ავტორი:

2020 წელს ავარიებს ყველაზე ნაკლები ადამიანი ემსხვერპლა წინა წლებთან შედარებით - "მოძრაობა რომ აღდგება, ეს ციფრი ბევრად გაიზრდება"

2020 წელს ავარიებს ყველაზე ნაკლები ადამიანი ემსხვერპლა წინა წლებთან შედარებით - "მოძრაობა რომ აღდგება, ეს ციფრი ბევრად გაიზრდება"

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2020 წელს ავტოსაგზაო შემთხვევევის შედეგად 450 ადამიანი გარდაიცვალა და ეს მაჩვენებელი ბოლო წლებთან შედარებით ყველაზე დაბალია. მაგალითად, 2008 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლთა რაოდენობა თითქმის ორმაგი იყო და 867-ს შეადგენდა.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ კლება ძირითადად კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს უკავშირდება:

"ეს არ არის მნიშვნელოვანი კლება. თანაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ სტატისტიკის უკან ნამდვილად არ დგას რაიმე ეფექტური ღონისძიებები, არამედ კლება ძირითადად, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს უკავშირდება. ნაწილობრივ, შესაძლოა, ტექნიკური ინსპექტირების პროგრამითაც იყოს განპირობებული. თუმცა, ჩემი აზრით, ძირითადად მაინც კომენდანტის საათს უნდა ვუმადლოდეთ, რომელიც თითქმის ერთი წელია მოქმედებს. რადგან, ძირითადად საღამოს საათებში ხდებოდა ავტოსაგზაო შემთხვევები, როცა ხილვადობა გაუარესებულია და მაღალია ალკოჰოლისა და სხვადასხვა ნივთიერებების თრობის ქვეშ მართვის შემთხვევები.

2020 წლის მაჩვენებელი 4-ჯერ მეტია საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე. ევროპის მასშტაბით შევდივართ იმ ქვეყნების სამეულში, სადაც გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თქვენ წარმოიდგინეთ, ტრანსპორტის მოძრაობის 24-საათიანი დაშვება რომ ყოფილიყო, ალბათ ყველაზე მაღალი მაჩვენებლი იქნებოდა წინა წლებთან შედარებით" - ამბობს დავით მესხიშვილი.

ექსპერტის რეკომენდაციით, აუცილებლია საგზაო პოლიტიკის განხორციელებისთვის ცალკე უწყება შეიქმნას, რადგან ეკონომიკის სამინისტრო ამ ამოცანას თავს ვერ ართმევს.

"სანამ არ იარსებებს დამოუკიდებელი უწყება, რეალური შედეგები არ გვექნება. უნდა შეიქმნას საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა, რომელიც დაგეგმავს პრევენციულ ღონისძიებებს. ეს ფუნქცია ახლა შეთავსებული აქვს ეკონომიკის სამნისტროს და ცხადია, იგი არ უნდა განსაზღვრავდეს ტრანსპორტის პოლიტიკას. რაც შეეხება შსს-ს, მას მხოლოდ დარღვევებზე რეაგირება შეუძლია. შესაბამისად, პრევენციული ღონისძიებები ფაქტობრივად არ არსებობს" - ამბობს მესხიშვილი.

ორგანიზაცია "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" თამჯდომარე გელა კვაშილავა იზიარებს კოლეგის მოსაზრებას და ავტოსაგზაო შემთხვევათა მსხვერპლთა შემცირებულ მაჩვენებელს, პანდემიის გამო შემოღებულ შეზღუდვებს უკავშირებს.

მისი ინფორმაციით, სახელმწიფო მუშაობს 2021 წლის საგზაო უსაფრთხოების პროგრამაზე, რომელშიც გარკვეული ცვლილებები უნდა შევიდეს და არსებულ გამოწვევებთან ბრძოლის გზები გაიწეროს.

"იმ პირობებში, როდესაც თვეების განმავლობაში გაჩერებული იყო საქალაქთაშორისო მოძრაობა, ეს მაინც მაღალი მაჩვენებელია. თანაც მნიშვნელოვანი კლება არ არის. ისევ რომ აღდგება მოძრაობა, ეს ციფრი ბევრად გაიზრდება. ამ სტატისტიკამ დაგვანახა, რომ, მძღოლება გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას მოუმატეს, რადგან ნახეს, რომ ქუჩაში ცოტა ავტომობილი მოძრაობდა. სხვანაირად ამხელა მაჩვენებელი არ უნდა ყოფილიყო.

ქვეყანა ახლა იღებს 2021 წლის საგზაო უსაფრთხოების პროგრამას, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და როცა გავეცნობით, შეგვეძლება შეფასება რა სიახლეებია, რეალურად იცვლება თუ არა რამე უკეთესობისკენ. აუცილებელია, ტექნიკური უსაფრთხოების მხრივ არსებული ხარვეზები გამოსწორდეს, გაუმჯობესდეს მონაცემების შეგროვებისა და კონტროლის სისტემა. ჭკვიანი კამერების, შუქნიშნების, ქულათა სისტემა ერთად უნდა შეიკრას და ა.შ. ბევრი რამ არის გასაკეთებელი" - ეუბნება AMBEBI.GE-ს გელა კვაშილავა.

"10 შვილი გვყავს და გვინდა 105 გვყავდეს" - თურქი ბიზნესმენი ბათუმში სუროგატი დედების წყალობით ოჯახურ იმპერიას აშენებს

სემეკმა სკოლის მოსწავლეებისათვის ენერგეტიკის შესახებ  სპეციალურად შექმნილი მოთხრობისა და საგნების გადაცემა დაიწყო

ვინ არიან ქართველი ასტრობიოლოგები, რომელთა გვარ-სახელებიც მარსზე გაიგზავნა - "თანამგზავრი მარსზე 18 თებერვალს დაჯდება"