ლანა ღოღობერიძის დაუვიწყარმა ფილმმა "როცა აყვავდა ნუში" არამხოლოდ ზურა ყიფშიძეს მოუტანა საზოგადო აღიარება - სწორედ ამ ფილმიდან გაიცნეს ქართველმა კინომოყვარულებმა გოგა ფიფია, რომელსაც მსახიობობაზე არასდროს უოცნებია, რადგანაც ექიმობა ბავშვობიდან ჰქონდა გადაწყვეტილი.
ეს კი დიდწილად მისი ცნობილი ოჯახის დამსახურება იყო - ბაბუა ქართული "ქირურგიის მამად" წოდებული აკადემიკოსი ეგნატე ფიფია გახლდათ, მამა ასევე აკადემიკოსი, ცნობილი ქირურგი ვახტანგ ფიფია, დედის მხრიდანაც ჰყავდა სანათესაოში ქირურგები...
სამწუხაროა, რომ გოგა ფიფიაზე ახლა წარსულ დროში გვიწევს საუბარი - 12 თებერვალს მისი გარდაცვალებიდან 9 წელი სრულდება, ის სრულიად ახალგაზრდა, 59 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
AMBEBI.GE მამაზე სასაუბროდ, მსახიობის და ექიმის შვილს, ნანა ფიფიას დაუკავშირდა.
ნანას ოჯახის ტრადიცია აღარ გაუგრძელებია - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და წლებია უმაღლეს სასწავლებელში ინგლისურ ენას ასწავლის. უმუშავია სხვადასხვა ორგანიზაციაში, მათ შორის, სოროსის ფონდში, სკოლის დირექტორად, ხანგრძლივად კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მსახურობდა. ნანა ფიფია ახლა ჩვენთან ერთად იხსენებს მამას...
- პოპულარობა ფილმებმა მოუტანა და თვითონაც მოსწონდა ეს ამბავი... ცეკვა უყვარდა ძალიან. ერთხელ, ქორწილში უნახავს ნინო რამიშვილს მისი ცეკვა და უთქვამს, ანსამბლში მოდიო, მაგრამ უარი უთხრა: მე სხვა სპეციალობა მაქვს არჩეული, კოსმონავტობაზეც არ მიფიქრია, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ექიმი უნდა გავმხდარიყავიო...
- ეს ალბათ მისი ბაბუის, ეგნატე ფიფიას დამსახურება იყო...
- ოჯახში ყველა ექიმი ჰყავდა. ეგნატე გიჟდებოდა გოგაზე. მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა გოგასაც. მისი ყველაზე საყვარელი შვილიშვილი იყო... ლანა ღოღობერიძის ფილმში რომ იღებდნენ, ეგნატე თურმე ცუდ ხასიათზე ყოფილა, ლანას სცენარი უნდა შევაცვლევინოო, არ მოსწონდა გოგას გმირი, ლექსო ავარიაში რომ ხვდებოდა. ფილმი "მზიური" კი ძალიან მოსწონდა - აქ გოგა რა კარგად მღერისო. მე კი არა, ჩემს ნამღერს ნუგზარ კვაშალი ახმოვანებსო - მამა ეუბნებოდა, მაგრამ ბაბუა იხტიბარს არ იტეხდა. ვერ არწმუნებდა, რომ თვითონ არ მღეროდა...
მამა ფილმების გადაღებებს ხალისიანად იხსენებდა... სესილია თაყაიშვილთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ეგონა, რომ მართლა მისი ბებია იყო... არაჩვეულებრივმა და დიდმა მსახიობმა ხელი შეუწყო, რომ როლი თავისუფლად ეთამაშა. ზურა ყიფშიძე კი მისი უახლოესი მეგობარი იყო...
ლანა ღოღობერიძემ მამა ლიძავაში აღმოაჩინა, სადაც სახლი გვქონდა და ერთხელაც მისი ცეკვა რომ ნახა, მაშინვე მიუღია გადაწყვეტილება, რომ ფილმში როლზე აეყვანა. არადა, გოგა იხსენებდა - დაუფიქრებლად ვიცეკვე და რაღაც კარგი გამოვიდაო... საერთოდ, ქალბატონი ლანას მადლიერი იყო, ყოველთვის პატივისცემით იხსენებდა. ისიც ჩვენს ოჯახს კარგად იცნობდა...
- ბაბუას რომ მოსწონდა შვილიშვილის ფილმში "ნამღერი", რეალურ ცხოვრებაში თუ მღეროდა?
