ავტორი:

"პანდემიის დროს "მილიონერი" გავხდი" - როგორ უბრუნებს მაკა შალიკაშვილის წაკითხული ლექსები ადამიანებს სიცოცხლის ხალისს

"პანდემიის დროს "მილიონერი" გავხდი" - როგორ უბრუნებს მაკა შალიკაშვილის წაკითხული ლექსები ადამიანებს სიცოცხლის ხალისს

პანდემიამ ადამიანების ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. ყველაფერი სხვა რიტმში მიდის, საყოველთაო შეზღუდვებმაც ხალხში სხვადასხვა ემოცია გამოიწვია...

გორის და ილიაუნის თეატრების მსახიობი, მაკა შალიკაშვილი, კოლეგების მსგავსად, კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, თეატრის გარეშე დარჩა, რამაც მძიმედ იმოქმედა მასზე. გამოსავალი ვიდეოების გადაღებაში იპოვა - ცნობილი და მისთვის საყვარელი პოეტების ლექსებს კითხულობს, ვიდეოზე წერს და სოციალურ ქსელში ათავსებს. ახალი საქმე წარმატებული აღმოჩნდა - მაკას ვიდეოებს ათი ათასობით ნახვა აქვს.

პანდემიით შეცვლილ ცხოვრებასა და ახალ გატაცებაზე მაკა შალიკაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბრობს:

- პირველი, რაც ვიფიქრე, თეატრის გარეშე როგორ ვიცხოვრო და საერთოდ, როგორ ვიცხოვრო-მეთქი?! მერე ჩემ გარშემო კოვიდი იმდენს დაემართა, იმდენი ადამიანი დაავადდა, გარდაიცვალა, რომ ამის მერე ვერაფრით ჩავთვალე თავი ფუნქციადაკარგულ მსახიობად, რომელსაც პანდემიის პერიოდში პროფესია წაართვეს...

- როდის დაიწყო შენი სიყვარული პოეზიისადმი?

- ყველაფერი მანამდე დაიწყო, ვიდრე თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, ალბათ მაშინ, როცა ცნობიერება მომივიდა და უკვე რაღაცების დამახსოვრება დავიწყე... სკოლის ასაკის არ ვიყავი, ხის "საბოები" რომ მომწონდა და მინდოდა, მქონოდა. 5 წლის რომ ვხდებოდი, მახსოვს, საკუთარ დაბადების დღეზე, ჩემი ინიციატივით ადამიანები დავპატიჟე. ის გოგოც მოვიწვიე, ვინც ხის "საბოებით" დადიოდა. ალბათ, ვფიქრობდი, რომ ვიღაც მაინც მომიტანდა ნანატრ "საბოებს"...

დაბადების დღე რომ დამთავრდა, მე და დედა ვხსნიდით და პარკებიდან ვიღებდით საჩუქრებს, "საბო" არა, მაგრამ იყო ბევრი წიგნი. ერთ-ერთი, ჩემთვის უსაყვარლესი პოეტის, შოთა ნიშნიანიძის კრებული აღმოჩნდა, რომელიც ჩემთვის ახლაც სამაგიდო წიგნია. ის ნუნუკა ზაალიშვილმა მაჩუქა. ნანა პაპუაშვილმა გალაკტიონ ტაბიძის ლექსები მისახსოვრა...

სოფელში ჩვენი სახლი ქუჩის პირას იყო, იმ დღის მერე გამოვდიოდი სახლის წინ, ვჯდებოდი და ხმამაღლა ლექსებს ვკითხულობდი. ეს მაშინ, როცა ბავშვები სხვადასხვა თამაშით ერთობოდნენ. იქ ამვლელ-ჩამვლელი ადამიანები მესალმებოდნენ შეძახილებით: მაკა კითხულობს, მაკას გაუმარჯოს!...

- შემდეგ იყო თეატრალური...

- იქ ჩაბარებისას, ლექსების კითხვაში მეტყველების პედაგოგებთან - ლეილა და მანანა ბერიკაშვილებთან გავიწაფე, უნივერსიტეტში კი, მეტყველების პედაგოგ ნატო ჩიტაიასთან. თეატრალურ უნივერსიტეტში ყველაფერი იმით დაგვირგვინდა, რომ მხატვრული კითხვის კათედრა დაამატეს და გურამ საღარაძესთან ერთად, მარინა საღარაძე მუშაობდა. ამ ადამიანებისგან მაშინ ბევრი რამ ვისწავლე. გალაკტიონის საღამოზე გალაკტიონისადმი მიძღვნილ ოლია ოკუჯავას წერილებს ვკითხულობდი... მოკლედ, საღარაძეებთან დიდი სიყვარული და მეგობრობა გვქონდა...

