ავტორი:

"როგორც კი ევროპაში ფეხზე დავდექი, შევეცადე, სამშობლოშიც დამეწყო მუშაობა, 2004 წლიდან ვმუშაობ კიდეც საქართველოში" - წარმატებული ექიმის პროექტები საქართველოსთვის

"როგორც კი ევროპაში ფეხზე დავდექი, შევეცადე, სამშობლოშიც დამეწყო მუშაობა, 2004 წლიდან ვმუშაობ კიდეც საქართველოში" - წარმატებული ექიმის პროექტები საქართველოსთვის

ზაზა ქაცარავა წლებია, გერმანიაში ცხოვრობს და მუშაობს. ევროპაში თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, უფრო მეტის და უკეთესის ნახვის სურვილით გაემგზავრა. DAAD-ის (გერმანიის გაცვლითი პროგრამა) სტიპენდიით ჩავიდა და ნევროლოგიის რეზიდენტურაც თავიდან გაიარა, რასაც რეანიმატოლოგიის, ტკივილის თერაპიისა და გერაიტრიის კვალიფიკაციები დაუმატა, პარალელურად კი, სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა. საქართველოში დაცულ საკანდიდატო დისერტაციას გერმანიაში სადოქტორო დისერტაციაც დაურთო და ქალაქ ესენის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. მერე სამი წლით ჰარვარდში წავიდა სასწავლებლად და ჰარვარდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კურსი მასტერის დიპლომით დაამთავრა, სამედიცინო ხარისხის დაცვა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში შეისწავლა, ჯანდაცვის მართვა კი - კიოლნის უნივერსიტეტში.

ძალიან ბევრს მიაღწია, თუმცა... საქართველოდან გამგზავრებისასაც კი ზუსტად იცოდა, რომ შეძენილი ცოდნა ისევ საქართველოსთვის უნდა გამოეყენებინა. ამიტომაა, რომ მისი დროის დიდი ნაწილი მართლაც საქართველოს საქმეებს ხმარდება.

თავდაპირველად ქალაქ ესენში ცხოვრობდა. მახსოვს, წლების წინ რომ ველაპარაკე, მიამბო, იოლი არ იყო გერმანიაში დამკვიდრება. ესენის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის 16კვ/მ ფართობის ოთახში ვცხოვრობდი, სტიპენდია 1.500 გერმანული მარკა მქონდა. მერე მუშაობა დავიწყე და თანხაც ცოტათი გაიზარდა. თავდაპირველად ახლობლებთან ხშირი ურთიერთობის დეფიციტს ვერც კი ვგრძნობდი, რადგან, ფაქტობრივად, თავისუფალი დრო არ მქონდა, ლამის, კლინიკაში ვცხოვრობდი. თუმცა იმ ხანებში ერთი-ორი ძალიან კარგი გერმანელი მეგობარიც შევიძინე და თუკი რამეს მივაღწიე, სწორედ მათი მხარდაჭერით. ნელ-ნელა ჩემი ერთი ციდა ბინისთვის ავეჯიც მოვაგროვე, მერე მეუღლე - ეკა ხვინგიაც ჩამოვიდა თბილისიდან. ხელფასი რომ მომემატა, ოთახნახევრიანი ბინა ვიქირავეთ, მერე უკეთ ამეწყო ცხოვრება და კიდევ გავფართოვდით და ცოლ-შვილთან ერთად ბედნიერად ვცხოვრობო... მოგვიანებით შევიტყვე, რომ დორტმუნდში გადასულა საცხოვრებლად.

დღეს მისი სახელსა და გვარს საკმაოდ შთამბეჭდავი ჩამონათვალი მოჰყვება:

  • ზაზა ქაცარავა - ქალაქ უნას საავადმყოფოს ნევროლოგიის, გერაიტრიის და ნეირო რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი, ქალაქ ესენის უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის თავის ტკივილის ფედერაციის პრეზიდენტი და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის თავის ტკივილთან ბრძოლის გლობალური კამპანიის თავმჯდომარე!

- ზაზა, ვფიქრობ, იშვიათი გამონაკლისი ხარ, რომელიც აქ მიღებული უმაღლესი განათლების შემდეგ წახვედი საქართველოდან, საზღვარგარეთ ბევრი ისწავლე, ახლა წარმატებით მუშაობ და წლებია, ცდილობ, პარალელურად, შენი სამშობლოსთვისაც იმუშაო. უფრო დაწვრილებით მიამბე საქართველოში მუშაობაზე.