- კი, მაგრამ სასცენოდ არა... კარგი დროის გატარება უყვარდა. პატარა რომ ვიყავი, ჩვენთან სახლში წვეულებები იმართებოდა, ბევრი ცნობილი და გამოჩენილი ადამიანი, - პოეტები, მუსიკოსები მოდიოდნენ... რომა რცხილაძე ერთ-ერთ სიმღერაზე ამბობდა, ამის მუზა გოგასთან სახლში მომივიდა და დავწერეო... მოკლედ, ჩვენთან ჟღერდა მუსიკა, პოეზია, როიალი, გიტარა. ხომ გეუბნებით, ამ საოცარი კულტურული შეკრებების მოწმე ვარ... გოგა რომ გარდაიცვალა, კოტე ყუბანეიშვილმა გულისამაჩუყებელი ლექსი მიუძღვნა.
ყველა თაობის ადამიანთან მეგობრობდა. თავისი ურთიერთობა ჰქონდა კლინიკის დარაჯთან, ექიმებთან, ექთნებთან - ყველას ურეკავდა, მოიკითხავდა, ადამიანების გასაჭირზე დარდობდა...
ჩვენს ოჯახში 1991 წელს ტრაგედია დატრიალდა - ჩემი ძმა ვატო ფიფია (ბაბუის სეხნია) 12 წლის ასაკში გარდაიცვალა, გუდაურში თხილამურებით დაეშვა და ბოძს შეეჯახა... ამ ტრაგედიამ მამას ულამაზეს თვალებში დიდი სევდა დაუტოვა. როცა შვილის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე რამეს ეკითხებოდნენ, პასუხობდა - "როდესაც ბუნების კანონზომიერება ირღვევა, როდესაც შვილი მშობელზე ადრე მიდის, ეს რთული გადასატანია“. მაგრამ ამ ტრაგედიასთან გამკლავებას მაინც ცდილობდა - ცხოვრება გრძელდებაო...
2 შვილი მყავს. ჩემი შვილი რომ გაჩნდა, მამა ამბობდა, შვილიშვილი რომ მყავს, გული ახალგაზრდა ამიტომ მაქვსო... გიორგი ძალიან ჰგავს გოგას, ჩემნაირი ტიპიაო - მასზე ამბობდა.
- თქვენი ოჯახის ყველა წევრი ცნობილი და ღვაწლმოსილი ადამიანია, ვახტანგ ფიფია გავიხსენოთ...
- უნიჭიერესი ადამიანი იყო, პროფესორი, აკადემიკოსი, სახელიანი ექიმი... 9 აპრილს, როდესაც სამედიცინო სფერო და ინტელიგენცია შეიკრიბა, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თქვა, რომ ადამიანები გაზით მოწამლეს. ავიდა სცენაზე და ეს ხმამაღლა განაცხადა. ვახტანგს გოგას გარდა კიდევ ერთი შვილი, ნიკა ჰყავს და ახლა ფიფიების სამედიცინო დინასტიას გოგას ძმისშვილი, ირაკლი ფიფია აგრძელებს, რესპუბლიკურ სავადმყოფოში ძალიან კარგი ექიმია. მას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ეგნატეს ადარებენ...
- რა გახდა მამათქვენის გარდაცვალების მიზეზი?
- მამის გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის დაზიანება გახდა, თუმცა არ ეგონა, რომ მას ეს დაემართებოდა, ამბობდა, ამ დაავადებით ბევრი მეგობარი და პაციენტი გადავარჩინეო... ყველაფერი ძალიან გვინ გავიგეთ, როცა უკვე გადარჩენის დაბალი შანსები იყო, თუმცა უკან არ დაგვიხევია... გვირჩიეს, ღეროვანი უჯრედების გადანერგვა გვეცადა. შედარებით ახალი, მაგრამ უკვე ეფექტიანი მეთოდი იყო, ვინაიდან სხვა გზა უკვე აღარ არსებობდა.
მე და მამა ლონდონში გავემგზავრეთ, სადაც კლინიკაში ყველაფერი მაღალ დონეზე ჩატარდა... იქაური პერსონალის მადლიერი იყო და თითოეულის მიმართ დიდ სითბოს ავლენდა. გამაგზავნა და საავადმყოფოს თითოეული პერსონალისთვის, დარაჯიდან დაწყებული, ექიმით დასრულებული, საჩუქრები მაყიდინა. ჩემგან პატივისცემა ეკუთვნით, დიდი სითბო გამოამჟღავნესო...
- მკურნალობა ეფექტიანი ვერ აღმოჩნდა?
