25 იანვარს, თბილისში, ფონიჭალის გზაზე, სატვირთო მანქანებს სომხური ნომრებით თავს დაესხნენ და დაუდგენელმა პირებმა ავტომობილებს მინები ჩაუმსხვრიეს. დღემდე გაურკვეველია ვინ იყვნენ თავდამსხმელები. მომხდარს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შეესწრო, გამოძიება დაწყებულია. ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტების გამოძიება მნიშვნელოვანია განმეორებების თავიდან ასაცილებლად.
მომხდარის თაობაზე განცახდება გაავრცელა სომხეთის საელჩომ საქართველოში.
"გვიან ღამით, საქართველოში, ქვემო ფონიჭალის დასახლებასთან, უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს სომხური მხარის სატვირთო მანქანებს, ჩაამტვრიეს ზოგიერთი სატვირთო მანქანის საქარე და გვერდითი მინები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ამის შემდეგ სატვირთო მანქანებმა, საპატრულო პოლიციის თანხლებით, მიაღწიეს საქართველო-სომხეთის საზღვარს და გადაკვეთეს იგი.
ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე.
სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში მუდმივად ეკონტაქტება საქართველოს შესაბამის ორგანოებს, ამავდროულად, აქტიურად მუშაობს, კანონის ფარგლებში დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად და ამგვარი შემთხვევების განმეორების თავიდან ასაცილებლად", - ვკითხულობთ განცხადებაში.
მომხდარს სომხური პრესა აქტიურად ეხმაურება. სომხური მასმედია დარწმუნებულია, რომ ეს ინციდენტი ადგილობრივი აზერბაიჯანული მოსახლეობის მიერაა ჩადენილი.
ერევნის გაზეთ "გოლოს არმენიიში" («Голос Армении») გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "განა ომზე უკეთესია ასეთი მშვიდობა?“ (ავტორი - არა მელიქსეთიანი), რომელშიც ვკითხულობთ:
"ამბობენ, რომ ცუდი მშვიდობა ომზე უკეთესიაო, მაგრამ მთიანი ყარაბაღის 44-დღიანი ომის დროსაც კი არ ყოფილა შემთხვევები საქართველოში, რომ გათავხედებულ აზერბიჯანელებს სომხური ავტომობილები გაენადგურებინათ... მოკლედ, კაპიტულაციამ სომხეთს მშვიდობა ვერ მოუტანა - აშკარაა, რომ სომხეთის ტვირთები, რომლებიც რუსეთში იგზავნება, თუნდაც საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, საფრთხის ქვეშაა. რუსეთი ახალ სატრანსპორტო მიმართულებას გვთავაზობს, აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით, მაგრამ ეს ნიშნავს, ჩვენს ტვირთებს დამატებით ასეული კილომეტრით უგრძელდებათ გზა და ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში მტრის ტერიტორიაზე უნდა იყონ... როცა ჩვენი ავტომანქანების წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანელების თავდასხმები ხდება, წარმოიდგინეთ, რა მოუვათ მათ უშუალოდ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე? ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოში, სადაც სომხეთის საელჩო არსებობს, ასე თუ ისე, უსაფრთხოების საკითხების მოგვარება შეიძლება, მაგრამ აზერბაიჯანში ვინ იქნება ჩვენი მხრიდან პასუხისმგებელი სავარაუდო ინციდენტებზე? და ასეთი კომუნიკაციური პერსპექტივა მოსწონს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს...“ წყარო
კიდევ ერთ სომხურ გამოცემაში - "ლრაგირში" («Լրագիր») გამოქვეყნებულ სტატიაში კი ნათქვამია:
"დღეს ერთადერთი გზა რუსეთისაკენ საქართველოზე გადის. ვიდრე ეს გზა არსებობს, რუსეთი და თურქეთი ვერ შეძლებენ იმას, რომ სომხები აზერბაიჯანისაკენ წასვლაზე დაითანხმონ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამხედრო გზა ურთულეს სატრანსპორტო არტერიას წარმოადგენს, სომხეთისათვის საქართველოზე ტრანზიტი უფრო მოკლე და უსაფრთხოა, ვიდრე აზერბაიჯანული. ვიღაცებს კი სურთ აჩვენონ, რომ საქართველოს გზაც უკვე სახიფათო გახდა. გამოდის, რომ რუსეთი აზერბაიჯანულ ტრანზიტს ბაქოსა და ანკარის სასარგებლოდ ლობირებს“. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