ავტორი:

"რუსულ-სომხური ბიზნესი მოდის... ასე გააგრძელეთ ბატონო ბჟანია, ძალიან "ეროვნული" გეგმები გქონიათ" - აფხაზეთში რუსები ტურისტულ კომპლექსს აშენებენ

"რუსულ-სომხური ბიზნესი მოდის... ასე გააგრძელეთ ბატონო ბჟანია, ძალიან "ეროვნული" გეგმები გქონიათ" - აფხაზეთში რუსები ტურისტულ კომპლექსს აშენებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რეგიონი ინვესტორების მოზიდვას იწყებს. მისივე თქმით, სოფელ ტამიშში მსხვილი ტურისტული ობიექტი შენდება, რაც აფხაზეთში ტურიზმის განვითარების მიმართულებით პირველი ნაბიჯი იქნება. საუბარია რუსულ ტურისტულ კომპანია "ბიბლიო გლობუსის" პროექტზე, რომლის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო.

ბჟანიამ თავად დაათვალიერა ობიექტი სოფელ ტამიშში და პირობა დადო, რომ დაეხმარება ინვესტორებს ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში.

"სხვა გზა არ გვაქვს, უნდა შევქმნათ კომფორტული გარემო, რათა ინვესტორს მოუნდეს მეტი და მეტი ინვესტიცია ჩადოს ჩვენს ქვეყანაში. ალტერნატიული ინვესტიციები არ იქნება"- განაცხადა ასლან ბჟანიამ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.

"სოფელ ტამიშში, 150 კოტეჯის მშენებლობა იგეგმება. თითოში ორი-სამი ტურისტი იცხოვრებს. იგეგმება სპორტული კომპლექსის, საბავშვო მოედნებისა და აუზების მოწყობა... სამშენებლო სამუშაოებზე 50-მდე ადამიანი, ძირითადად, ადგილობრივები არიან დასაქმებული" - წერს აფხაზური მედია.

ოკუპირებულ რეგიონში მასშტაბური ტურისტული კომპლექსის მშენებლობას უკვე მოჰყვა განსხვავებული მოსაზრებები. ადგილობრივების თქმით, ეს პირველი შედეგია ბჟანიას მოსკოვში ვიზიტისა, რომლის ფარგლებშიც, უძრავი ქონების უცხოეთის მოქალაქეებზე მიყიდვის დაწყება გარდაუვალია, რადგან ტამიშის კომპლექსის დეტალებს არავინ ამხელს.

ადგილობრივები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ კარგი იქნება, ხელისუფლებამ თავად მოსახლეობას შეუქმნას კომფორტული პირობები, რომ მათ მოსამსახურეებად მუშაობამ არ მოუწიოთ და მდიდარი ბუნების დამსახურებით, თავად შექმნან დოვლათი.

"რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ელჩმა გამოთქვა შიში, რომ აფხაზეთში კრიმინოგენული ვითარება იძაბება და თუ ასე გაგრძელდა, ცუდად აისახება ინვესტორებზე, რაც ეკონომიკის მეტ სტაგნაციას გამოიწვევს... ეს მთავარი მოკავშირეობის ფონზე, რაღაცას მიანიშნებს, რაღაც სახიფათოს, ვიდრე წინა წლებში გვქონდა... აფხაზეთის მოსახლეობას დიდი ხანია არ სჯერა კერძო ბიზნესის განვითარების, მით უფრო კოვიდ-პანდემიის ფონზე და "ვარდისფერი ილუზიაა" ის, რომ აფხაზეთის ბიუჯეტს რუსი ტურისტები შეავსებენ" - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი abkhaz-auto.ru-ს სტატიის კომენტარებში.

"ბიზნესი ომია, ომში კი ძლიერი იმარჯვებს, ჩვენს ქვეყანაში კი, ძლიერი ვინც არის კი ვიცით, თანდათან, მაგრამ შეუფერხებლად აკეთებს იმას, რაც სურს... ამიტომ არ მჯერა, რასაც ჩვენი ხელისუფლება გვეუბნება, რომ გზა, რომელსაც ის ახლა გვთავაზობს, საუკეთესოა..." - წერს გარი გიცბა.

"ამიტომ ეზიდებიან ტამიშისკენ ხრეშს და ქვას, შეუბრალებლად ჩეხენ ხეებს და მდინარეებიც ამიტომ დააშრეს? საერთოდ, რამე კანონი არსებობს, რის მიხედვითაც გაზიდეს ყველანაირი ბუნებრივი რესური? თუ ვინც უფრო მეტი გავლენებით სარგებლობს, მოგებულიც რჩება?

იმაზეც გვაქვს კითხვები, რატომ იწვოდა უნიკალური ფიჭვის ტყე-პარკი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრაში, რატომ განადგურდა ტყეები გულრიფშში, ეშერაში, ოჩამჩირეში, გუდაუთასა და ტყვარჩელში... რუსულ-სომხური ბიზნესი მოდის! აქ ხომ ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია, რადგან დენი, ფაქტობრივად, უფასოდ აქვს, სამაგიეროდ, ჩვენ გვთხოვენ დენის საფასურის გადახდას, არადა, მოსახლეობა მხოლოდ რუსული პენსიის იმედზეა... ასე გააგრძელეთ ბატონო ბჟანია, ძალზე "ეროვნული გეგმები" გქონიათ" - მიაჩნია რუსლან ჯალაღონიას.

ინტერნეტ-კამათში ჩართული რუსი ინტერნეტმომხმარებლები კი წერენ, რომ არ ესმით, აფხაზების აგრესია. ერთ-ერთი მათგანის, ირინა ჩისტიაკოვას მოსაზრებით, "აფხაზეთი, თავისი თანამედროვე მდგომარეობით საერთოდ არ აღძრავს არავითარ ინტერესს, რადგან უბრალოდ ერთი მივიწყებული, ჩიხში შესული ტერიტორიაა. ადამიანები ცხოვრობენ იმით, რასაც შოულობენ და ერთადერთი რაც დეგრადირებული არაა - ეს მისი ბუნებაა. რაც შეეხება, სახელმწიფოს, ამის არავითარი ნიშნები არ არსებობს და არც ინვესტორების ნდობას და ინტერესს იწვევს..."

მსგავს კომენტარებს აფხაზების უკიდურესი გაღიზიანება მოჰყვა. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც რუსებს მადლობას უხდის გულწრფელობისთვის - "დიახ, თქვენ ხომ ხალხი და სახელმწიფო არაფერში გჭრდებათ, მხოლოდ ჩვენი ბუნება გაინტერესებთ. დიდი მადლობა სიმართლისთვის".