- აქედან კი წავედი და ბევრიც ვისწავლე, მაგრამ გული ყოველთვის უკან მომიწევდა. როგორც კი ევროპაში ფეხზე დავდექი, შევეცადე, საქართველოში მუშაობა დამეწყო და 2004 წლიდან გამუდმებით ვმუშაობ კიდეც საქართველოში. პირველი პროექტი იყო თავის ტკივილისა და შაკიკის მკურნალობა. ამისთვის გავააქტიურეთ საქართველოში არსებული ექიმების ჯგუფი, გავაწევრეთ ევროპისა და მსოფლიოს საზოგადოებებში, ბევრმა ახალგაზრდა კოლეგამ ჩემგან თუ ჩემი დახმარებით სხვაგან შეისწავლა ეს საკითხი და ისევ საქართველოში დაბრუნდა. მოკლედ, ეს საქმე აეწყო, მაგრამ... რაც გინდა ცოდნა გქონდეს, თუ წამალი არ გექნა, დაავადებას ვერ უმკურნალებ. იმხანად შაკიკის წამლის - "სუმატრიპტანის“ ერთი აბი შვიდი ევრო ღირდა, რასაც ბევრი ვერ გაწვდებოდა, ამიტომ ყველა რესურსი გამოვიყენე, ერთი ბრიტანული კომპანია დავითანხმე და აბი ერთ დოლარად შემოვატანინე, რამაც ეს მკურნალობა ხალხისთვის ხელმისაწვდომი გახადა - სხვა კომპანიებმაც დაწიეს მისი ფასი.

უნას საავადმყოფოში, თანამშრომლებთან ერთად

ჩვენი გაცილებით ფართომასშტაბიანი პროექტია ინსულტის სწორად დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ვთქვათ, თუ ვიღაც შაკიკის მკურნალობაზე შემოგედავება, რა დროს ეგაა, ღარიბი ქვეყანა ვართ, ათასი პრობლემა გვაქვს, ხალხი ჯერ კიდევ შიმშილობს, ოკუპირებული ტერიტორიები დასაბრუნებელი გვაქვს და ა.შ. შაკიკს წამლით მაინც გაიყუჩებო, მაგრამ ვერავინ შემოგედავება იმაზე, რომ ძალიან კარგია, თუკი ადამიანს, ვისაც ინსულტი და დამბლა დაემართება და ფეხზე დააყენებ, ისევე, როგორც კარდიოლოგიის შემთხვევაში მკურნალობ დაავადებულ გულს სტენტირებით. კარდიოლოგიასთან პარალელი იმიტომ გავავლე, რომ კარდიოლოგიის შემთხვევაში საქართველოში დღეს ყველა თანამედროვე სამკურნალო საშუალება არსებობს, მაგრამ ინსულტის შემთხვევაში - არა. ამიტომ ხშირია გარდაცვალებაც და ხეიბრად დარჩენის შემთხვევაც. არადა, მისი მკურნალობა დასავლეთში 1993-94 წლებიდან არის მიღებული. საქართველოს სახელმწიფო რომ გქვია, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მის სათავეში - შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი, ზურაბიშვილი თუ კიდევ ვინმე სხვა, რომელი მინისტრები ხელმძღვანელობენ ჯანდაცვას და როგორ იცვლებიან, ამდენი წლის განმავლობაში რატომ არ იფიქრე, როდესაც გულის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი დანერგე, ინსულტის მკურნალობა რომ არანაკლებ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო?! ვინმე უპასუხებს ამ კითხვას?

