მამუკა ხაზარაძესთან ინციდენტი არც დამიგეგმავს, არც დამიწყია. მე უბრალოდ რეაქცია მქონდა. არაფერს ვნანობ. როცა მოსანანიებელი მექნება, მოვინანიებ, როცა ბოდიში მექნება მოსახდელი, მოვიხდი აუცილებლად - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, მას ჰქონდა ხაზარაძის შეურაცხყოფაზე მხოლოდ რეაქცია და პასუხი.
"როცა სადმე შეცდომას დავუშვებ და მივხვდები, რომ ეს შეცდომა იყო, ბოდიშს მოვიხდი, არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ხაზარაძესთან მიმართებით, მე არც დამიგეგმავს ეს და არც შეურცხყოფა დამიწყია. მე მქონდა რეაქცია შეურაცხყოფაზე და ეს იყო ჩემი პასუხი. არავის ვაპატიებ არასდროს ჩემს შეურაცხყოფას, ეს ყველამ გაითვალსიწინოს. შესაბამისად, რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს“, - აღნიშნა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, საკუთარი პოზიციის სისწორეში დარწმუნებულია.
„ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენი პოზიცია სწორია. ამის თქმის საფუძველს ჩვენ გვაძლევს ის რომ, აშშ, ევროკავშირი, ნატო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლაამენტი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენ ვფიქრობთ, რომ "ქართულ ოცნებას" უნდა დავათმობინოთ ის საკითხები, რასაც ბოიკოტისას ვითხოვდით და ამის შემდეგ უნდა შევიდეთ პარლამენტში. ჩვენ ყველანი ერთ აზრზე ვართ და არიან ამრევები, რომლებიც ცდილობენ სხვებს ტვინი აურიონ, არაფერს ვიტყვი, ერთგვარი მორატორიუმი მაქვს ოპოზიციასთან ბრძოლასა და კინკლაობაზე", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში „კრიზისი გრძელდება და საშველი არ ჩანს“.
„ოპოზიციაში ყველა უყურებს ერთმანეთს. ცოდვა გამხელილი სჯობს და მეც ძალიან ვცოდავდი, რომ არავის არაფერს ვაკლებდი და ვიყავით ამ შეურაცხყოფის კორიანტელში ჩართულები და ზოგჯერ მეტისმეტიც მომივიდა. ქვეყანაც გაიჭედა და ამას პირი არ უჩანს. ზოგიერთ პოლიტიკოსს ეს მიაჩნია პოლიტიკად, რაც მეტ შეურაცხყოფას მოგაყენებს ყოველდღე. ჩვენთვის კი, ეს არის ხალხის სამსახური და სადღაც ხომ უნდა გაწყდეს ეს? სადღაც ხომ უნდა გაჩერდეს და სადღაც უფრო მეტი პასუხისმგებლობით ხომ უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს? ერთმანეთს უყურებენ და ვერ ბედავენ გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენ ვბედავთ გადაწყვეტილების მიღებას. ამათთანაც ვცადეთ დალაპარაკება, იმათთანაც ვცადეთ, მაგრამ რა ვქნათ, არ უნდათ, ფეხს ითრევენ. ქვეყანა გავჭედეთ ყველამ ერთად. ჩემთვის პოლიტიკაში ყოფნა არის ხალხის სამსახური და ძლივსღა ვახერხებ, რომ ადამიანებს დავეხმარო. სრულიად მოვწყდი ამ სივრცეს და გადავეშვი კინკლაობის ორომტრიალში“, - განაცხადა ელისაშვილმა.
რაც შეეხება შეფასებას, რომ ელისაშვილი ოპოზიციური სპექტრისგან გარიყულია, მისი თქმით, „ღიმილის მომგვრელია, რომ ვითომ ოპოზიციიდან გარიცხეს“.
„ვიღაცას ჰგონია, რომ საბავშვო ბაღის დირექტორია და იქ ვიღაცას იღებენ ან რიცხავენ, ეს ძალიან სასაცილოა. პარტია ოპოზიციაშია თუ ხელისფულებაში ანუ პოლიტიკურ სივრცეში სად არის, ამას არჩევნებზე ამომრჩეველი წყვეტს. ეს ელემენტარული ჭეშმარიტება ვიღაცებს, როგორც ჩანს, არ ესმით“, - აღნიშნა მან.
ელისაშვილი „ქართულ ოცნებას“ არა დახურულ კარს მიღმა, არამედ მედიის თანდასწრებით შეხვედრას სთავაზობს. როგორც ელისაშვილმა განაცხადა, მას ხალხისგან დასამალი არაფერი აქვს.