როცა უკვე "მზეში" გადაცემის წამყვანი გავხდი, ლექსებს გადაცემის თემატიკის მიხედვით ვკითხულობდი, ზოგჯერ თემატიკის მიუხედავად და მოულოდნელად, თვითნებურადაც ვაკეთებდი ამას, რადგანაც ვიცოდი, რომ გადაცემას ჩემი მეგობარი ლიკა დგებუაძე უყურებდა და რაღაც ახალ ლექსს ჩემგან სულ ელოდებოდა. ლექსებს მას ვუძღვნიდი, რადგან ძალიან სიამოვნებდა და ჩემი შემფასებელიც იყო.

ერთხელაც, ზეინაბ ბოცვაძის დას ქალბატონ ცისანას დამაკავშირა, რომელიც მამა ადამ ახალაძის პოეზიის საღამოსთვის მსახიობს ეძებდა. მისი პოეზიის გაცნობის შემდეგ ჩემს ოსტატობას, რაც მანამდე დავაგროვე, უკვე მამა ადამის სიტყვის საოცარი ძალა დაემატა. შემდგომში მისი სულიერი შვილიც გავხდი და ამ ურთიერთობამ კიდევ სხვანაირად გაშიფრა ლექსში თითოეული სიტყვა. ყველაფერს სიღრმისეულად შევხედე... მამა ადამის სკოლამ წლების გამოცდილება სხვანაირად დააგვირგვინა...

- და პანდემიის პერიოდში ლექსის სიყვარულს კიდევ სხვა მიმართულება მიეცი...

- კი, როგორც ვთქვი, პანდემიის დროს ფუნქციადაკარგულ მსახიობად ვერ მივიჩნიე თავი - როდესაც ამდენი ადამიანი დაავადდა, რამდენი დავკარგეთ, ამის მერე დავდგე და ვილაპარაკო, უსამსახუროდ დავრჩი-მეთქი, ეს როგორ უნდა ვთქვა? როცა სიცოცხლით, სიყვარულით, სიკეთით სავსე ვახო ფხაკაძე დავკარგე... მეგობარი, რომელმაც ვიდეო რომ ჩავწერე, პირველმა შემიფასა... მის ხსოვნას გალაკტიონის "თოვლი" მივუძღვენი...

მთავარი ის არის, რომ ჩემთვის თეატრალური თვალსაზრისით, იზოლაცია დიდი ხანია დაიწყო და ახლანდელი კრიზისული სიტუაცია არაფერ შუაშია. კრიზისი, რა თქმა უნდა, კრიზისია, მაგრამ იმას, რასაც მე ვგულისხმობ, ეს მანამდე დაიწყო და დღესაც გრძელდება. საერთოდ, სულ მენატრება კარგ კინოში, კარგ სპექტაკლში, კარგ რეჟისორთან თამაში. იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც ჩემთვის რაღაცის მომცემები იყვნენ, ვისგანაც პროფესიულად ბევრი რამ ვისწავლე, გავიზარდე და რაღაც მნიშვნელოვანს შევიძენ...

კი, რაღაცები გაჩერდა, სამწუხარო და ტრაგიკული ამბები ისევ ხდება, მაგრამ ცხოვრება მაინც გრძელდება, ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობ, ვაკეთო ის საქმე, რითაც ადამიანებს გავახარებ, ბედნიერებას მოვუტან. ასე რომ, მინდა, ვასიამოვნო კიდეც და ვანუგეშო ამ მძიმე პერიოდში.

ბევრი მწერს და მეუბნება, რომ მოსწონს ჩემი წაკითხული ლექსები, მე ამით ბედნიერი ვარ! ერთმა გოგომ მითხრა, ჩემი ქმარი, რომელმაც სამსახური დაკარგა, ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაშია და სულ თქვენ წაკითხულ გალაკტიონის ლექსს - "სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალეს" უსმენს და სიცოცხლის ხალისი უბრუნდებაო...

ვიდეოს ჩაწერამდე ისეთი ემოციებით და გრძნობით ვემზადები, როგორც სპექტაკლის წინ... სადღაც იმასაც ვფიქრობ, ცოტა ხომ არ მოვაბეზრე ადამიანებს თავი-მეთქი? რაც არ უნდა ხარისხიანი პროდუქტი იყოს, ყველაფერს ხომ ზომიერება უხდება. არ მინდა, ეს გრძნობა დავკარგო და დოზირება ამერიოს.

- ასე რომ, გილოცავ - შენ მიერ წაკითხულ ლექსებს, მილიონზე მეტი ნახვა აქვს...

- კი, ეს ძალიან მიხარია, ამდენმა ადამიანმა მნახა და ამ პანდემიის დროს, მე "მილიონერი" გავხდი...

არჩილ სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე რვაწლიანი ქორწინების შემდეგ პირველი შვილის მშობლები გახდნენ

ვირტუალური "ოქროს გლობუსი" და წითელი ხალიჩა - ვის როგორ ეცვა დაჯილდოების ცერემონიაზე

ზურა ყიფშიძე რობერტ დე ნიროსთან გადაღებულ უცნობ ფოტოებს აქვეყნებს, კადრში ჩანს მისი ახალგაზრდა მეუღლე