2014 წელს მე და რამდენიმე მონდომებულმა ახალგაზრდა ექიმმა ქუთაისში დავიწყეთ ინსულტის თანამედროვე მკურნალობის დანერგვა. მივედით ჯანდაცვის სამინისტროში წინადადებით - ჩამოვიტანთ ცოდნას, დაფინანსების საკითხი თქვენ განიხილეთ-თქო. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეზე იყო ლაპარაკი. ვიფიქრე, შეიქმნებოდა სამუშაო ჯგუფი, განვიხილავდით დეტალებს, გამოვძებნიდით დაფინანსების გზებს, მაგრამ მათ თავიდან მოგვიცილეს. წამოვედი იქიდან და ევროპაში თავად ვიშოვე 25 ათასი ევრო, ჩამოვიტანე საქართველოში და ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში რამდენიმე ინსულტიან ადამიანს თანამედროვე მეთოდით ვუმკურნალეთ და სიკვდილს ან ხეიბრად დარჩენას გადავარჩინეთ. ეს პაციენტები დამბლადაცემული შემოიყვანეს საავადმყოფოში და თავისი ფეხით წავიდნენ საავადმყოფოდან. მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაგვირთულდა სიტუაცია, მაგრამ 9 შემთხვევაში კარგად დასრულდა. არც მაშინ დაინტერესებულა ვინმე - ან ჯანდაცვის კომისია, ან ჯანდაცვის სამინისტრო, ან საზოგადოება და ა.შ. ხომ უნდა არსებობდეს სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ყველას, განურჩევლად პოზიციებისა, შეგვკრებს, ყველას ინტელექტუალურ თუ სხვა პოტენციალს განიხილავს, გადაანაწილებს და დაგვრაზმავს, რომ ჩვენი ცოდნა და შესაძლებლობა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას მოვახმაროთ?!

მკურნალობის ეს მეთოდები "ევექსის“ კლინიკებში დავნერგეთ, მე დამასაქმეს, როგორც ნევროლოგიის სამსახურის უფროსი და ქუთაისის შემდეგ ანალოგიური პროექტი განვახორციელეთ ზუგდიდშიც. მერე ბევრმა გაიგო ჩვენი მეთოდის შესახებ - ხალხმაც და სამედიცინო საზოგადოებამაც, დაინტერესდნენ და დღეს მარტო "ევექსის“ სისტემაში კი არ არის, სხვა საავადმყოფოებშიც აკეთებენ, სხვათა შორის, ახალგაზრდები მუშაობენ. მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოხერხდა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ერთიანი ეროვნული ყოვლისმომცველი ქსელის დანერგვა, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს და სამედიცინო ხარისხს უზრუნველყოფს.

ბოლოს შევთანხმდით, რომ 2020 წლის სექტემბერში უნდა შემდგარიყო ჯგუფი, მაგრამ კოვიდის გამო გადაიდო. არადა, აქ ხომ ფინანსებზე არ იყო ლაპარაკი, კოვიდი ინტელექტუალურ შრომას ხელს არაფრით უშლიდა. პირიქით, კორონას წასვლამდე დროს მოვიგებდით და კონკრეტული ადამიანები სამომავლო სამუშაო გეგმას მოვამზადებდით. იცი, რა მიკვირს? მე რატომ მაინტერესებს ეს ამბავი იმათზე მეტად, ვისაც ეს ევალება?! ხალხსაც მინდა ვკითხო, კონკრეტულად რა არის მათთვის მნიშვნელოვანი? მე მგონია, რომ შემდეგი წლების განმავლობაში ადამიანებს ინსულტის მკურნალობა ექნებათ თუ არა, ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნდა იყოს! ამიტომ კიდევ ერთხელ, არ ვიცი ამ სტატიას ვინ წაიკითხავს, ექიმი, პოლიტიკოსი, მთავრობის წევრი თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, მინდა, ყველას ვთხოვო - მწვავე ინსულტის სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა თითოეული ჩვენგანის საზრუნავია. ამ საქმეს ბოლოსდაბოლოს თავი უნდა მოვაბათ.

- ზაზა, მსოფლიო პანდემიაზეც მინდა, ვილაპარაკოთ. ამბობენ, ხელისუფლებამ ძალიან გაამკაცრა რეგულაციებიო. რეალურად დღეს რა ვითარებაა გერმანიაში?

- ძალიან ბევრი დაინფიცირების შემთხვევაა. შემოდგომიდან მკვეთრად იმატა ავადობამ, ბოლოს, ყოველდღიურად 30-35 ათასი დაინფიცირების ახალი შემთხვევა გვაქვს და ყოველდღე 1000-1200 ადამიანი კვდება. ამას ემატება კოვიდის მუტაციური ვარიანტები - ბრიტანული, სამხრეთაფრიკული, ბრაზილიური... ჩვენს ქალაქ უნაში, სადაც 70 ათასი მოსახლეა, ცოტა შემთხვევა გვქონდა, შესაბამისად, საავადმყოფოშიც ცოტა შემთხვევა იყო, ახლა კი, დაახლოებით, 30-40 პაციენტი მუდამ წევს, ყოველდღიურად რამდენიმე ადამიანი იღუპება, 20-30 ექთანი და 10-15 ექიმი კი ავად გვყავს.

