არსებული პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლობის დახმარებით. მარია ზახაროვამ ხაზი გაუსვა, რომ ეგრეთ წოდებულ რუს ოპოზიციონერებს კოლექტიური დასავლეთი, "რუსეთზე მუდმივი ზეწოლის მოხდენისა და გავლენის მიზნით“, ინსტრუმენტებად იყენებს.

საგამოძიებო იზოლატორიდან ალექსი ნავალნის გასათავისუფლებლად მოწყობილი მასობრივი საპროტესტო აქციები რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში 23 და 31 იანვარს გაიმართა. მოსახლეობა ამ მიზნით 2 თებერვალს მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის ქუჩებშიც გამოვიდა. მთლიანად რუსეთში პოლიციის მიერ დაკავებული იქნა აქციების 10 ათასამდე მონაწილე, ხოლო ასობით ადამიანი დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება. ნავალნის რამდენიმე თანამზრახველს ამჟამად შინაპატიმრობა აქვს მისჯილი. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ "მემორიალმა“ ისინი პოლიტპატიმრებად აღიარა.

როგორც ალექსი ნავალნის თანამებრძოლმა ლეონიდ ვოლკოვმა განაცხადა, უკანონოდ დაკავებული ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნის მიზნით ახალი აქცია 14 თებერვალს ჩატარდება, თუმცა ჯერ კიდევ გასულ კვირაში ითქვა, რომ პროტესტები გაზაფხულზე განახლდებოდა.

პოლიციასთან შეტაკების თავიდან აცილების მიზნით, ლეონიდ ვოლკოვმა რუსეთის დიდი ქალაქების მოსახლეობას შესთავაზა, რომ 14 თებერვალს, საღამოს, გარეთ, ეზოებში გამოვიდნენ, მობილური ტელეფონების ფანრები ჩართონ და ზემოთ ასწიონ. ასევე მისასალმებელია, თუ მათ მანათობელი გულების გამოსახულებებიც ექნებათ: "დაე, სოციალური ქსელები ამგვარი ათასობით მანათობელი გულებით გაივსოს, რუსეთის ათობით ქალაქების მოსახლეობის მიერ“, - დაწერა ლეონიდ ვოლკოვმა.

მოამზადა სიმონ კილაძემ