- გადანერგვამ შედეგი ვერ გამოიღო... მისი მდგომარეობა არც ისე სახარბიელო იყო... ამიტომ, ლონდონში ყოფნისას სულ ვასეირნებდი, რომ ცოტა გახალისებულიყო. ღმერთს ვევედრებოდი, რომ თბილისში ცოცხალი ჩამომეყვანა... იქიდან კი გაუარესებული ჯანმრთელობით დავბრუნდით... თვითონ ყველაფერს გრძნობდა - გვაფრთხილებდა კიდეც, ხვალ ეს დამემართება, ზეგ - ეს, მერე გავითიშები და საავადმყოფოში არ წამიყვანოთ, ტყუილად არ მაწვალოთო... "უმერეტ ტაკ ს მუზიკაი" - ამბობდა ხოლმე...
ბოლო ახალ წელს მოილხინა. განსაკუთრებულად აღნიშნა, საახალწლო სუფრისთვის საგანგებოდ გამოეწყო და ისე მიუჯდა... 31 იანვარს საავადმყოფოში გადავიყვანეთ და 12 თებერვლამდე იცოცხლა...
- ექიმები უმეტესად საკუთარ ჯანმრთელობაზე არ ზრუნავენ და ეტყობა, ეს შემთხვევა იყო...
- კი, ასეა, თავს არ უვლიან, ჰგონიათ, რომ მათ არაფერი დაემართებათ... არადა, თავადაც ქირურგი იყო და ჩვენში ერთ-ერთი პირველი, ვინც ლაპარასკოპიული (უსისხლოდ) მეთოდით ოპერაციების გაკეთების სათავეში იდგა. მოლაპარაკებები ჰქონდა იტალიელებთან, რომ ჩვენთან ნაღვლის ბუშტის უსისხლო ოპერაცია გაკეთებულიყო. ახლა ეს ყველაფერი დათო აბულაძის კლინიკამ გააგრძელა... მათთან კლინიკაში გოგას ფოტოები კედელზე უკიდიათ, როგორც ამ საქმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის.
ამ ყველაფერს რომ იწყებდა, ეკითხებოდნენ - ბატონო გოგა, თქვენი კლინიკა რით იქნება გამორჩეულიო და პასუხობდა - კლინიკა სახელს სიკეთის კეთებით გაითქვამსო. ასეთი ადამიანი იყო, ოღონდაც სიკეთე ეკეთებინა, სხვა არაფერი უნდოდა. მარადიული მხოლოდ ეს არის, სხვა ყველაფერი წარმავალია, გარშემომყოფებს ვცდილობ, ჩემი საქმიანობით გადავუხადო, ზოგჯერ გამომდის და ზოგჯერ - არაო... საოცარი კაცი იყო... ოპერაციებს რომ აკეთებდა და თუ საქმე გაჭირვებულ პაციენტთან ჰქონდა, მისი მკურნალობის თანხას, საკუთარი ჯიბიდან უფარავდა და სახლში რომ სწერდა, წამლებსაც ატანდა... იყო ხალისიანიც, კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა...
- რას ნიშნავს თქვენთვის ასეთი ადამიანების შთამომავლობა.
- მემაყება, რომ ამ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე, რომელმაც მასწავლა ადამიანის სიყვარული, პატივისცემა, ერთგულება, ჩემი საქმის სიყვარული, პასუხიმგებლობა, ცოდნის მიღება, მიმტევებლობა. უნდოდათ, კეთილშობილი ადამიანი ვყოფილიყავი. ჩვენს ოჯახს უდიდესი სანაცნობო და სამეგობრო წრე ჰყავს, ყველა დაადასტურებს, რომ ფიფიებს სიკეთის მეტი არაფერი უკეთებიათ, მაგრამ ასეთი თავზარდამცემი ამბები დაემართა ჩვენს ოჯახს... როგორც იტყვიან, უფალს საუკეთესოები მიჰყავსო...
ჩემი ძმის შემდეგ დედაც სახლში ჩაიკეტა. ჩემი მშობლები ერთმანეთის სიყვარულით გამოირჩეოდნენ... მამაჩემი ყველაფერს აკეთებდა, რომ ტრაგედია ერთად გადაეტანათ და ცხოვრება გაეგრძელებინათ...
ამდენი წელი გავიდა, ახალი თაობა წამოვიდა და სხვადასხვა კლინიკაში რომ მიწევს მისვლა, ჩემს გვარს რომ იგებენ ახალგაზრდა ექიმები, მეკითხებიან - გოგას შვილი ხომ არ ხართ? დიახ, ვარ და მეამაყება!