- გერმანიაში კანონმორჩილი ხალხია, რატომ ასე გავრცელდა კოვიდი?

- ძნელი სათქმელია. დეკემბერში დაინფიცირების ნაკადმა იმატა, საშობაოდ მაინც იარა ხალხმა ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, დიდი შეკრებები არ ჰქონიათ, მაგრამ მშობლები, ოჯახები მაინც მოინახულეს. ვერ გეტყვით, ამან თუ გამოიწვია დაინფიცირების მატება. ამის შემდეგ ხელისუფლებამ ძალიან გაამკაცრა შეზღუდვები. მთელი გერმანიის მასშტაბით, ყველაფერი დაკეტილია - სკოლები, საბავშვო ბაღები, მაღაზიები, სასტუმროები. მხოლოდ პროდუქტის მაღაზიები და აფთიაქებია ღია. ზოგან უფრო სიმკაცრეა. მაგალითად, ბავარიაში, თუ არ ვცდები, საღამოს, გარკვეული საათის შემდეგ ქუჩაში გასვლის უფლებაც ეკრძალებათ.

ბრიტანეთის პარლამენტში, ჩერჩილის სახელობის დარბაზში

შეზღუდვებთან დაკავშირებით ორი ასპექტი უნდა განვიხილოთ - დაავადება კონტაქტებით ვრცელდება და ამ შეზღუდვების შემდეგ, თუნდაც, ბოლო კვირაში, ავადობის ნაკადმა მკვეთრად დაიკლო, 10-8 ათასზე ჩამოვიდა. მაგრამ, მეორე ასპექტია ხალხის ფინანსური მდგომარეობა. გაუჭირდა ხალხს. მე, როგორც ექიმს, ეს არ მეხება, რადგან საზოგადოებას ვჭირდები, მაგრამ, მაგალითად, ჩემი ჩოგბურთის მწვრთნელს, რომელიც კერძო მეწარმეა და ინივიდუალურად ავარჯიშებს მოყვარულებს, შემოსავალი არ აქვს. მას სახელმწიფო ეხმარება და, თუ არ ვცდები, შემოსავლის 60%-ს უხდის, მაგრამ 40% ხომ დააკლდა? ბევრი სასტუმრო და კერძო პირი ან ფირმა სამედიცინო ან სხვა ტიპის კონგრესებს, ფორუმებს, გამოფენებს, შეკრებებს ემსახურებოდა და ეს საკმაოდ დიდი ინდუსტრია იყო. ამ ხალხმაც დაკარგა სამსახური. მათაც ეხმარება სახელმწიფო, მაგრამ სრულყოფილად ხომ ვერ დაეხმარება? - ვიღაცამ სახლი რომ იყიდა, მის კრედიტს რომ იხდის, ბანკმა ხომ არ შეუმცირა მას 40% გადასახადი? ასე რომ, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები და, შესაბამისად, გაჩერებული ბიზნესი მძიმედ დააწვა თითოეულ ადამიანს. ნეოლიბერალებმა შეიძლება თქვან, რომ ასეთ დროს სახელმწიფო არ უნდა დაეხმაროს ხალხს, მაგრამ მე, როგორც გერმანიაში სოციალიზირებულ ადამიანს, მიმაჩნია, რომ ჩემი შემოსავლიდან სახელმწიფოს იმიტომ ვუხდი 40-45% ბეგარას, რომ როდესაც დამჭირდება, სახელმწიფომ გარკვეულწილად უნდა დამიბრუნოს. რა თქმა უნდა, ვიღაც მაინც ღიზიანდება, ნერვები ღალატობს, ვიღაცისთვის ეს შეზღუდვა მეტ-ნაკლებად დიდი ტვირთია, მაგრამ, ზოგადად, გერმანიაში მაინც კანონმორჩილი ხალხი ცხოვრობს და ზედმეტად კანონს არ დაარღვევს.

- პროფესიული კუთხით გიწევს კოვიდპაციენტებთან ურთიერთობა?

