"რაიანის მამამ ბაირონმა და მე გავაკეთეთ არჩევანი, რომ გაპატიოთ ჩვენი არაჩვეულებრივი შვილის რაიანის, ჩვენი სათნო, საზრიანი რძლის ლორას და ჩვენი ძვირფასი 4 წლის შვილიშვილის ქელების მკვლელობებები. ჩვენ არ გვინდა შენს მიმართ მიუტევლობის, სიმწარის, ზიზღის ან ბოროტების მარწუხებში ცხოვრება. ჩვენ ავირჩიეთ, რომ გვჯეროდეს ღმერთის და გვქონდეს იმის იმედი, რომ ჩვენს გულებში ამ უზარმაზარ სიცარიელეს ამოავსებს და შეგვაძლებინებს ცხოვრების გაგრძელებას ჩვენი ტკივილითა და დანაკარგით“, - ეს არის ამონარიდი ხადას ხეობაში მოკლული რაიან სმიტის დედის ლინ სმიტის წერილიდან, რომელიც მკვლელობაში დღეს უკვე მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს 2018 წლის 1-ლ ოქტომბერს გამოუგზავნა.
ლინ სმიტი წერილში ასევე აღნიშნავდა, რომ მოკლულთა ოჯახის სურვილია, მალხაზ კობაურმა საპყრობილეში 30 წელი გაატაროს ან იქ სამუდამოდ დარჩეს, რათა მისგან საფრთხე სხვა ადამიანებსაც არ შეექმნათ.
გარდა ამისა, რაიან სმიტის დედა ბრალდებულ მწყემსს ლოცვისკენ მოუწოდებდა და ურჩევდა, ღმერთისთვის შენდობა ეთხოვა.
მოგეხსენებათ, ხადას ხეობაში მომხდარი უსასტიკესი მკვლელობისთვის მსჯავრდებული მწყემსი, მალხაზ კობაური დღეს უვადო პატიმარია.
მის ოჯახსა და ადვოკატს პროკურატურის ვერსიის დღემდე არ სჯერათ.
დანაშაული 2018 წლის 4 ივლისს მოხდა. ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი მალხაზ კობაური მალევე დააკავეს. მან 8 ივლისს გამომძიებელს აღიარებითი ჩვენება მისცა (ეს ჩვენება ფარული ჩანაწერით ჩაიწერა). ამ ჩვენებაში მწყემსი ყვება, როგორ შელაპარაკდნენ ის და რაიან სმიტი თოფის არასწორად ჭერის გამო, შემდეგ როგორ ესროლა მას, მერე როგორ ესროლა მტირალ ბავშვს და როგორ გაიქცა ამის შემხედვარე ლორა სმიტი ადგილიდან...
მოგვიანებით ეს ჩვენება მალხაზ კობაურმა შეცვალა. მის ჩვენებაში გაჩნდა უცხო შავი მანქანა, საიდანაც 2 ადამიანი გადმოდის და სმიტებს საქმეს ურჩევს და ზოგადად, ვერსია, რომ კობაური სმიტების მკვლელობის შემსწრე გახდა და არა მონაწილე.
თუმცა ეს ვერსია სასამართლომ არ გაიზიარა. ის დღეს სასჯელს უვადო პატიმრისთვის განკუთვნილ საკანში იხდის.
"ახალი წერილი სმიტებისგან არ მიმიღია, როცა გამომიგზავნეს წერილი, იქ ბიბლიაც იყო“, - ამბობს ის ambebi.ge-სთვის გამოგზავნილ წერილში კობაური.
ციხეში ცხოვრების შესახებ კი წერს:
"დილაობით ვვარჯიშობ, მეგობრებთან ერთად, სამკაულებს ვამზადებ, ძირითადად, პლასტმასისგან და ბიჟუტერიისგან, სახლში ვგზავნი სამკაულებს და შეგიძლიათ ჩემთან მიხვიდეთ და იქაც ნახოთ ჩემი დამზადებული სამკაულები. საქართველოს ისტორიით ვარ დაინტერესებული, ბოლოს "უქარქაშო ხმლები“ წავიკითხე“.