ელისაშვილმა კიდევ ერთხელ დაასახელა ის წინადადებებიც, რომელზე თანხმობასაც პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ ითხოვს. ამასთან, მისი თქმით, კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში უნდა შედგეს შეთანხმების დოკუმენტიც, რომელსაც ხელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერს, თუ ადგილზე ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებიც იქნებიან.
„ჩვენ დღეს „ქართულ ოცნებას“ მივმართეთ. ძალიან დიდი დრო გავიდა მეოთხე რაუნდის შემდეგ. გვინდა შევხვდეთ, რა თქმა უნდა, საჯაროდ. ხალხთან დასამალი ჩვენ არაფერი არ გვაქვს. კამერების თანდასწრებით გვინდა, რომ „ქართულ ოცნებას“ შევხვდეთ და განვიხილოთ ის 4 პუნქტი, რაც მოლაპარაკებების მაგიდაზე იყო, რასაც ითხოვდა ოპოზიცია და რაც მერე მიავიწყდათ და აღმოჩნდა, რომ ზოგისთვის არაფერს წარმოადგენდა. ჩვენ გვინდა, ვკითხოთ რა მზაობაა ამასთან დაკავშირებით და დეტალურად გავიაროთ ოთხივე პუნქტი.
ჩვენთვის რამდენიმე საკითხი არის პრიორიტეტული. პირველ რიგში, ეს არის პოლიტპატიმრები, შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი არჩევნებთან დაკავშირებით და თვითონ საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ გარეთ. ეს არის პრინციპული საკითხი. ნუ აღიარებენ პოლიტპატიმრების არსებობას, გამოუშვან მთავარია. გასაგებია, რომ ისინი ამას ფორმალურად არ აღიარებენ, მაშინ უნდა აღიარონ, რომ სასამართლო არ არსებობს და ამას თვითონ ხელისუფლება ვერ იტყვის. ჩვენთვის მთავარი არ არის ფორმალური დათქმები, მთავარია, რომ ეს ხალხი იყოს გარეთ.
მნიშვნელოვანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა, რაზეც ფორმულა შევთავაზეთ ოპოზიციას და ყური არავინ შეიბერტყა. ეს იყო შემდეგი - თვითმმართველობის არჩევნების შედეგი ყოფილიყო ერთგვარი პლებისციტი. თუ ოპოზიცია ჯამურად მოიგებდა თვითმმართველობის არჩევნებს, მაშინ 2022წელს ვადამდელი არჩევნები დანიშნულიყო. ამ ფორმულაზე გვაინტერესებს „ქართული ოცნების“ პასუხი“.
ჩვენ მმართველ გუნდს საჯაროდ მივმართეთ, საჯარო დასტური მივიღეთ. ალბათ, ახლა ჩავნიშნავთ შეხვედრას“, - განაცხადა ელისაშვილმა.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად უშვებს შესაძლებლობას, რომ მმართველი გუნდი მის მიერ დასახელებულ წინადადებებზე უარს ეტყვის, ის პარლამენტში არ შევა და როგორ გააგრძელებს ბრძოლას ამ შემთხვევაში, ელისაშვილის თქმით, პოლიტიკური ბრძოლა ოპოზიციის გარეშე, მარტო გაგრძელდება.
„თუ "ქართულ ოცნებასთან" ვერაფერზე შევთანხმდებით, იქ ვიქნებით, სადაც ვართ, დავიწყებთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისს და პარლამენტში ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ შევალთ...
[მარტო ყოფნა] ჩვენთვის არანაირი პრობელმა არ არის. საკრებულოში 50 კაცის წინააღმდეგ ვიყავი დამოუკიდებელი კანდიდატი, მარტოდ მარტო, არანაირი პრობლემა არ მქონდა, არც მეშინოდა და მე ვიცოდი, რასაც ვემსახურებოდი - ვემსახურებოდი ხალხს, ქალაქს და არც ახლა არაა პრობლემა სად ვიქნებით, იმავეს ვაპირებთ. ბრძოლას მარტო გავაგრძელებთ, ხალხის სამსახურში ვართ. ხალხი ხმას რომ გვაძლევდა, ჩვენ პარტიას აძლევდა და არა იმას, „თქვენი პარტია რომ კიდევ ვიღაცასთან იქნება და ვიღაცას აზრს კითხავს“ - ასეთი რამ არ ყოფილა.
ჩვენ მართლა გვინდოდა, რომ ეს ყველაფერი გამოგვეგლიჯა ხელიდან. ვიღაცებმა ფორმალურად თქვეს, რომ ვითომ ეს ოთხი საკითხი აინტერესებდათ. საერთოდ არ აინტერესებთ არაფერი, ზოგს რევოლუცია უნდა, ზოგს არეულობა უნდა. რა ვქნა, ყველას თავის საქმეში გაუმარჯოს“, - განაცხადა ელისაშვილმა.