- კოვიდთან ურთიერთობა ნაკლებად მაქვს, რადგან ჩემი პირველადი მოვალეობა ეს არ არის, მაგრამ მყავს ინსულტიანი ავადმყოფები, ვისაც კოვიდი დაემართა და შეიძლება კოვიდით გამოწვეული პნევმონია ან სხვა ნევროლოგიური გართულება აქვს.

- საქართველოს და ევროპის თუ სხვა კონტინენტის მოსახლეობის ნაწილი ეჭვობს, რომ კოვიდით გარდაცვლილების რიცხვს აბუქებენ - სხვა დაავადებებით სიკვდილის მაჩვენებელსაც მას უმატებენ და ყველაფერს კოვიდს აწერენ. როგორც პროფესიონალი და როგორც უცხოეთში მცხოვრები ადამიანი, ამაზე რას იტყვი?

- სწორედ ამ ეჭვებიდან გამომდინარე, გერმანიაში გარდაცვალების მაჩვენებელის გამოცხადებისას ასეთ ფრაზას იყენებენ (გერმანულიდან ქართულად ასე ითარგმნება): გარდაიცვალა კოვიდით ან კოვიდის გამო! თუ კოვიდით - ნიშნავს, რომ კოვიდი კი ჰქონდა, მაგრამ შეიძლება სხვა მიზეზით გარდაიცვალა, ხოლო თუ კოვიდის გამო, ეს ნიშნავს, რომ უშუალოდ კოვიდმა მოკლა. გერმანულად უფრო ზუსტად იგებ მნიშვნელობას და ორივე შემთხვევას მოიცავს. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, არსებობს ასეთი სტატისტიკა: თურმე, გერმანიაში, 80-მილიონიან ქვეყანაში, სხვადასხვა მიზეზით დღეში, დაახლოებით, 3 ათასი ადამიანი კვდებოდა, ნოემბრის შემდეგ კი - 4 ათასი ადამიანი კვდება.

- კორონავირუსი უშუალოდ შეეხო შენს ოჯახს აქ, საქართველოში, თბილისში. გისამძიმრებ, არცთუ დიდი ხნის წინ ორივე მშობელი სწორედ კოვიდით გარდაგეცვალა...

- დედას კოვიდი 2020 წლის 1-ლ ნოემბერს მომვლელმა ქალმა გადასდო. 3-ში ტემპერატურა აეწია და 5- ნოემბერს უკვე თბილისში ვიყავი. მამასაც გადაედო და მთელი ნოემბერი მათთან გავატარე. ჩემი ძმა - გიგლაც (ცნობილი მუსიკოსი და პედაგოგი, პარიზის კონსერვატორიის პროფესორი - ი.ხ.) მაშინვე აპირებდა საფრანგეთიდან ჩამოფრენას, მაგრამ ვთხოვე, შეეცადა - პროფესიიდან გამომდინარე, აქ მე უფრო საჭირო ვიყავი, ვფიქრობდი, კოვიდს გავუმკლავდებოდით და მშობლებს საავადმყოფოდან რომ გამოწერდნენ, გიგლა მერე ჩამოვიდოდა დასარჩენად, მაგრამ დედა მალე დამძიმდა. მას კოვიდის პნევმონია ჰქონდა, კატეზეც ჩანდა, როგორ უარესდებოდა მდგომარეობა, მამას კი კოვიდთან ერთად მეორადი ბაქტერიული ინფექცია დაერთო. გიგლა მაშინვე ჩამოფრინდა, მაგრამ დედას ვეღარ ჩამოუსწრო. სამწუხაროდ, ვერც მამის ნახვა მოახერხა, რადგან საავადმყოფოში მას არ შეუშვებდნენ, მე კი, როგორც ექიმი, ყოველდღე შევდიოდი საავადმყოფოში. მერე, მალევე, მამაც გარდაიცვალა.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

"ხვალ ან ზეგ გახდება ცნობილი რა რაოდენობის "ფაიზერის“ ვაქცინას მიიღებს საქართველო თებერვლის ბოლომდე" - გამყრელიძე

"Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა" - რას წერს გიორგი გახარია "ფეისბუქზე"?

"იქვე დაჩოქილი დედა ვერ იჯერებდა, რომ შვილი ცოცხალი გადაურჩა" - რას ჰყვება მაშველი, რომელიც 10 წლის გოგონას გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდა