ავტორი:

ზაზა გახელაძის მეუღლე - "სუს-ის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ არ ვინერვიულოთ და არ ავყვეთ ემოციებს, რადგან ყველაფერი მალე დასრულდება"

ზაზა გახელაძის მეუღლე - "სუს-ის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ არ ვინერვიულოთ და არ ავყვეთ ემოციებს, რადგან ყველაფერი მალე დასრულდება"

ოკუპირებული რეჟიმის ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის მეუღლის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლისგან ოჯახმა მიიღო პირობა, რომ ყველაფერი მალე დასრულდება და ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს. გახელაძის ოჯახთან დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იმყოფებოდა.

„გვითხრა, რომ არ უნდა ვინერვიულოთ და არ უნდა ავყვეთ ემოციებს, რადგან ყველაფერი მალე დასრულდება. შიგნით რა ხდება, ჩვენ ამაზე არ გვქონდა საუბარი. გვაიმედებს, რომ ყველაფერი მალე დასრულდება და მალე დაუბრუნდება ოჯახს“, - აცხადებს გახელაძის მეუღლე.

მისივე თქმით, სუს-ის წარმომადგენელს ოჯახთან არ უსაუბრია როგორია სახელმწიფოს სამოქმედო გეგმა.

„ამაზე არ გვისაუბრია, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და ალბათ, არც არიან ვალდებული დეტალებში ჩვენ ჩაგვახედონ. მწამს და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება“, - განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ეხო -კავკაზა“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).